გულახდილი საუბრები

მეორე ქმარი არაფერს მაკლებს, თუმცა პირველ ქმარს მივტირი

№52

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 05.01, 2023 წელი

ახალგაზრდა ქალის ამბავი
დაკოპირებულია

სტუდენტი ვიყავი, როცა გავთხოვდი. არ დამავიწყდება ის ახალი წელი. სწორედ 31-ში მიმიყვანა თავის ოჯახში და დამტოვა. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და არასოდეს მიმიქცევია ყურადღება მისი მატერიალური მდგომარეობისთვის. საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობდნენ, თუმცა ძალიან კეთილი და თბილი ადამიანები იყვნენ ჩემი დედამთილიც, მამამთილიც, მაზლიც და ქმარიც.

თავად შეძლებული ოჯახიდან ვარ, ფუფუნებაში გამზარდეს და ჩემები რომ მოვიდნენ სანახავად, გადაირივნენ. არ დამავიწყდება, დედაჩემმა გამიყვანა გვერდზე და მითხრა: ახლავე წამობრძანდი სახლში, არ მაინტერესებს მიყვარს-ვუყვარვარ, ეს სად მოხვდი. ამისთვის გზრდიდით მე და მამაშენი, რომ ასეთ სიღარიბეში ყოფილიყავი? ან ახლავე წამოხვალ, ან ჩვენი იმედი ნუ გექნებაო. გული მეტკინა, სიღარიბის გამო რომ დაიწუნეს ჩემი ქმრის ოჯახი და საერთოდ არ დაინტერესდნენ გრძნობით, რაც იმ ადამიანთან მაკავშირებდა. ერთი სიტყვით, სამი წელი გავატარე მათთან და მართლაც ძალიან გაჭირვებული ცხოვრება გამოვიარე. ხანდახან, ბავშვისთვის საჭმელი რომ მეყიდა, ჩემთვის ვიკლებდი საკვებს. ჩაცმაზე და დახურვაზე საუბარიც არ იყო. განსაკუთრებულად ზამთარში გვიჭირდა, როცა კომუნალურები იყო გადასახდელი. ხშირად, დენის და გაზის საფასურს რომ ვერ ვიხდიდით, გვიჭრიდნენ და სიცივესა და სიბნელეში ვისხედით. თუმცა, ჩემებთან არასოდეს დამიწუწუნია. თავის ნებით თუ რამეს გაიმეტებდნენ დედაჩემი და მამაჩემი, იმას ვჯერდებოდი. ერთხელ მამას ვთხოვე: რა დაგემართა, მამა, ჩემი ქმარია ბოლოს და ბოლოს, ხომ ხედავ, წვალობს და არაფერი გამოსდის, ხომ შეგიძლია სტაბილური სამსახური უშოვო და რატომ იკავებ თავს, ხომ იცი, არ შეგარცხვენს-მეთქი. და, იცით, რა მითხრა? სად გავამხილო, რომ ეს ღატაკი ჩემი სიძეაო. მაშინ, საბოლოოდ მივხვდი, ჩემი ოჯახის იმედი არ უნდა მქონოდა. მოკლედ, ბავშვი გამიხდა ცუდად და საავადმყოფოში დაგვაწვინეს. იმდენი წამლები სჭირდებოდა, სხვა გზა არ მქონდა, ისევ მშობლებს მივმართე დასახმარებლად. მოვიდნენ და კატეგორიულად დამისვეს საკითხი: იმ შემთხვევაში დაგეხმარებით, თუ იმ ოჯახში აღარ დაბრუნდებიო! რა უნდა მექნა, ბავშვს ხომ ვერ გავწირავდი სასიკვდილოდ? ვიტირე, ვემუდარე და ბოლოს დავთანხმდი. ჩემს ქმარს რომ ავუხსენი სიტუაცია, გადაირია, მითხრა: ურიის ვალს დავიდებ, არ გამოართვა შენებს კაპიკიო. თუმცა, არავინ ასესხა ფული. ასე იყო თუ ისე, მე და ბავშვს კარგა ხანს მოგვიწია საავადმყოფოში წოლა და იქიდან პირდაპირ ჩემს მშობლებთან წავედი. მართლა მიყვარდა ჩემი ქმარი და ყველაფერს აკეთებდა ჩვენთვის, მაგრამ არ ემართებოდა ხელი და ამის გამო, იძულებით გავშორდი. ჩემმა მშობლებმა სასწრაფოდ მომიძებნეს საქმრო და ზუსტად ერთ წელიწადში გამათხოვეს. ბავშვი რთულად შეეგუა ახალ გარემოს, თუმცა, ფუფუნებამ, საჩუქრებმა და სათამაშოებმა მოხიბლა და შეეჩვია. მე კი, დღემდე ვერ ვეგუები ამ ყოფას, ისევ იმ გაჭირვებაში მერჩივნა, პირველი ქმრის გვერდით რომ ვიყავი. საკმაოდ შეძლებული ადამიანია ჩემი მეორე ქმარი, არაფერს გვაკლებს, მაგრამ ვერა და ვერ შევიყვარე. უბრალოდ, პატივს ვცემ და ყველაფერს ვაკეთებ, რომ რაიმე არ ვაგრძნობინო. თუმცა, ხვდება და არაერთხელ უთქვამს: შენ არ გიყვარვარ, მაგრამ ვერც კი ხვდები, მე შენზე როგორ ვარ შეყვარებულიო. მოკლედ, დავნებდი ჩემს ბედს და უკვე თერთმეტი წელია, ამ ადამიანის ცოლი მქვია. ჩემი პირველი ქმარი დღემდე არ მელაპარაკება ამ გადაწყვეტილების გამო, თუმცა ბავშვთან კონტაქტი არ გაუწყვეტია. იმედია, ოდესმე მაპატიებს, ეს ნაბიჯი ხომ მისი შვილის საკეთილდღეოდ გადავდგი და არანაირი სხვა გრძნობა არ მაკავშირებდა. ვინ მოთვლის რამდენჯერ მიტირია მარტოდ დარჩენილს, რამდენჯერ მინატრია პირველი ქმრის გვერდით ყოფნა, მაგრამ ალბათ, არ ვიყავით ერთი ბედის. მადლობა ღმერთს, რომ შვილი მყავს მისგან, ის კი დღემდე უცოლოა.

გვანცა, 33 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი