მამაჩემმა საყვარელ ადამიანს დამაშორა და ოჯახი დამინგრია
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 24.08

ექვსი წლის ვიყავი, როცა ჩემი უფროსი ძმა გარდაიცვალა. ზღვაზე ვიყავით დასასვენებლად. მამასთან ერთად შევიდა წყალში. უცბად დიდი ტალღები წამოვიდა, ჩემი ძმა გაიტაცა და მაშველებმა რომ გამოიყვანეს, უკვე გარდაცვლილი იყო. იმ დღიდან დაიწყო ჩვენს ოჯახში ტირილი და გლოვა. ამ ამბავს ბაბუა გადაჰყვა – ინფარქტი მიიღო და გარდაიცვალა. მიუხედავად ასაკისა, ვაცნობიერებდი, რაც მოხდა, მაგრამ მეც მინდოდა ღიმილიანი დედიკოს და მამიკოს დანახვა.
ჩემებს სულ სასაფლაოზე დავყავდი და სახლის ყველა კედელზე ჩემი ძმის სურათები ეკიდა. ახლა რომ ვაცნობიერებ, დედა უფრო გააზრებულად მექცეოდა, მიხუტებდა, მეფერებოდა, მამას კი ჩემი ძმის გარდაცვალების შემდეგ ისე შეეცვალა ხასიათი, სულ სხვა კაცი გახდა. სკოლა ისე დავამთავრე, კლასელებთან ერთად არც საქეიფოდ გავუშვივარ და არც დაბადების დღეებზე. მშობლებს სულ კალთაზე ვყავდი გამოკრული, ალბათ, ეშინოდათ მეც რამე არ მომსვლოდა. უმაღლესში რომ ჩავაბარე, კურსელი ბიჭისგან ვიგრძენი ყურადღება, მეც სიმპათიით ვიყავი მის მიმართ განწყობილი და ერთმანეთი შეგვიყვარდა. რასაკვირველია, ეს ამბავი მშობლებისთვის არ დამიმალავს. რომ გითხრათ, სიხარულით შეხვდენენ-მეთქი, მოგატყუებთ. უნივერსიტეტი რომ დავამთავრეთ, იმ წელს დავქორწინდით, მაგრამ მამა ჩემი სახლიდან წასვლის წინააღმდეგი იყო. დაიჩემა, სიძე ჩვენთან მოვიდეს, აქ იცხოვროსო. დედაც მხარს უჭერდა. მიუხედავად ბევრი წლის გასვლისა, ჩემი ძმის ფოტოები არ ჩამოუხსნიათ, სახლში მძიმე აურა ტრიალებდა, მამაც სულ ზურიკოს ახსენებდა, მასზე ჰყვებოდა და არ მინდოდა, ჩემს ქმარს ამ გარემოცვაში ეცხოვრა. ჩემი ქმრის მშობლებიც წინააღმდეგი იყვნენ შვილის ჩასიძების. მიუხედავად ყველაფრისა, მკაცრად განვუცხადე, რომ ქმრის სახლში ვაპირებდი ცხოვრებას და ჩემთან შეკამათებას აზრი არ ჰქონდა. რაღას იზამდნენ, დამთანხმდნენ. თუმცა მთხოვეს, ყოველდღე თუ არა, ორ დღეში ერთხელ მაინც მოდი ჩვენთანო. თავიდან, მართლაც ხშირად მივდიოდი, მაგრამ ბავშვი რომ შემეძინა, ვეღარ ვახერხებდი თბილისის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში, ჩვილით სიარულს. რომ გავიგე ბიჭს ველოდებოდი, ჩემს ქმარს ვთხოვე, ჩემი ძმის სახელს დავარქმევ-მეთქი და დამთანხმდა. უნდა გენახათ, მამაჩემის სიხარული. ეს ამბავი რომ გაიგო, პატარა ბავშვივით ტიროდა. ზურიკო რომ დაიბადა, იმ დღიდან მამაჩემიც შეიცვალა, თითქოს თავისი შვილი გაუცოცხლდა. ხასიათიც ცოტა გამოუსწორდა, მაგრამ რომ დათვრებოდა, აუტანელი ხდებოდა. ჩემს ქმარზე ეწყებოდა აგრესია, უაზროდ აუხირდებოდა და ემუქრებოდა: ჩემი შვილი და შვილიშვილი ჩემ გვერდით უნდა იყვნენ, შენ თუ არ გინდა ჩემთან ცხოვრება, მიბრძანდი, არავინ გიჭერსო. რასაკვირველია, სიმთვრალეში არაფერს ვეუბნებოდი, მაგრამ რომ გამოფხიზლდებოდა, ვსაყვედურობდი. ჩემს ქმარსაც ვატყობდი, ნელ-ნელა მოთმინების ფიალა ევსებოდა. ერთ დღესაც, მამაჩემი მოვიდა ჩვენთან, მთვრალი იყო, უფრო სწორად გადამთვრალი, ისევ სასმელი მოითხოვა და ჩემმა ქმარმა რომ უთხრა: ძალიან ნასვამი ხართ, იქნებ აღარ ღირდეს დამატებაო, საშინელებები ჩაიდინა – ეცა და ისე ურტყა, ძლივს გამოვგლიჯეთ ხელიდან. ამაზე ჩემი მამამთილ-დედამთილი და მაზლი გადაირივნენ და მამაჩემს ჩვენთან მოსვლა აუკრძალეს. არ დამავიწყდება, დედაჩემს რომ დავურეკე მამაჩემის წასაყვანად, რომ მოვიდა, იქით მოსასულიერებელი გახდა. გამიყვანა და მთხოვა: შვილო, მამაშენი ამ ბავშვის გამო ცოცხლობს, ერთადერთი მისი იმედია და გეხვეწები, მის ნახვას ნუ აუკრძალავო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ორ წყალს შუა მოვექეცი -ან მამისთვის უნდა ამეკრძალა იქ მოსვლა და ან მე უნდა წავსულიყავი ჩემებთან, სადაც ჩემი ქმარი არ მომყვებოდა. საბოლოო ჯამში, ვერ გავწირე ჩემები, ქმრის ოჯახი მივატოვე და მათთან წავედი. ვერ გეტყვით, რა რთული იყო საყვარელ ადამიანთან განშორება. სახლში არ ამოდიოდა ბავშვის სანახავად, ეზოში ჩამყავდა და იმდენად იყო ჩემზე ნაწყენი, ზედ არ მიყურებდა. ვუხსნიდი სიტუაციას, მაგრამ გაგონება არ უნდოდა. ფაქტია, მამაჩემის გამო ოჯახი დამენგრა და ჩემი შვილიც საწოწიალო გახდა.
ნინი, 27 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან