გულახდილი საუბრები

მეგონა, ასაკით პატარა ბიჭს მართლა შევუყვარდი და თურმე, ანგარება ამოძრავებდა

№44

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 13.11

ქალის ამბავი
დაკოპირებულია

რომ ამბობდნენ, სიყვარული ბრმა არისო, მეცინებოდა. ყოველთვის იმ აზრზე ვიყავი, რომ ადამიანს ჭკუა იმიტომ აქვს, იაზროვნოს და როცა საქმე პირად ცხოვრებას ეხება გრძნობას კი არ აჰყვეს, ცივი გონებით იმოქმედოს-მეთქი. თურმე, მართლა არასოდეს არ უნდა თქვა: არასოდეს! ორმოცდახუთი წლის ასაკში ისეთი შეცდომა დავუშვი, ისე გამოვშტერდი და ამერია გონება, ეს სიყვარულისა და ვნების ბრალი კი არა, დაუფიქრებლობისა და ზედმეტი თავდაჯერებულობის ბრალი იყო, მეგონა, არ მოვტყუვდებოდი. ოცდახუთი წლის ბიჭმა რომ სიყვარული ამიხსნა, არ დავმალავ და გამიხარდა. ვიფიქრე, ეტყობა, იმდენად კარგად გამოვიყურები, ახალგაზრდა ბიჭისთვისაც სასურველი და მიმზიდველი ვარ-მეთქი. სოციალურ ქსელში გავიცანით ერთმანეთი, მერე ვიდეოთვალით ვსაუბრობდით და საბოლოოდ, შევხვდით.

ის ბათუმელია, მე – თბილისელი და რომ ჩამოდიოდა, ჯერ ძმაკაცთან რჩებოდა და მერე – უკვე ჩემთან. მასთან ურთიერთობას ვმალავდი და მთელი ექვსი თვე საყვარლები ვიყავით. იმდენად თბილად მექცეოდა, ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ მატყუებდა ან რაიმეს უგულოდ აკეთებდა. საჩურებსაც მჩუქნიდა, ყვავილებიც მოჰქონდა და თეატრში, კინოსა თუ რესტორანში, ერთად დავდიოდით. მისმა ოჯახმა იცოდა ჩემ შესახებ, ოღონც ასაკს უმალავდა. უფრო სწორად, კი არ უმალავდა, მაკლებდა და ეუბნეობდა: ოცდათექვსმეტი წლისააო. რომ მთხოვა, მეც ასე მეთქვა, ცოტა მეწყინა და ვუპასუხე: როდემდე დაიმალება-მეთქი. მოკლედ, მისმა დამ რომ გამიცნო, მაშნვე ჩამოაგდო საუბარი ასაკზე. არ მიდნოდა, ამაზე საუბრის გაგრძელება და ვცდილობდი, თემა შემეცვალა, თავი ამერიდებინა. უხერხულობაში ჩავვარდი, მაგრამ იმ საღამომ მშვიდად ჩაიარა. ვერ გეტყვით, ჩემი გაცნობით მოიხიბლა-მეთქი, სახეზე ეწერა, მისი ძმის არჩევნით უკმაყოფილო იყო, მაგრამ ალბათ, იმასაც ფიქრობდა, ამას ცოლად არ მოიყვანს, თბილისში დასარჩენი მაინც ექნება და დროებით იყოსო. ერთი სიტყვით, ვაგრძელებდი ასეთ ურთიერთობას. ცალკე ბინაში ვცხოვრობ და ჩემს ძმას და სანათესაოს ვუმალავდი მის არსებობას. ერთ დღესაც, როცა საბანაოდ შევიდა აბაზანაში, ტელეფონი მაგიდაზე დარჩა. ისე ვენდობოდი, არასოდეს მომსვლია აზრად მისი გაკონტროლება, მაგრამ იმ წუთას არ ვიცი, რა დამემართა-ავიღე, გავხსენი სოციალური ქსელი და მიმოწერებს ჩამოვყევი. თვალები შუბლზე ამივიდა, ისეთებს წერდა ძმაკაცს ჩემზე: რა უნდა შემიყვარდეს, ვაცდი ცოტა ხანი, ხელს მოვაწერ, ბინას დავითრევ და „დალშე“ მე ვიცი, რაც უნდა ვქნა. ეს რაში მჭირდება, ამის გარდა ათას გოგოს ვაბამ, მთავარია, ბინა „დავითრიო“ თბილისში და მერე ერთი კარგი გოგოს კი არა, ასი გოგოს „შებმა“ არ გამიჭირდებაო. არადა, მართლა არ მიფიქრია, რომ შეიძლებოდა სხვისკენ გაეხედა, ისე მეფიცებოდა სიყვარულს და მიმტკიცებდა, ჩემთვის შენ გარდა სხვა ქალი არ არსებობსო. ჩემმა დაქალმა იცოდა ჩვენი ურთიერთობის შესახებ. მან კი გამაფრთხილა თავიდანვე: ასაკით დიდი სხვაობაა, პატარა ბიჭია... ერთ დღესაც ახალგაზრდა გოგოს ნახავს, მიგატოვებს და გული გეტკინებაო. ბინაზე და ქონებაზე არც მე და არც ჩემს დაქალს ეჭვი არ გვქონია. თურმე, ჩემი სახლი ნდომებია და ალბათ, ხელის მოწერასაც ამიტომ მთხოვდა, მერე გამშორდებოდა, მაიძულებდა ბინა გამეყიდა და მისთვის წილი მიმეცა.

კიდევ კარგი, ის მიმოწერა დროულად ვნახე და სანამ აბაზანიდან გამოვიდა, მისი ნივთები უკვე ჩალაგებული მქონდა. თავზარი დაეცა, მუხლებზე დამდგარი მთხოვდა პატიებას, მეუბნებოდა: რა სისულელეა, მართლა მიყვარხარ, უბრალოდ, ცუდად გამომივიდა, არც შენი ქონება მინდა და არც არსად წავალ, შენ მჭირდებიო. არადა, რაც ჩემი თვალით მქონდა ნანახი და წაკითხული, იმას რა დამავიწყებდა. მოკლედ, ჩემი ცხოვრებიდან სამუდამოდ გავაგდე და მივხვდი, ახალგაზრდა ბიჭს, ასაკში შესული ქალი მხოლოდ ანგარების მიზნით უნდა. არადა, მართლა მიყვარდა, პატივს ვცემდი, ჩავაცვი და დავახურე, საუკეთესოს ვაჭმევდი და ვასმევდი, თან ვყვებოდი და იმდენად მატკინა გული, აღარასოდეს გავიხედავ კაცისკენ.

გურანდა, 46 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა