გულახდილი საუბრები

ყველაფერი ვცადე, რომ რძლის გული მომეგო, მაგრამ არაფერი გამომივიდა და გავეცალე

№41

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 17.10

35 წლის ქალი
დაკოპირებულია

გიორგის დედა 19 წლის ასაკში გავხდი, 23 წლისას კი ელენე შემეძინა. არაჩვეულებრივ ოჯახში ვიყავი გათხოვილი, ყველა თავს მევლებოდა. დედამთილი, საკუთარი შვილივით მივლიდა. ქმართან არასოდეს მომსვლია გაუგებრობა. იქამდე იყო ჩვენს ოჯახში სიმშვიდე და იდილია, სანამ ჩემმა შვილმა ცოლი არ მოიყვანა და 45 წლის ასაკში დედამთილი არ გავხდი. 

ან რა ეჩქარებოდა, მაგრამ მესმის რომ ძალიან უყვარდა, ვერ ძლებდა მის გარეშე, სულ მის გვერდით ყოფნა უნდოდა და ამიტომ მოინდომა ცოლად მისი ნაადრევ ასაკში მოყვანა. მართლა ქალიშვილივით მივიღე, არაფერი დამიკლია, მაგრამ მისი გული ვერ მოვიგე. ბევრი რამ ჩავყლაპე მისგან, გულისტკივილიც მოვითმინე, არ შევიმჩნიე გაბრაზება, მაგრამ მაინც ვერაფერს მიხვდა და მეც ვერაფერს გავხდი. სულ უკმაყოფილო იყო, ცდილობდა, ყველა სიტყვაში წაეკბინა ხან ჩემთვის და ხან ჩემი ელენიკოსთვის. რაც მართალია, მართალია, თავის ქმარს კარგად ექცევა და სულ მის გვერდითაა. ჩვენ რა დავუშავეთ, არ ვიცი. განსაკუთრებით ელენიკო ამოიჩემა. გასაგებია, რომ მულია, მაგრამ დასავით მიიღო, ცდილობს, საჩუქრები არ მოაკლოს, თავისთვის არ ყიდულობს და მას უკეთებს სიურპრიზებს. მაგრამ, რად გინდა? მადლობასაც არ ეუბნება. თითქოს ვალდებულები ვართ მისი თავაწეულობა მოვითმონოთ, ყველაფერზე თვალი დავხუჭოთ და მონებივით ვემსახუროთ. ორსულად რომ დარჩა, გავიქეცი ოქროს ბირჟაზე, ულამაზესი ბეჭედი ვუყიდე, გახარებული გავრბოდი სახლში, რომ რძლისთვის მიმერთმია და რომ მივეცი, პირველი მისი სიტყვა ეს იყო: რა ძველმოდურია, ამას ვერ გავიკეთებ, თუ გინდათ, თქვენ ატარეთო. გული ლამის გამიჩერდა. ეს ჩემი გამოშტერებული შვილიც თავის ჭკუაზე გადაიყვანა და ერთ შენიშვნას არ აძლევს. არ მინდა, მკაცრი ვიყო და თბილად ვეუბნები: შვილო, იქნებ შენს ცოლს სთხოვო, ოჯახის წევრებთან ცოტა თბილი და შეგნებული იყოს, ჩვენ ხომ არაფერს სხვას არ ვთხოვთ-მეთქი და იცით, რას მპასუხობს? კარგი რა დედა, ახალგაზრდები ვართ, გვაცადეთ ერთმანეთის სიყვარული, ნუ ჩაერევითო. არ ვიცი, რა დაემართა ამ ჩემს შვილს. მეც და ჩემი ქმარიც, ძირითადად, სოფელში ვართ, ვეღარ ვიტან მის ასეთ ქცევებს და გამოვერიდე. მადლობა ღმერთს, ჩემი დედამთილი ჯერ ჯანზეა და თავის მოვლაც შეუძლია და სახლის საქმეების კეთებაც. არ მომყვება, თორემ კი შევთავაზე, გამოერიდე-მეთქი. სოფელი ახლოსაა თბილისთან და ჩემი ქმარი სამსახურში აქედან დადის. ელენიკო კი სწავლობს, თან მუშაობს და საღამოს სახლში ისეთი დაღლილი მიდის, საჭმლის ჭამის თავიც კი არ აქვს, ისე იძინებს და ფაქტობრივად, კონტაქტი არ აქვს ძმასთან და რძალთან. ამასწინათ, შემოდგომის ნობათი ჩამოვუტანე სოფლიდან, ბევრი ხილი იყო და ჩემმა დედამთილმა მითხრა: მოდი, შვილო, კომპოტები გავაკეთოთ, ბევრია მაინც და არ გაფუჭდეს, თან ზამთარში ჩვენს ორსულ რძალს მოუხდებაო. ქალბატონმა მეორე ოთახიდან გამოგვძახა: ჩემთვის არ შეწუხდეთ, მე კომპოტებს არ ვსვამ, მირჩევნია, სუპერმარკეტში ნაყიდი წვენები დავლიო, უფრო გემრიელია, ვიდრე სახლში მოთუხთუხებულიო. აბა, ის კი არ თქვა, არ შეწუხდეთ, ჩემზე როგორ ზრუნავთო. არ ვიცი, ასეთი უხეშობა და პირდაპირობა ვისგან ისწავლა. არაჩვეულებრივი მშობლები და დედმამიშვილები ჰყავს და ეს ვის დაემსგავსა. მათ ვცემ პატივს, თორემ აქამდე ხუთასჯერ მეყოლებოდა გამოლანძღული. ნეტა ელენიკო გათხოვდებოდეს მალე და გაეცლებოდეს ამათ და მეტი არაფერი მინდა. მე და ჩემი ქმარი ვიქნებით სოფელში, შორს, იშვიათად ჩამოვალთ თბილისში, იქაც გადასარევად ვგრძნობთ თავს და ჩემს დედამთილს, ისე ვერ უბედავს, როგორც მე და ვერც ეუხეშება. ჩემი ქმარი მეუბნება: ახალგაზრდაა, დაანებე თავი, მიხვდება მერე და იქნებ ბოდიშიც მოგიხადოს, არ აჰყვეო. მეც მისი წლოვანების ვიყავი, როცა რძლად შევედი, მაგრამ არ ვყოფილვარ ასეთი ამბიციური. ჩემი შვილები, ჩემი ძმისშვილები და მათი მეგობრებიც ახალგაზრდები არიან, მაგრამ ასეთი თავხედები – ნამდვილად არა. ამიტომ, გადავწყვიტე, ვიქნები შორს და თავად შეიქმნას ის გარემო, სადაც უნდა ცხოვრება, მე ხელს არ შევუშლი.

ინდირა, 47 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა