გულახდილი საუბრები

მე და ჩემი ქმრის პირველი ცოლი ერთმანეთის მესაიდუმლეები ვართ

№1

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 12.01, 2023 წელი

ქალის ამბავი
დაკოპირებულია

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ცოლიანი კაცი შემიყვარდებოდა, ჩემი გრძნობების გამო ოჯახს სხვა ქალს დავუნგრევდი და მით უმეტეს, მის ქმარს ისე გავყვებოდი ცოლად, რომ ჯვარიც არ მექნებოდა დაწერილი. ამას რომ ვამბობ, თავი სერიალში მგონია, მაგრამ ასეა. 

ყველაზე სასწაული კი ის არის, ამის შემდეგ, მე და ჩემი ქმრის პირველი ცოლი, ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ და ერთმანეთის მეგობრები და მესაიდუმლეები ვართ. არაერთხელ დამიდგა გვერდში, დამეხმარა, არ დაიზარა ჩემი არაერთი საქმის მოგვარება და ამის გამო, საკუთარიც კი გადადო. როგორ შეიძლება, ასეთი ადამიანი არ დავაფასო? ერთი სიტყვით, როცა დათო გავიცანი, არ ვიცოდი, რომ ცოლი ჰყავდა. პატარა ასაკში დაქორწინდა და ცოლთან თხუთმეტწლიანი თანაცხოვრების შემდეგაც კი, შვილი არ ჰყავდა. სამსახურიდან საქმიან შეხვედრაზე კახეთში მომიწია ჩასვლა და იქ გავიცანი. თავადაც ერთ-ერთი დაწესებულებიდან იყო მივლინებული. შეხვედრის შემდეგ საზეიმო ვახშამი მოგვიწყვეს. დათო იმ საღამოს გვერდიდან არ მომცილებია. გამომკითხა ყველაფერი, წვრილმანებში მიკირკიტებდა, ცდილობდა, მაქსიმალურად ბევრი გაეგო ჩემს პირად ცხოვრებაზე. აზრადაც არ მომსვლია მეკითხა, ცოლიანი იყო თუ არა. ისე იქცეოდა, ეჭვიც არ შემიტანია. შემომთავაზა, ხვალ ჩემი მანქანით წავიდეთ თბილისშიო და უარი არ მითქვამს. მთელი გზა კომპლიმენტებით მავსებდა. სიმართლე გითხრათ, მეც მოვიხიბლე ამ ადამიანით, თუმცა, არანაირი გეგმა არ დამისახავს. სახლამდე მიმიყვანა და დამემშვიდობა. სახლში არ ვიყავი ასული, კიბეზე დამირეკა და მითხრა: ხვალ, საღამოს რესტორანში გეპატიჟები და არაფერი დაგეგმოო. გამეღიმა და დავთანხმდი. იმ ღამით რაღაცნაირად ავფორიაქდი, ვერ დავიძინე, ვფიქრობდი: არავინ მყავს გვერდით, თბილი ადამიანია, ყურადღებიანი, შევხვდები, ვცდი ურთიერთობას, იქნებ ჩემი ბედია-მეთქი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, დათო შემიყვარდა, მასთან მთელი ექვსი თვე ისე ვიარე, არ ვიცოდი, რომ ცოლი ჰყავდა. ორსულად რომ დავრჩი და ვუთხარი, მაშინ გამიმხილა ეს ამბავი. მითხრა: ძალიან მიყვარხარ, შვილზე წლებია ვოცნებობ, მაგრამ ცოლიც მიყვარს. მეცოდება, ახლა რომ მივატოვო და ორ წყალს შუა ვდგავარ, გეხვეწები, არ მკრა ხელი, დამეხმარეო. ნამდვილად არ მინდოდა, სხვის ცოდვაში ჩამედგა ფეხი და ჩემ გამო ოჯახი დანგრეულიყო. მეც ქალი ვარ და ვიცი, ეს რა სიმწარეა. ბევრი ვიფიქრე და რაღაც პერიოდი დავშორდი კიდეც დათოს. თუმცა, არ მომეშვა, მთხოვდა, მემუდარებოდა, სიტუაცია ერთად მოვაგვაროთო. ერთი სიტყვით, ცოლს ელაპარაკა და აუხსნა სიტუაცია. იმდენად შეგნებული გოგოა, არანაირი სკანდალი არ აუტეხავს. უბრალოდ, უთხრა: ვიცი, მართლა გიყვარდი და გინდოდა შვილი, მაგრამ ვერ გაჩუქე, ამის გამო არ მინდა ცხოვრების აზრი დაკარგო და თუ ის გოგო მართლა გიყვარს, მაშინ იყავი მის გვერდით, ოღონდ, მეგობრებად დავრჩეთო. არ ვიცი, მე მის ადგილას როგორ მოვიქცეოდი, მაგრამ საკმაოდ ძლიერი ქალი აღმოჩნდა. ქმრის ბედნიერების გამო, საკუთარი - დათმო. დათომ ბინა ორად გაყო, ორი შესასვლელი გაუკეთა და ერთი მხარე მას დაუთმო, მეორეში კი, როგორც კი ბავშვი დაიბადა, იქ მიგვიყვანა ორივე. არ დამავიწყდება ის დღე, როცა თამუნა შემოვიდა ბავშვის სანახავად. საჩუქრები მოუტანა, ხელში აიყვანა, ეფერა და მეც სულ მიღიმოდა. მივხვდი, ეს ადამიანი ნამდვილად სიყვარულის და დაფასების ღირსია. მართალია, დათოს მასთან ხელი არ გაუწერია და არც ჯვარი დაგვიწერია, მაგრამ მისი ცოლი მქვია და მასთან ვცხოვრობ. მისი პირველი ცოლი კი, ჩემი უახლოესი დაქალი და მესაიდუმლე გახდა. დაქალი კი არა, უფრო ოჯახის წევრი, რომელიც ყველაფერში გვერდით მიდგას, ბავშვს მაზრდევინებს, ცდილობს, მაქსიმალურად დამეხმაროს და არასოდეს უგრძნობინებია ის წყენა, რომელიც ვიცი, გულში უდევს. დათოც სულ თბილად ელაპარაკება, თითქმის ყოველთვის ერთად ვვახშმობთ და ვსადილობთ, დღესასწაულებზეც ერთად ვუსხდებით სუფრას. ჩვენი ნათესავებისთვის, მეზობლებისთვის თუ ნაცნობებისთვის ეს მიუღებელია, მაგრამ არ ვაქცევთ ყურადღებას. მთავარია, ერთმანეთს პატივს ვცემთ, გვიხარია ასეთი სიახლოვე და ვცდილობთ, ისედაც დაძაბულ სამყაროში, ერთმანეთს ყოფა შევუმსუბუქოთ.

ფატი, 37 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი