გულახდილი საუბრები

ყველა მიშლიდა ნაცოლარი კაცის ცოლობას, არ დავუჯერე და დღეს ბედნიერი ქალი ვარ

№48

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 07.12, 2023 წელი

უშვილობას ვნანობ
დაკოპირებულია

საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში შემიყვარდა მამაკაცი, რომელსაც ცოლი ჰყავდა. რასაკვირველია, მან ეს არ იცოდა. არ ვიმჩნევდი მისადმი გრძნობა რომ მქონდა, არ მინდოდა, ვინმეს გაეგო, რომ ცოლიანი კაცი შემიყვარდა. თუმცა ერთად ვმუშაობდით და მის შესახებ ყველაფერი ვიცოდი. თანამშრომელს უშლიდა გულს და ის მე მიყვებოდა მის ამბებს.

ვიცოდი, არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა მეუღლესთან. ერთ დღესაც იმ თანამშრომელმა მითხრა: შოთიკო, გიჟს ჰგავს, ცოლი სახლიდან წასულა და შვილი დაუტოვებია, აღარ იცის, რა ქნასო. მიზეზი რომ ვიკითხე, გავოცდი – კაცის გამო მიუტოვებია ანგელოზივით ქმარი. ბავშვობის სიყვარული გამოჩენილა, თავიდან გაუბიათ რომანი, ორსულად დარჩენილა, შვილი დაუტოვებია და ისე გაჰყოლია იმ ადამიანს, უკან არც მოუხედავს. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ მეწყინა, რადგან მე ჩემი გეგმები მქონდა. სულ მინდოდა, დამდგარიყო ის დღე, როცა შოთიკო ცოლს გაშორდებოდა. ვიცი, ბევრი იტყვის ბოროტი ყოფილხარო, მაგრამ მართლა გულით მიყვარდა და რომ გენახათ, ეტყობოდა ცოლი ყურადღებას რომ არ აქცევდა. დაკუჭული პერანგითა და შარვლით დადიოდა, მის ტანზე მოწესრიგებული ტანსაცმელი არ მახსოვს. არადა, ფიზიკურად მართლაც ძალიან მიმზიდველი კაცია, სიმპათიური და ეშხიანი. ერთი სიტყვით, იმ დღიდან დავიწყე მის გარშემო ტრიალი. ვცდილობდი, მაქსიმალური ყურადღება გამომეჩინა. ხან ჩაის ვთავაზობდი, ხან ყავას და ხან ტკბილეულს ვუტოვებდი მაგიდაზე. ერთ დღეს მითხრა: ნატო, ასეთ ყურადღებას რომ მაქცევ, უკვე მერიდება, მინდა, რამით მეც გასიამოვნო და თუ წინააღმდეგი არ იქნები, დღეს საღამოს, კინოში დაგპატიჟებ, ოღონდ შვილიც უნდა წამოვიყვანო, დამტოვებელი არ მყავს და ძიძას ვერ მოვთხოვ გვიანობამდე მასთან ყოფნასო. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მოკლედ, იმ საღამოს მისი ოთხი წლის შვილიც გავიცანი, ფილმსაც ერთად ვუყურეთ და კაფეშიც გემრიელობები მივირთვით. ბავშვს მოვეწონე, გაიხსნა ჩემთან და ცდილობდა, ხელი არ გამეშვა. მთხოვა, ხვალ ბაღიდან შენ გამომიყვანე, ხომ მოხვალ და არ მომატყუებო. შევპირდი და ასეც მოვიქეცი. რასაკვირველია, ნებართვა შოთიკოსგან ავიღე. სკვერში გავასეირნე, ვეთამაშე და მამამისიც მოვიდა. მისი თვალები არასოდეს დამავიწყდება – სიხარულის ცრემლით ჰქონდა სავსე. მითხრა, რაც დედამისი წავიდა და მიგვატოვა, ნია ასეთი ბედნიერი არ ყოფილაო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ზუსტად ერთ თვეში მათთან გადავედი საცხოვრებლად და დავიწყე ოჯახური თანაცხოვრება კაცთან, რომელიც წლები მიყვარდა და არ იცოდა. ცოლად რომ უნდა გავყოლოდი, არავისთვის დამიმალავს, რომ ცოლიანი იყო. პირიქით, ყველას ვუთხარი და თითქმის ყველასგან ასეთი პასუხი მივიღე: ახალგაზრდა გოგო ხარ, რა გიჭირს, ნაცოლარ კაცს რომ არ გაჰყვე და სხვისი შვილი არ ზარდო, კაცები დაილიაო. ერთადერთი, დედაჩემმა გამიგო. მითხრა: შვილო, მთავარია, გულით უყვარდე და გიყვარდეს, ბედნიერები იყოთ, ხოლო ვისაც გაზრდი და ვისზეც ამაგი გაქვს, ისაა შენი შვილი, მთავარი სამშობიარო ჭინთვები კი არ არის. მერე შენიც გეყოლება და მისი შვილი ორმაგად შეგიყვარდება, შენსაში ვერც გაარჩევო. მართალიც ასე აღმოჩნდა. ნიას ძამიკო რომ მივუყვანეთ, გადაირია ბავშვი სიხარულით. დღეს ერთად იზრდებიან სითბოსა და სიყვარულში და მამიკო მათზე აფანატებს. მე და შოთიკო უბედნიერესი ცოლ-ქმარი და მშობლები ვართ, მისი ყოფილი ცოლი კი, როგორც გავიგე, ბავშვობის სიყვარულთან საკმაოდ შავ დღეშია. მისი ქმარი ეჭვიანი და მკაცრი ხასიათის კაცი ყოფილა და შვილისთვისაც – ცუდი მამა. არ ვიცი ეს ანგელოზივით მამაკაცი როგორ გაცვალა მასში. ფაქტია, მე გამიმართლა და ყველა ის ადამიანი, ვინც მეუბნებოდა, შვილიანს როგორ მიყვები ცოლადო, დღეს შურის თვალით მიყურებს. კიდევ კარგი, მათ ენებს არ ავყევი და უკან არ დავიხიე, ჩემი სიყვარული გულით ვატარე და დავიმსახურე ის ბედნიერება, რასაც ბევრი ვერ პოულობს. ღმერთია მოწამე, შოთიკოს ოჯახის დანგრევის არანაირი მცდელობა არ მქონია. უბრალოდ, გამიმართლა.

ნატო, 34 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა