გულახდილი საუბრები

ნამდვილი დედობა დედამთილმა გამიწია

№11

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 27.03

გარიგებით გათხოვება
დაკოპირებულია

ტკბილი ბავშვობა ნამდვილად არ მქონია. სულ მშურდა იმ ბავშვების, დედები რომ ეფერებოდნენ, დაასეირნებდნენ, კოცნიდნენ და გულში იხუტებდნენ. დედამ ადრეულ ასაკში გამაჩინა. ჩემი დაბადების მერე გაიგო, რომ აყვანილი იყო და გამზრდელი მშობლების მიმართ აგრესია დაეწყო. დედაჩემი სკოლის კრებაზე მოსულიც კი არავის უნახავს. ფაქტობრივად, ბებია და ბაბუა მზრდიდნენ, დედას კი იშვიათად ვხედავდი. მამაჩემს რომ გაშორდა, ერთი წლისაც არ ვიყავი. იმის მერე აიშვა, ხან ვის აეტორღიალა, ხან - ვის. გზას ისე ასცდა, ოჯახმა კი არა, მთელმა სანათესაომ მოიძულა. არც მამა მახსოვს, არასოდეს მოუკითხავს და ასე ვიზრდებოდი დაჩაგრული, ობოლი ბავშვივით. მართალია, ბებია და ბაბუა არც მოფრებას მაკლებდნენ და არც კოცნას, მაგრამ ისინი უკვე ასაკში იყვნენ და არ შეეძლოთ ჩემი ბავშვური ოცნებების ახდენა, თუნდაც სადმე დიდხანს გასერინება, თეატრში ან კინოში წაყვანა და ასე შემდეგ. სათამაშოებიც ცოტა მქონდა და ძირითადად, ის, რაც არ მინდოდა. სხვას, პენსიით ფიზიკურად ვერ მიყიდდნენ, რადგან ფული საჭმელში ძლივს ჰყოფნიდათ. ჩასაცმელს კი ნათესავები მჩუქნიდნენ ან მეზობლები, თავის შვილებს რომ დაუპატარავდებოდათ. ასე იყო თუ ისე, გავიზარდე. სკოლას რომ ვამთავრებდი, უმაღლესში ჩაბარება მინდოდა, მაგრამ ვიცოდი, გამოცდებს მომზადების გარეშე ვერ ჩავაბარებდი, გული დამწყდებოდა და ამიტომ, მუშაობის დაწყება ვამჯობინე. არ დამავიწყდება, ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა მაღაზიაში, დედაჩემი შემოვიდა ვიღაც კაცთან ერთად და რომ დამინახა, გაუკვრიდა: აქ რა გინდა? მუშაობა დაიწყეო? ერთი სიტყვით, არც მოკითხვა, არც რა გიჭირს, არც რას აპირებ სკოლის დამთავრების მერე. მისი სტიქია კაცები იყო და დღემდე ასეა - ხან ვისთან ცხოვრობს და ხან ვის გვერდით ვხედავ. სახლში, იშვიათად შემოივლის და მისი ვიზიტი ყოველთვის მშობლებთან კამათით სრულდება. მე ან სახლში არ ვხვდები, ან თუ ვარ, არც ვეკონტაქტები. ღმერთმა ბებია და ბაბუა მიცოცხლოს დიდხანს, მხოლოდ ამას ვევედრები უფალს.

სულ რაღაც სამი თვეა რაც გავთხოვდი. ჩემი მეუღლე მაღაზიის დისტრიბუციაში მუშაობს და რომ გავიცანი, მალევე გავყევი ცოლად. იმის გარდა, რომ მშრომელი ბიჭი იყო, ზდილობიანი, ყურაღებიანი და კულტურული, მის შესახებ მეტი არაფერი ვიცოდი. ესეც საკმარისი იყო ჩემთვის, რომ შემყვარებოდა. ახალ ოჯახში უსაყვარლესი დედამთილი დამხვდა. დედისგან რაც სითბო არ მიგრძნია, მისგან ვგრძნობ. სულ მეფერება, მეხუტება, კალთაში მისვამს. არასოდეს გამოუთქვამს პრეტენზია, რომ უვარგისი დედის შვილი ვარ, მამამაც მიმაგდო და დამტოვეს მოხუცი ბებია-ბაბუის იმედად. ქალიშვილი ჰყავს და მისგან არ მანსხვავებს. რასაც მისთვის ყიდულობს, მეც – იმავეს ან უფრო მეტს. როგორ არ დავაფასო ასეთი ადამიანი, როგორ არ დავუძახო „დედა“ და როგორ არ ვიყო მისი მადლიერი. ჩემი ქმარი კვირაში ერთხელ ყველაფერს ყიდულობს და ჩემს ბებია-ბაბუასთან ააქვს, არც საჭმელს აკლებს და არც სასმელს. მეც ხშირად მივდივარ, ვრჩებით კიდეც მათთან, თავი მარტო რომ არ იგრძნონ. ეს ადამიანი რომ არ შემხვედროდა, არ ვიცი, როგორ გავაგრძელებდი ცხოვრებას. ან ჩემს ქმარს ასეთი დედა რომ არ ჰყოლოდა და ამრეზად შემოეხედა ჩემთვის, ალბათ, თავს მოვიკლავდი. ზუსტად ვიცი, ამ ადამიანების გვერდით არაფერი გამიჭირდება, არც სადარდებელი მაქვს რამე. დედაჩემს არ ვიცი, რა ეშველება, მაგრამ ჩემს გამზრდელ ბებია-ბაბუას, დედამთილსა და მულს თან გადავყვები. სამწუხაროდ, მამამთილი გარდაცვლილია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისიც ამათნაირი კეთილი და სათნო იქნებოდა და ისიც შვილივით მიმიღებდა.

თაკო, 20 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა