მეორედ მხოლოდ იმიტომ გავთხოვდი, რომ ბავშვს მამა ჰყოლოდა
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 02.11

ჩემი პირველი ქორწინება საშინელი ფაქტით დასრულდა: ქმრის მეგობარ ბიჭს იარაღი გაუვარდა და საყვარელი მამაკაცი ჩემ თვალწინ მომიკლა.
მაშინ ორსულად ვიყავი. ცა ჩამომექცა თავზე. არ არის რთული წარმოსადგენი, რა დღეში ჩავვარდებოდი. იმ ძმაკაცისთვის არ მიჩივლია, ბავშვობის მეგობრები იყვნენ, შემთხვევით გაუვარდა იარაღი და თავადაც საშინელ დღეში იყო. მე არ მიჩივლია, მაგრამ ჩემი მეუღლის მშობლებმა ჩვენება მისცეს და ის ბიჭი ციხეში ჩასვეს. მე საავადმყოფოში ვიწექი, გამომძიებელმა რამდენიმეჯერ მომაკითხა ჩვენების მისაცემად, მაგრამ ისეთი მდგომარეობა მქონდა, ვერც ვსაუბრობდი. სახლში ისეთი ცოდვის ტრიალი იყო, რომ ვიმშობიარე, ჩემებმა გადაწყვიტეს, იქ არ მივეყვანეთ და ბავშვთან ერთად თავისთან წამიყვანეს. რასაკვირველია, დედამთილმა ეს გააპროტესტა. მომივარდა და მაიძულებდა, წავყოლოდი. მეუბნებოდა, ახლავე მოჰკიდე ბავშვს ხელი და წამოდი სახლში, შვილი აღარ მყავს და შვილიშვილსაც მართმევო? მამამთილი აწყნარებდა, მაგრამ ვერ გადაათქმევინა. დავთანხმდი, მაგრამ იქ მისული მისმა ქცევებმა საშინელ დეპრესიაში ჩამაგდო. ისედაც ძალიან ვნერვიულობდი და მისი მოთქმა უარესს მმართებდა. ჩვილ ბავშვს დაატარებდა სასაფლაოზე. რამდენიმე კვირა გავუძელი და ბოლოს საკითხი დავუსვი: თუ გინდა, საერთოდ არ აგიკრძალო ბავშვის ნახვა, გამიშვი ჩემებთან, მეც ვდარდობ, მტკივა და განვიცდი და მაცადე, ამ ბავშვს მაინც ნუ დამისტრესავ-მეთქი. ისევ მამამთილი ჩაერია ამ საქმეში და იმ სახლიდან წამოვედი. გამიჭირდა საყვარელი მამაკაცის გარეშე, ჩვილით ხელში ცხოვრების გაგრძელება, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა. ბავშვი რომ წამოიზარდა, სულ დამყავდა მამის საფლავზე, ბებია-ბაბუასთანაც ხშირად დავდიოდით. ხშირად, როცა მის თანატოლებს ბაღში მამები აკითხავდნენ, სახეზე ვატყობდი, განიცდიდა. უნდოდა, მასთანაც მისულიყო მამა. ოთხი წლის რომ გახდა, პირველად მაშინ გადავუხადე დაბადების დღე. მანამდე, არც ნერვი მქონდა და არც განწყობა. უბრალოდ, ტორტზე სანთლის ჩაქრობით აღვნიშნავდით. იმ წელს კი ბაღის მეგობრები გასართობ ცენტრში დავუპატიჟე. ერთ-ერთ ბაღელ გოგონას ბიძამ მოაკითხა მანქანით. ატყდა ჩემი შვილი, მეც მინდა მანქანაში ჩაჯდომა, მეც ამათ წავყვებიო. უხერხულად ჩავვარდი, მაგრამ ვერ დავაწყნარე. იმ ახალგაზრდამ მითხრა: დაგელოდებით, რა პრობლემაა და ერთად წავიდეთ, სახლში მე მიგიყვანთო. გზაში გამომელაპარაკა, გამომკითხა ამბები და დამშვიდობებისას მითხრა: ჩვენ ისევ შევხვდებითო. ცოტა მეუცნაურა მისი ეს სიტყვები, მაგრამ ვითომ ვერ გავიგე. მადლობა გადავუხადე და მანქანის კარი დავუხურე. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეს ადამიანი გახდა ის მამაკაცი, ვისი დანახვაც ჩემს შვილს ყველაზე მეტად უხაროდა, ელოდებოდა და თვალები სიხარულით უბრწყინავდა. ხშირად გვაკითხავდა მის დისშვილთან ერთად და მანქანით მივდიოდით სასეირნოდ. ჩემს შვილს ისე ეფერებოდა, როგორც საკუთარ დისშვილს. ბოლოს გამიმხილა, რომ მოვწონდი და უფრო დაახლოება სურდა. არ გამკვირვებია, რადგან ჩემდამი დამოკიდებულებით ვამჩნევდი, მომავალში რასაც მეტყოდა. მის დასთანაც ახლოს ვიყავი და ერთხელ, როცა ბავშვები ბაღიდან გამოგვყავდა, ღიმილით მითხრა: ჩემი ძმა შენით აღფრთოვანებულია, ძალიან მოსწონხარ, სულ შენზე მელაპარაკება და მეკითხებაო. ერთ დღესაც კი ცოლობაც მთხოვა. უარი არ მითქვამს, უბრალოდ, დასაფიქრებლად დრო ვთხოვე. ყველაფერი კარგად ავწონ-დავწონე და გადავწყვიტე დავთანხმებულიყავი. იმიტომ არა, რომ გათხოვება მინდოდა ან ის მიყვარდა, ეს ნაბიჯი ჩემი შვილის გამო გადავდგი, რომ ჩემს ბიჭუნას გვერდით მამაკაცი ჰყოლოდა, მის გვერდით გაზრდილიყო და მამაკაცური საიდუმლოებები, რასაც მე ვერ მეტყოდა, მისთვის გაენდო. ჩემი გარდაცვლილი ქმარი მუდამ ჩემს გულში იქნება, მუდამ ტკივილად დამრჩება, მაგრამ მისი შვილისთვის ასე იყო უკეთესი და არასოდეს ვინანებ ჩემს გათხოვებას.
ნინი, 34 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან