მეზობელს სამაგიერო გადავუხადე და ქმარი წავართვი
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 25.05, 2023 წელი
ბოროტი არასოდეს ვყოფილვარ და მით უმეტეს, არასოდეს ჩავრეულვარ სხვის ცხოვრებაში, არც არავინ განმიკითხავს და არც არავისზე მიჭორავია.
სულ იმას ვამბობდი, ცხოვრება ბუმერანგია, რასაც კოსმოსში გაუშვებ, იგივე დაგიბრუნდება-მეთქი. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მჯერა, მწამს და ასეც ხდება ხოლმე. ერთი სიტყვით, წლების წინ, ქმარს გავშორდი და დავიწყე დამოუკიდებელი ცხოვრება. მიზეზი ურთიერთობის გაციება იყო, მივხვდით, ერთმანეთი აღარ გვიყვარდა და ჩვენი თანაცხოვრება, ქორწინება შეცდომა იყო. გადაწყვეტილება ორივემ ერთობლივად მივიღეთ და ცივილიზებულად დავშორდით. რასაკვირველია, ქალი ვარ და მინდოდა, გვერდით მამაკაცი მყოლოდა, რომელიც მეყვარებოდა და ინტიმური ცხოვრების გარდა, მასთან სიყვარული და მეგობრული ურთიერთობა დამაკავშირებდა, თუმცა გათხოვება ნამდვილად აღარ მქონდა გადაწყვეტილი. მართლაც, გამოჩნდა ერთი ადამიანი, ეროვნებით თურქი, რომელსაც საქართველოში ბიზნესი ჰქონდა. ის ჩემთან გადმოვიდა საცხოვრებლად და ერთ ჭერქვეშ დავიწყეთ ცხოვრება. იმ კაცს ცოლ-შვილი ჰყავდა თურქეთში, თუმცა, მე ეს ხელს არ მიშლიდა და არც მას უქმნიდა ბარიერს. ერთი ჭორიკანა მეზობელი ქალი მყავდა, ენას იფხანდა ჩემზე ჭორაობით. მეზობლებს ისეთებს უყვებოდა ჩემზე, მეც რომ არ დამესიზმრებოდა. არადა, ხშირად მოდიოდა ჩემთან, მიღიმოდა, კეთილგანწყობას იჩენდა და ზურგს უკან, ისეთებს ჰყვებოდა და იგონებდა, ყურს რომ არ გაეგონება. განსაკუთრებულად, კარის მეზობელ ლია დეიდასთან მქონდა კარგი ურთიერთობა. მართლა დედასავით მყავს ეს ქალი და სწორედ მისგან შევიტყვე, იმ ქალბატონის ენაჭარტალობის ამბავი. ძალიან გავბრაზდი და დავეტაკე. ვუთხარი: რას მოგიღია პირი და ჭორაობ? შენ წაგართვი ქმარი თუ სახლში შემოგეჭერი? რა გინდა, რას ერევი ჩემს ცხოვრებაში, რა შენი საქმეა, ვისთან ვიქნები და ვისთან არა. ისე არ ქნა, იქით არ გაიხადო საჭორაოდ თავი, მიფრთხილდი-მეთქი. გეფიცებით, იმ წუთას ნამდვილად არ მიგულისხმია რაიმე კონკრეტული. უბრალოდ, ის ჩავურტყი, ასაკით პატარა კაცი რომ ჰყავდა ქმრად და პირველი ქმრის შვილს აზრდევინებდა. მოკლედ, გავიდა რაღაც პერიოდი და ისევ არ მოეშვა ლაქლაქს. კიდევ მომიწია მასთან დაპირისპირება და სწორედ მაშინ, მისი ქმარი გამომესარჩლა და დამიცვა. მოჰკიდა ხელი და სახლში ჯუჯღუნით აიყვანა. მესმოდა, სახლშიც როგორ გაგრძელდა მათი კამათი და ბოლოს კარი გაიჯახუნა ქმარმა და წავიდა. ერთ კვირაზე მეტი არ ჩანდა არც ქმარი და არც ცოლი. ლია დეიდასგან გავიგე, თურმე დიდი ხანია სერიოზულად ყოფილა დაძაბული მათ შორის ურთიერთობა და მე ვიყავი ბოლო საბაბი, რის გამოც ოჯახის დანგრევამდე მივიდა საქმე. ერთ საღამოსაც, კარზე ზარია, გავაღე და იმ ჭორიკანა ქალის ქმარი დგას. კი გამიკვირდა, ვიფიქრე, რა უნდა-მეთქი, მაგრამ სახლში შემოვიპატიჟე. ბოდიშის მოსახდელად იყო მოსული, თავის ცოლი რომ ვერ დააკავა და იმან კი, ათასი სისულელე მაკადრა და უშვერი სიტყვებით მლანძღა. შემდეგ ლაპარაკი გამიბა: ყოველთვის მომწონდი, კარგი გოგო ხარ და შენს საყვარელსა და შენზე რომ ჭორაობდნენ ქალები, გული მწყდებოდა - ისეთი ქალი ხარ, ოჯახი უნდა გყავდეს, გვერდით მოსიყვარულე ქმარი... ეს თურქი, როდის დაკრავს ფეხს და გაიქცევა თავის ცოლ-შვილთან, არავინ იცის, იფიქრე მომავალზეო. მართლაც, ისევ ბოდიში რომ მომიხადა და წავიდა, მერე დავფიქრდი ჩემს ცხოვრებაზე. ბევრი რომ არ გავაგრძელო, რამდენიმე წელში, თურქ მამაკაცს დავშორდი, ჩემი მეზობლის ჭორიკანა ქალი ქმარმა მიატოვა და დღეს ის ჩემი მეუღლეა. მართალია, არც კი მიფიქრია მეზობლისთვის ქმრის წართმევა, მაგრამ კიდევ ვამბობ, კოსმოსმა დაუბრუნა ის, რაც მე მისურვა. მე ისევ იქ ვცხოვრობ, ჩემს ახალ ქმართან ერთად. იმ ქალბატონმა კი გაყიდა ბინა და გარეუბანში გადაცხოვრდა. ყველა იმას კარგავს და იმას იღებს, რაც ეკუთვნის.
მანჩო, 38 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან