გულახდილი საუბრები

ყოფილ ქმარს შვილის არსებობას ვუმალავ

№17

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 08.05

დედის აღსარება
დაკოპირებულია

არასოდეს ვყოფილვარ ბოროტი და არც დამალული სიტუაციები მიყვარდა. ყოველთვის გულღია, ლაღი, მშვიდი და მხიარული ვიყავი. თუმცა, ეს თვისებები ჩემი გათხოვების შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. გაცნობიდან იმდენად მალე გავყვევი ჩემს რჩეულს, მისი სახასიათო შტრიხების ამოცნობა ვერ შევძელი. მოვტყუვდი, შევცდი და ამას დღემდე ვიმკი. მადლობა უფალს, შვილი მყავს და ეს მაძლევს სტიმულს, ვიყო აქტიური, ცუდზე არ ვიფიქრო და ენერგია არ დავზოგო. ყველაფერს მხოლოდ მისთვის ვაკეთებ. ერთი სიტყვით, ისე გავთხოვდი, არ გამიაზრებია, რომ ჯერ კარგად გამეცნო.

შევხვდი, მომეწონა, ვნებაც გაჩნდა და სიყვარულზეც კი არ მიფიქრია. ეს მეგონა სიყვარული და იდილიური ოჯახის შექმნის საბაბი. თუმცა, გათხოვებიდან რამდენიმე დღეშივე შევეჯაზე პრობლემებს, გამაღიზიანა ქმრის ჯიუტმა და ხისტმა ხასიათმა და ჩვენ შორის პირველი კამათიც მაშინ მოხდა. რასაკვირველია, მისი ოჯახის წევრებმა, მისი მხარე დაიჭირეს, მე გამამტყუნეს, „ისტერიჩკა“ მიწოდეს. ჩავყლაპე და ბრაზი გულში ჩავიკალი, თუმცა, ურთიერთობაზე ეს აისახა. რამდენიმე თვეში მივხვდი, ჩემს ქმარს სახლში მოსვლა არ უნდოდა, სამსახურის მერე, სულ ძმაკაცებთან ერთად იყო და შინ ყოველთვის ნასვამი ბრუნდებოდა. ხელფასიდან გარკვეულ თანხას მეც მაძლევდა და დედამისსაც. დედამისი სულ სახლში იყო და რასაკვირველია, იმ თანხას ოჯახის ნივთებში და საკვებში ხარჯავდა. მე კი ათასი რამე მჭირდებოდა და თუ თავის მოვლის საშუალებას ან ტანსაცმელს ვიყიდდი, იბუსებოდა, დუდღუნებდა – მე მთელ ფულს ამათ ვახარჯავ, ეს კი მხოლოდ თავის სიამოვნებაზე ფიქრობს, რაში ანაღვლებს ჩემი შვილის შრომა და ფულებიო. მოკლედ, ისე გავიდა ერთი წელი, ახლაც არ ვიცი, ამ სიტუაციაში როგორ გავძელი. ჩემი მშობლები პენსიაზე გასვლის შემდეგ რაიონში გადავიდნენ საცხოვრებლად და ალბათ, ეს იყო მიზეზი, რომ მათთან თბილისის ბინაში ვერ მივდიოდი. თან ჩვენს სახლში ჩემი და და მისი ქმარი ცხოვრობდნენ. ჩემი და ახალი გათხოვილი იყო და მასთან ხშირად მივდიოდი სტუმრად, დარჩენით კი არ ვრჩებოდი. მოკლედ, მივხვდი, ცხოვრების ასე გაგრძელებას რომ ვეღარ შევძლებდი, დავუჯექი ჩემს ქმარს, ვესაუბრე და ავუხსენი ყველაფერი. დიდად არ გაკვირვებია ჩემი გადაწყვეტილება, უბრალოდ, მითხრა: არ გიშლი, წადი, დაფიქრდი და ზუსტად ვიცი, მალე მობრუნდებიო. ჩემს დასთან და სიძესთან გადავედი და მათთან ერთად დავიწყე ახალი ცხოვრება. ჩემი და გინეკოლოგთან მკურნალობდა და ექოსკოპიაზე მთხოვა გავყოლოდი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მეც გადავიღე ექო და ორსულობა დამიფიქსირდა. ჩემი და სიხარულით მეცხრე ცაზე იყო, მე კი – ცოტა გაოგნებული. ბევრი რომ არ გავაგრძელო, რვა თვის მერე დედა გავხდი და ამ რვა თვის განმავლობაში, ჩემს ქმარს ერთხელაც არ გასჩენია სურვილი, ვენახე. არც კი იცოდა, რომ მისგან შვილს ველოდებოდი. მინდოდა, ეს ამბავი მაშინ მეთქვა, როცა მუცლით დამინახავდა. თუმცა, არ მოისურვა ჩემი ნახვა. ბავშვი უკვე წლინახევრისაა და ჩემს ქმარს ჩემი დისშვილი ჰგონია. მე და ჩემი და სოციალურ ქსელში ფოტოებს რომ ვდებთ, ზუსტად ვიცი, ნახულობს, მაგრამ აზრად არ მოუვა, რომ ეს ბავშვი მისი შვილია. ბავშვზე ჩემი და და სიძე გიჟდებიან. ჩემს დას დაფეხმძიმებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, დღემდე მკურნალობს და ამ ბავშვზე გადააქვს მთელი სიყვარული. ნამდვილად არ ვაპირებ ჩემი ქმრისთვის ახსნა-განმარტებების ჩაბარებას. თუ ვაინტერესებდი, მომიკითხავდა. თუმცა, რასაკვირველია, ერთ დღეს გაიგებს და მინდა, თვალებში ჩავხედო და ვკითხო, ნუთუ არ რცხვენია, რომ ერთხელაც არ მომიკითხა და არც კი დაინტერესდა, რა ხდებოდა ჩემს თავს და რისი გადატანა მომიწია.

ნინი, 29 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა