გულახდილი საუბრები

მეორე ქმართან დამადლებულ ცხოვრებას პირველ ქმართან დაბრუნება ვამჯობინე

№39

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 03.10

35 წლის ქალი
დაკოპირებულია

ძალიან მიყვარდა ჩემი პირველი ქმარი, მისგანაც იმავეს ვგრძნობდი. ხუთი წელი ვიცხოვრეთ ერთად და ერთმანეთისთვის თბილი სიტყვის გარდა, არაფერი გვითქვამს. შვილი არ გვყავდა და ეს მისი ოჯახის წევრებისთვის ძალიან მტკივნეული თემა იყო, რასაც საბოლოოდ ჩვენი დაშორება მოჰყვა. ჩემთვის პირში არავის უთქვამს, მაგრამ ვგრძნობდი.

ერთხელ ისიც კი გავიგონე, როგორ ეუბნებოდა დედამთილი ჩემს ქმარს: ნეტავ ის გოგო მოგეყვანა, ჯარში ყოფნისას რომ გაიცანი და შეგიყვარდა. სულ ტყუილად გავიგიჟე თავი. ახლა ხომ დიდი შვილიშვილები მეყოლებოდაო. ისე მომხვდა ეს სიტყვები გულზე, როგორც ლურსმნები. ჩემმა ქმარმა კი უპასუხა: ახლა ეს მიყვარს და ძალიან გთხოვ, წარსულზე ნუღარ ვლაპარაკობთ, ღმერთი ინებებს და ჩვენც გავხდებით მშობლები და შენც მოესწრები შვილიშვილს, ნუ განიცდიო. რასაკვირველია, არც მიგრძნობინებია არცერთისთვის, რომ გავიგონე, მაგრამ ძალიან მეწყინა, მეტკინა და ზუსტად იმ დღიდან დავფიქრდი, რომ ჩემი ადგილი იქ არ იყო. ვეღარ ვიყავი ისეთი მათთან დამოკიდებულებაში, როგორც ადრე. თითქოს დანაშაულის გრძნობა მკლავდა, რომ არ ვორსულდებოდი. ექიმთან ვიყავით ცოლ-ქმარი, გვითხრა: არაფერია საგანგაშო, პატარა წამკურნალება გინდათო. ვიმკურნალეთ, მაგრამ – არანაირი შედეგი. მიუხედავად ყველაფრისა, ერთმანეთის მიმართ სიყვარული არ განელებულა. ჩვენი გაცნობის ხუთი წლისთავი რომ იყო, ჩემმა ქმარმა რესტორანში დამპატიჟა. მთელი საღამო ვერ მომიყვანა ხასიათზე. არ ვიცი, რატომ, მაგრამ გადაწყვეტილი მქონდა, ზუსტად ამ დღეს დავლაპარაკებოდი დაშორებაზე. არ მინდოდა მისი დაკარგვა, უბრალოდ, მინდოდა, ბედნიერი ყოფილიყო, ჰყოლოდა შვილები და მის ოჯახსაც გაეხარა. რომ გაიგო ჩემი აზრი, ძალიან გაბრაზდა. მომკიდა ხელი, წამომიყვანა და მთელი გზა მიმეორებდა: ეს სისულელე საიდან მოიტანე, ჩამაშხამე საღამო. თუ ჩემს გვერდით არ გინდა და აღარ გიყვარვარ, პირდაპირ თქვიო. ვუმტკიცებდი, რომ მხოლოდ მისი ბედნიერებისთვის მინდოდა ეს ყველაფერი... ახლა ვხვდები, რომ სისულელე ჩავიდინე. მერე, სულ ამაზე გვქონდა დაძაბული საუბარი. ის მეუბნებოდა, ეს როგორ გაიფიქრე, ალბათ, სხვაზე დაიწყე ფიქრიო. მე ვუმტკიცებდი, შენი ბედნიერებისთვის-მეთქი და საბოლოო ჯამში, ამ დაძაბულობამ თავისი ქნა – დავშორდით. რაღაც პერიოდი, ისევ იყო ჩემს ცხოვრებაში, ვხვდებოდით მალულად, არ გვინდოდა ოჯახის წევრებს გაეგოთ. მეხვეწებოდა: სისულელეს ვაკეთებთ, ისევ ჩემთან გადმოდი საცხოვრებლადო. ისევ ცოლად გთვლი და რა საჭიროა ეს თამაშიო. მე უარზე ვიყავი. მერე კი მოუკლო ჩემს მოკითხვებს და გავიგე, მის ცხოვრებაში სხვა გოგო გაჩნდა, ვისგანაც შვილს ელოდებოდა. ამ ამბის გაგებისას, ისეთ დღეში ჩავვარდი, ლამის თავის მოკვლამდე მივედი. გავიდა წლები, ის გოგო ცოლად არ მოუყვანია, მაგრამ 12 წლის შვილს კარგ მამობას უწევს. მე გავთხოვდი, ორშვილიან კაცს გავყევი გარიგებით და სხვადასხვა ცხოვრების გზას დავადექით. ვხვდებოდი, უსიყვარულოდ მის გვერდით ცხოვრება მიჭირდა. არც ბავშვებმა მიმიღეს, გარდაცვლილი დედის ადგილი რომ დავიკავე, მაგრამ ვითმენდი. უფრო სწორად, იქამდე ვითმენდი, სანამ არ წამომაყვედრა: ჩემს კისერზე ხარ, გაჭმევ, გასმევ, არ მუშაობ და იმდენი ვერ შეძელი, ბავშვების გული მოგეგო. ცივი ადამიანი ხარ, რამ მომაყვანინა შენი თავი, ჩემს პირველ ცოლს იოტისოდენად არ ჰგავხარო. თან, ეს ყველაფერი ბავშვების თვალწინ მითხრა. ისინი კი იცინოდნენ, მამცირებდნენ, ენას მიყოფდნენ. ეს პირველი დამცირება არ იყო, მაგრამ კულმინაცია კი – ნამდვილად. ასე იყო თუ ისე, იმ სახლიდან წამოვედი. სულ ჩემი პირველი ქმარი მენატრებოდა და გადავწყვიტე, დამერეკა და მომეკითხა. უკვე ორი წელია, ერთად ვართ. მის შვილთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს და დედამთილმაც თბილად მიმიღო. იმ წარსულ დღეებს კი, როცა ერთმანეთს ხელი ვკარით და ერთმანეთის სანაცვლოდ სხვები ავირჩიეთ, აღარც ვიხსენებთ. მართალია, ცოტა გვიჭირს ეკონომიურად, მაგრამ ბედნიერები ვართ და ერთმანეთის გვერდით ყოფნით ვტკბებით.

ხათუნა, 38 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა