ნამდვილად არსებობს თუ არა ჯადო და რატომ აბრალებს ზოგიერთი ქალი მას ოჯახის დანგრევას
ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 16.08
ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ოჯახი იმდენად ცოცხალი ორგანიზმია, ვერანაირ ჩარჩოში ვერ ჩასვამ. რამდენი წყვილიც არის, ოჯახური თანაცხოვრების იმდენი ვერსია არსებობს. თუმცა, არიან წყვილები, რომლებიც ანგრევენ სტერეოტიპებს. რამდენი წყვილიც არსებობს, ზუსტად იმდენი ღალატისა და სიყვარულის ისტორიაა. დღემდე არიან ისეთებიც, რომლებსაც სჯერათ ჯადოების, გათვალვების, შელოცვების... მიაჩნიათ, რომ ამ ყველაფერს დიდი ძალა აქვს და ნამდვილად შეუძლია ბედნიერების დანგრევა.
მანანა (47 წლის): ძალიან ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, მოვყვე ჩემი ამბავი. ლამის გამოუვალ მდგომარეობაში ვარ. მინდა, ოჯახი შევინარჩუნო და ვიღაც კუდიანი კახპის გამო არ დამენგრეს.
– მეუღლემ გიღალატათ?
– რა ჩვეულებრივი ამბავია, არა? რეალურად არაა ასე მარტივად საქმე. კარგ, ლამაზ ქალს ოჯახი თუ დაენგრეოდა, მისი ახლობლები სხვასთან გაქცეულ ქმარზე იტყოდნენ ხოლმე, ნეტავ რა აჭამა იმ ოხერმაო...
– რა „აჭამა“, ანუ ჯადოების გჯერათ?
– დიახ, მე უკვე მჯერა ამ ყველაფრის. ყოველ შემთხვევაში, ჩემთან ასე მოხდა. ოჯახში ახლობლის სახელით შემოსულმა ქალმა ჩემს ქმარს გონება დაუბინდა და ოჯახი დანგრევის პირას მიიყვანა. სამსახურში იმდენად მოუცლელი ვარ, რომ დრო შვილების მოსაფერებლად და მოსავლელად ძლივს მრჩება. ჩემი ქმარიც ძალიან დაკავებული იყო, მაგრამ რადგან საკუთარი ბიზნესი აქვს და თვითონ არის კომპანიის უფროსი, შეეძლო, ჩემზე მეტი დრო სახლში ყოფილიყო. ფაქიზი, წესრიგის მოყვარული კაცია და ერთ დღეს შემომთავაზა, არ მინდა, ასე გაწამაწიაში იყო, სჯობს, სახლ-კარის მისახედად დამხმარე ავიყვანოთო. გამიხარდა და ვთქვი, ნეტავ ეს აქამდე რატომ ვერ მოვიფიქრე-მეთქი. მით უფრო, რომ მატერიალურად არ გვიჭირდა.
– როგორც ხშირად ხდება, ალბათ, თქვენც ახლობლების რეკომენდაციას ენდეთ.
– თავდაპირველად გაზეთებსა და ინტერნეტში დავიწყე სასურველი კანდიდატურის ძებნა. რამდენიმე მოვიდა, მაგრამ თითქოს რაღაც ჩამძახოდა, სულ უცხო ქალი სახლში როგორ უნდა შემოუშვაო... მოკლედ, დავიტანჯე და ისევ ახლობლებში ვიკითხე, ვინმე კარგი ქალი ხომ არ გეგულებათ-მეთქი. მალე ერთმა ახლობელმა დამირეკა: გერმანიაში ნამუშევარი გოგოა, დამლაგებელიც იყო, ძიძაც. ხომ იცი, ევროპული გამოცდილება ყველაფერში კარგია და შენთანაც ივარგებსო. რამდენჯერმე თვითონ ჰყოლია სახლის დასალაგებლად მიყვანილი და კმაყოფილი იყო. დავიბარე ეს გოგო. ვენდე ახლობლის რეკომენდაციას, თან ღირსეულად ეჭირა თავი.
– ეჭვიანობა როდიდან დაიწყეთ? მაპროვოცირებელი რა იყო?
– თავიდან ეჭვის მსგავსი არაფერი გამივლია გულში, მაგრამ დაახლოებით, სამი კვირის შემდეგ, რაღაცამ გამკრა გულში, არ მომეწონა ის, რომ მე, ჩვეულებრივ, ოფიციალურად მომესალმა, ჩემი ქმარი კი შინაურულად მოიკითხა. ისიც უჩვეულოდ ლაღად, მეგობრულად შეხვდა. სანამ სახლიდან გავიდოდი, მესმოდა, როგორ ეკითხებოდა ქალბატონი, დღეს რომელი პერანგი გაგიმზადო, საღამოს რა დაგახვედრო, რას შეჭამო. იმ ქალის საქმე არ იყო არც ჩემი ქმრის პერანგების შერჩევა და არც სადილ-ვახშმის მომზადება. ვიფიქრე, შევალ და ვალდებულებებს შევახსენებ-მეთქი, მაგრამ იმ დღეს გადავიფიქრე.
– ქმარს შეატყვეთ თქვენ მიმართ გულგრილობა?
– კი. უკვე ყველაფერი თვალში და გულში საცემი იყო... მიხვდა ის ვერაგი გოგო, რომ გავაგდებდი და დამასწრო – ბავშვის მომვლელად შემომთავაზეს მუშაობა, უკეთესი პირობებია და იმედია, წინააღმდეგი არ იქნებით, რომ წავიდეო. ვიფიქრე, რადგან თავისით მიდის, ჯანდაბას-მეთქი...
შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ მისი წასვლის შემდეგ სახლის დალაგებისას ქვეშაგებლებიდან, კარადებიდან თმის, თივის, ფოთლების პატარა შეკვრები და უცნაურად ნაწერი ქაღალდები გამოვიღე. უზომოდ შემეშინდა. ვთქვი, დავწვათ-მეთქი. ჩემი ახალი დამხმარე ეკლესიურად ცხოვრობს და მითხრა, ეკლესია გირჩევს, რომ დიდ წყალს გაატანოო. ერთად წავედით და ყველაფერი მტკვარში გადავყარე. მერე თავიდან გადმოვატრიალეთ მთელი სახლი, თუ სადმე რამე საეჭვო კვალი ვნახეთ, ყველაფერი ჯერ ვხეხეთ და ვრეცხეთ, მერე ნაკურთხი წყალი მოვასხით.
– თქვენი ქმარი როგორ იქცეოდა ამ დროს?
– საშინლად გაცეცხლდა და მეჩხუბა, ის გოგო რატომ გააგდეო. ერთი ამბავი ატეხა და ამითაც არ დამთავრებულა ყველაფერი. გავიგე, რომ რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს. ჩვენი შვილები ჩაერივნენ საქმეში – სერიოზული როლი ითამაშეს და ჩემი ქმარი ჯერ კიდევ ჩემთანაა. თუმცა, საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა გვაქვს. მე ეჭვიანობა სენად მექცა და ალბათ, ბოლოს მომიღებს. არადა, მინდა, ოჯახი შევინარჩუნო და ვიღაც კუდიანი კახპის გამო არ დამენგრეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან