გულახდილი საუბრები

მამაჩემის საქციელმა ყველა მამაკაცი შემაძულა და არ გავთხოვდი

№39

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 07.10, 2021 წელი

გულახდილი საუბრები
ოჯახის შესახებ
დაკოპირებულია

თბილ, მოსიყვარულე და ერთგულებით სავსე ოჯახში ნამდვილად არ გავზრდილვარ. რაც თავი მახსოვს, მამაჩემი თავისი სიტყვა-პასუხითა და საქციელით დედაჩემს აწამებდა. მისი ასეთი ხასიათის გამო სანათესაოსა და დედმამიშვილებსაც კი ჰყავდათ მოძულებული. 

სამი და ისე გავიზარდეთ, მამის მოფერება არ გვახსოვს. არ ვიცი, დედა რის გამო იტანდა ამ ყველაფერს, რა ჰქონდა საამისო და რის გამო შეიჭამა ნერვები. ბევრჯერ შევსწრებივარ მამის უხეშ საუბარს, როგორ აყენებდა შეურაცხყოფას, როგორ ამცირებდა და ყველაფერს კადრულობდა. არც ცემაზე იხევდა უკან. საყვარელთან გართობის მერე მთვრალი რომ მობრძანდებოდა, დედაზე იყრიდა ჯავრს. სანამ პატარები ვიყავით, ხმას არ ვიღებდით, მერე კი შვილები დავუდექით დედას გვერდით და მის დაჩაგვრას აღარ ვაბედინებდით. თუმცა, როცა სახლში არ ვიყავით და სამსახურიდან ვბრუნდებოდით, დედა სულ ატირებული გვხვდებოდა და გვიმალავდა მამის მიერ ჩადენილ საქციელს. ჩემმა დებმა თავს უშველეს და გათხოვდნენ. მადლობა ღმერთს, კარგი ქმრები შეხვდათ და ბედნიერად არიან, მაგრამ მე გათხოვებაზე კატეგორიული უარი ვთქვი და დღესაც დედის გვერდით ვარ. მართალია, მამა მოხუცდა და ჩხუბის თავიც კი აღარ აქვს, მაგრამ ხასიათს რა შეუცლიდა? სულ ჯიჯღინებს, ყვირილის და ჩხუბის საბაბს ეძებს. ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა და ახლა რომ მეუბნებიან, ნანობ, რომ არ გათხოვდიო, ვპასუხობ: არა. დედას მარტო ვერ დავტოვებდი და ჩემს პირად ბედნიერებას ვერ ავიწყობდი-მეთქი. სხვათა შორის, დედა მეხვეწებოდა: შვილო, გათხოვდი, შვილები გააჩინე, მე რას შემომყურებ, მამაშენი არ შეიცვლება და ჩემსავით შენც ნუ გაიუბედურებ თავსო. არ ვუსმენდი. ჩემთვის მთავარი მისი კარგად ყოფნა და გვერდით დგომა იყო. არასოდეს დამავიწყდება, დედა როგორ მგულშემატკივრობდა, როცა ჩემს ცხოვრებაში თაყვანისმცემელი გამოჩნდებოდა. მეხვეწებოდა: შეხვდი, შვილო, გაიცანი, იქნებ, თავი დააღწიო მამაშენის ყვირილსა და ჩხუბს, არ მოგბეზრდა მაინცო... მოკლედ, ახლა წარსულზე საუბარი უაზრობაა, რადგან ვიცი, არც ის წლები დაბრუნება და ჩემი გათხოვებაც გვიანია. მთავარია, მამის გამო დავრჩი ასე უსიყვარულოდ და პირადის გარეშე. მის შემხედვარეს ყველა კაცი მოძალადე მეგონა. ხანდახან ვფიქრობ: მამაჩემიც რომ თბილი და მოსიყვარულე ყოფილიყო, ისეთი, როგორიც მეგობრების მამები, ნეტავ ახლა როგორი ცხოვრება მექნებოდა-მეთქი. ახლა მრცხვენია აღიარების, მაგრამ ხშირად მინატრია კიდეც მისი სიკვდილი. არ დამავიწყდება, ერთხელ, გათხოვილ მეზობლის ქალთან გააბა რომანი. მოგვივარდა სახლში მისი ქმარი, მამა არ დახვდა და დედა გალანძღა: რას გადაეკიდა ამ ჩემს ცოლს, ქალი არ ხარ, მიხედე შენს ქმარსო? მაშინ 15 წლის ვიყავი და სახტად დავრჩი. ვერ მივხვდი, ეს კაცი სრულ ჭკუაზე იყო თუ არა. არც ცოლს ამტყუნებდა, არც მამაჩემს და ისევ დედა გაილანძღა. ერთხელ კი, ნათესავმა მოიყვანა ახლობლის შვილი, რომ ჩემი თავი გაეცნო და გავეთხოვებინე. მაშინ, 34 წლის ვიყავი და მამაჩემმა ისეთი ამბები ჩაატარა, ის ბიჭი იმ დღის მერე მე კი არა, ჩემს ნათესავსაც კი თვალით არ უნახავს. გული მწყდება, რომ მამის გამო დავრჩი გაუთხოვარი, არც მამაკაცი მყავს გვერდით, რომ რამეში მაინც დავეყრდნო და არც მომავლის იმედი – შვილების სახით. ხანშიშესულ მშობლებს ვუვლი და ალბათ, ეს იყო ჩემი ბედისწერა. დისშვილების იმედად ვარ, ძალიან ვუყვარვარ და იმედია, მამაჩემის გენეტიკა, მათში არ ამოყოფს თავს.

მირანდა, 53 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა