ორჯერ არ გამიმართლა, არ დავნებდი ბედს, მესამედ გავთხოვდი და უბედნიერესი ქალი ვარ
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 27.11
ბევრისგან გამიგია, ბედში ერთხელ თუ არ გაგიმართლა, მეორეჯერ სცადე და თუ მაშინაც კრახი განიცადე, დანებდი – ესე იგი, ასე გეწერაო.
მართალია, რთულია, როცა არ გაგიმართლებს ერთხელ, ორჯერ... საშინელ სტრესს მიიღებ და თითქოს, საკუთარ თავში, ხასიათსა თუ შემგუებლობაში ეჭვი გეპარება, მაგრამ ასე არ არის. ორჯერ გავთხოვდი, არ დამიზოგავს ჩემი თავი, რომ ერთგული, თბილი და მოსიყვარულე ცოლი და მეოჯახე ქალი ვყოფილიყავი, მაგრამ არ გამოვიდა. რაღაც პერიოდი, თითქოს დავნებდი, ვიფიქრე: ადამიანი ყველაფერში ვერ იქნები წარმატებული და იღბლიანი, მაქვს განათლება, კარგი სამსახური, შვილი – პირველი ქორწინებიდან, რომელიც სამყაროს მირჩევნია და ალბათ, გათხოვება და გვერდით მამაკაცის ყოლა არ წერია ჩემს ბედისწერაში-მეთქი. თუმცა, ყოველთვის ოპტიმისტი ვარ და არასოდეს მიფიქრია, რომ ჩემს ცხოვრებაში რამე ცუდი ან უიღბლო მოხდებოდა. ყოველთვის მჯეროდა, რომ ოდესღაც ჩემთვისაც გამოჩნდებოდა ის ერთი ადამიანი, ნათელი წერტილი, რომელსაც დავეყრდნობოდი, გავყვებოდი და ცხოვრების ბოლომდე ბედნიერი ვიქნებოდი. სხვათა შორის, ჩემმა სამეგობრო წრემ ამაში დიდი როლი ითამაშა და დღეს თუ დაოჯახებული ვარ და გვერდით მყავს ქმარი, მათი დიდი დამსახურებაა. რომ ვიტყოდი: ბედი არ მქონია და კაცისკენ აღარ გავიხედავ-მეთქი, მეჩხუბებოდნენ. მეუბნებოდნენ, რომ არ გაგიმართლა, ეს იმას არ ნიშნავს რომ არ გამოჩნება კაცი, რომელიც გაგაბედნიერებს. აღარ თქვა ასეთი რამ. შვილი გყავს, წარმატებული ქალი ხარ პროფესიულად და რაც შენ სიკეთე გიკეთებია, ღმერთი არ დაგტოვებს პირადი ბედნიერების მიღმა, აუცილებლად გამოჩნდება ვინმე. ბედს ნუ ეწუწუნები, ცუდად არ მოგიბრუნდესო. მართლები იყვნენ. სრულიად შემთხვევით, როცა სულ არ ველოდი, ისე გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში მამაკაცი, რომელმაც ჩემი მთელი ცნობიერება და შეხედულებები შეცვალა, გამაბედნიერა და მის გვერდით თავს, როგორც არასდროს, ისე დაცულად და მშვიდად ვგრძნობ. მასაც ჰქონდა ოჯახი, შვილებიც ჰყავს, მაგრამ ცოლს გაშორებული იყო როცა გამიცნო და ურთიერთობა დავიწყეთ, მისი ერთადერთი თხოვნა იყო, მის შვილებზე არ მეეჭვიანა, არ დამეშალა მათთან ურთიერთობა, არ ჩავმდგარიყავი მათ შუაში და არასოდეს გამომეთქვა პრეტენზია. დღეს კი მისი შვილები და ჩემი გოგონა და-ძმასავით არიან. ფაქტობრივად, ჩემს დედისერთა შვილს ორი დამცველი ძმა გამოუჩნდა და ესეც უფლის საჩუქარია. ჩემთვის კი მესამედ გათხოვება ნამდვილი მოულოდნელობა, სიურპრიზი და ჯეკპოტი იყო სამყაროსგან. ამ ადამიანმა ყველაფერი მომცა და მაჩუქა, დაწყებული სულიერიდან, მატერიალურით დამთავრებული. მის ყოფილ ცოლთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს და ხშირად არა, მაგრამ ვკონტაქტობთ ხოლმე. ახლა რომ ჩემს განვლილ წლებს გადავხედავ, ვნანობ იმ ცრემლიან თვალებს და უძილო ღამეებს, რაც გამოვიარე. არასოდეს მივცემივარ უიმედობას, მაგრამ გული მტკიოდა, რომ ვიყავი მიტოვებული ორი მამაკაცისგან, რომლებიც ჩემს სამყაროში შემოვუშვი, ჩემი მეორე ნახევარი ვუწოდე. მათ კი ჩემს შესანარჩუნებლად არცერთი ნაბიჯი არ გადმოდგეს. არა უშავს, ღმერთი მოწყალეა და ყველაფერს ხედავს. მე დღეს ბედნიერი ოჯახი მაქვს, ისინი კი, როგორც ვიცი, საკმაოდ რთულ მატერიალურ მდგომარეობაში არიან. ნიშნის მოგებით არ ვამბობ, მაგრამ ნამდვილად შემეძლო მათი გაბედნიერება, მაგრამ არ მოინდომეს. ამიტომ, ვინც დღეს მაფასებს, ვუყვარვარ და ხელისგულზე მატარებს, მეც მისთვის ვიარსებებ.
ფიქრია, 38 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





