გულახდილი საუბრები

მოძალადე და მოღალატე ქმრის გვერდით მიწევს ცხოვრება, მაგრამ წასასვლელი არსად მაქვს

№34

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 31.08

35 წლის ქალი
დაკოპირებულია

წლებია, ჯოჯოხეთში მიწევს ცხოვრება, მოძალადე და მოღალატე ქმრის გვერდით. არადა, ოჯახი სიყვარულით შევქმენი, კარგი ცოლიც ვიყავი, მზრუნველი მეუღლე და კარგი გაგებით, თითით საჩვენებელი ოჯახიც მქონდა. ორი შვილი გვყავს და ისინი მეცოდებიან, ჩემზე რომ აღარაფერი ვთქვა, ასეთ სტრესულ გარემოში რომ უწევთ ცხოვრება და ყოველდღიურად მამის უსაქციელობას უყურებენ. მათ გამო ბევრ დათმობაზე მივდივარ, მაგრამ მეც ხომ ადამიანი ვარ.

მარიამი, 35 წლის: უბრალოდ, წასასვლელი არსად მაქვს, თორემ ასეთი ქმრის გვერდით ერთ დღესაც არ გავჩერდებოდი, მოვკიდებდი ჩემს შვილებს ხელს და გავეცლებოდი ამ ჯოჯოხეთს. დაქორწინებინდან ზუსტად ხუთ წელში შეიცვალა ჩემი ოჯახური თანაცხოვრება. ეს მაშინ მოხდა, როცა ფული იშოვა. ქალს ქალზე იცვლიდა და თუკი რამეს შოულობდა მათ ახარჯებდა. ოჯახში მხოლოდ საჭმლის ფულს ტოვებდა და იმის იქით, თუ რამე გვჭირდებოდა, სულ არ ანაღვლებდა. ღალატს კიდევ ავიტანდი, მაგრამ ჩემზე ძალადობა დაიწყო, აგრესიული გახდა, ყველა წვრილმანზე მაგინებდა და შეურაცხყოფას მაყენებდა. საფლავში არ დამიტოვა მკვდარი და დედამიწაზე – ცოცხალი. საწყალი ჩემი გარდაცვლილი მშობლები, ალბათ, საფლავში ტრიალებენ. ისინი რომ ცოცხალი მყავდნენ, რა მიჭირს. მძიმე სენით დამიავადდა ორივე, ჩემი სახლი გავყიდე და ფული მათ მკურნალობას მოვახმარე. თორემ, ახლა რომ ჩემი ბინა მქონდეს, ამის გვერდით ერთ დღესაც არ გავჩერდებოდი. ჩემი მეგობრები გვერდით მიდგანან, მამხნევენებ, მაგრამ სხვა რა შეუძლიათ. ბავშვები მეცოდებიან. მამა რომ სახლში მოდის, ოთახში იკეტებიან, იციან, უნდა მეჩხუბოს და თან, უმიზეზოდ. ვცდილობ, მათ არ დავანახვო ჩემი ტკივილი და განცდა, მაგრამ ცრემლიან თვალებს სად დამალავ ადამიანი? ერთი პერიოდი, სუიციდიც კი ვცადე. ისე გადამიყვანა ჭკუიდან, ვიფიქრე, თავს მოვიკლავ და გავთავისუფლები-მეთქი. მაგრამ, ისევ შვილებზე ფიქრმა შემაჩერა. მათ, უპატრონოდ ვერ დავყრიდი ან ვის იმედად? ერთი სიტყვით, გამოუვალ მდგომარეობაში ვარ. სანათესავომაც იცის ეს ამბავი, მაგრამ ყველა გაჩუმებულია, არავისგან არ მიგრძნია მხარდაჭერა. ერიდებიან ოჯახურ ამბებსა და ურთიერთობებში ჩარევას. დედმამიშვილი ერთი მყავდა და წლების წინ ავარიაში დამეღუპა. ჩემი ძმა რომ ცოცხალი იყოს, ვიცი, ის გამიგებდა, რა ყოფაშიც ვარ და გვერდით დამიდგებოდა. მაგრამ, ამაშიც ბედი არ მქონია. ერთადერთი, რაც მაცოცხლებს და იმედს მაძლევს, ჩემი შვილებია. კარგად სწავლობენ, ცხოვრებაში მიზანიც აქვთ და ყველაფერს გავაკეთებ, ამ მიზნისკენ გზა შევუმსუბუქო და მხარში დავუდგე. ხანდახან, ტელევიზორს რომ ვუყურებ და ქალები თავისი გაუსაძლისი ცხოვრების შესახებ ჰყვებიან, ზუსტად მესმის მათი. არაერთი შემთხვევა იყო, მოძალადე ქმარს ცოლი რომ მოუკლავს, მაგრამ იმედია, ასე არ გადავა ჭკუიდან. მეზობელმა ისიც კი მითხრა, ძალადობის დროს პოლიციაში დარეკეო, მაგრამ თავს ვიკავებ, მერიდება. მრცხვენია საქვეყნოდ ჩემი უბედურების გამოაშარავება. თუმცა, ფაქტია, ყველა ჩემმა ახლობელმა, მეზობელმა თუ მეგობარმა იცის. ბავშვებს სახლში მეგობარი ვერ მოუყვანიათ. მეუბნებიან: დედა, გვეშინია, მეგობარი რომ მოვიყვანოთ, მაშინ არ მოვიდეს მამა და არ დაგიწყოს ჩხუბიო. მათაც, თავმოყვარეობა აქვთ. ამიტომ, თვითონ დადიან ხოლმე მეგობრების სახლში. ფაქტია, შვილებს უდიდეს სტრესს ვაყენებ ჩემი უმოქმედობით, მაგრამ რა გავაკეთო? ქუჩაში ხომ არ ვაცხოვრებ? სადამდეც შევძლებ, გავუძლებ და მერე აღარ ვიცი რა იქნება. რაც ასაკი ემატება, უფრო აგრესიული ხდება. მთავარია, შვილები გზაზე დავაყენო და მერე ჩემი თავი ჯანდაბას. ალბათ, ეს ყოფილა ჩემი ჯვარი, რომელიც უნდა ვზიდო – მოვითმინო მოღალატე ქმრის გვერდით ცხოვრება, შეურაცხყოფა, გინება, ძალადობა და მხოლოდ შვილებისთვის ვიცოცხლო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

2-8 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი