გულახდილი საუბრები

ქმრის გარდაცვალების შემდეგ დედამთილი სუნთქვასაც კი მიშლის

№5

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 08.02

30 წლის ქალი
დაკოპირებულია

არაჩვეულებრივი ოჯახი მქონდა – მოსიყვარულე ქმარი, თბილი დედამთილ-მამამთილი, ორი ანგელოზივით შვილი. ერთი სიტყვით, კარგი გაგებით, თითით საჩვენებელი. არც მატერიალურად გვიჭირდა და ვცხოვრობდით შეხმატკბილებულად და ბედნიერად. მომავალს ვგეგმავდი, წარმომედგინა, ასაკში შესული მე და ჩემი ქმარი როგორ დავტკბებოდით შვილებითა და შვილიშვილებით. თუმცა, მართალია, რომ ამბობენ: კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. 

ერთმა ავბედითმა დღემ სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება. დილით ჩემს ქმარს მეგობარმა დაურეკა: შვილი მყავს ცუდად და მანქანით საავადმყოფოში გადამაყვანინეო. ზამთარი იყო, ყინავდა, ქუჩები დათოვლილი და მოყინული იყო. გულმა მიგრძნო და ვთხოვე, ფრთხილად იყავი-მეთქი. გამიღიმა და შუბლზე მაკოცა. მიაკითხა მეგობარს, წაიყვანა საავადმყოფოში, დატოვა და უკან რომ ბრუნდებოდა, როგორც ჩანს ჩქარობდა, სამსახურში არ დამაგვიანდესო, მანქანა მოუცურდა, მანქანა ხეს შეეჯახა და ჩემი ქმარი ადგილზე დაიღუპა. თავზარი დაგვეცა, ამოტრიალდა სამყარო, სიცოცხლე აღარ მინდოდა. აღარ ვიცოდი, ჩემი თავი მეტირა თუ დედამთილ-მამამთილისთვის და ბავშვებისთვის ვყოფილიყავი ქვა და რკინა. ექვსი თვის განმავლობაში, ყოველდღე დავდიოდი სასაფლაოზე. ჩემი ტირილისა და გოდების ხმა არემარეს აყრუებდა. ერთ დღეს კი სიზმარი ვნახე, ჩემი ქმარი მოვიდა და მითხრა: კარგი რა, ჩემო საყვარელო, აღარ მინდა ამდენი ცრემლი, შენ ჩაგაბარე ოჯახი და მინდა, მათ მიხედო, მე კარგად ვარო. სიზმარი დედამთილს მოვუყევი და გადაირია, მთხოვა: გეხვეწები, შვილო, აღარ იარო ყოველ დღე, შენ თავს მიხედე, ხომ ხედავ, შვილი დავკაგე და შენი იმედი მაქვს, ის იქიდან ილოცებს და ჩვენ აქედან ვილოცოთ მისთვისო. იმ დღის მერე მოვუკელი სასაფლაოზე სიარულს, ცოტა აზრზე მოვედი და ბედს შეგუებულმა დავიწყე ოჯახსა და სამსახურზე ფიქრი. გავიდა ორი წელი, თითქოს შევეგუეთ ტკივილს, მაგრამ მისი მონატრება მკლავდა. სამსახურიდან მივლინებაში რაიონში მიწევდა წასვლა. ეს ამბავი დედამთილს რომ ვუთხარი, გაიგიჟა თავი: არსადაც არ გაგიშვებ, სხვა წავიდეს, ეგღა მაკლია, ჩემმა რძალმა აქეთ-იქით იაროს, გარდაცვლილ ქმარს მაინც ეცი პატივიო. მისი ეს სიტყვები ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. დედიკოსა და შვილიკოს მეტი რომ არაფერი უთქვამს ჩემთვის, ერთ წამში შეიცვალა დამოკიდებულება. ავუხსენი, სასეირნოდ ხომ არ მივდივარ, საქმეზე მაგზავნიან-მეთქი, მაგრამ არც კი მომისმინა. ნამდვილად ვერ გადავდებდი მივლინებას, ვერც სხვას ვთხოვდი წასვლას და თავად გავემგზავრე. იქიდან დაბრუნებულს, ისე ცივად შემხვდა დედამთილი, მერჩივნა, სილა გაეწნა. იმ დღიდან დაიწყო ჩემი კონტროლი და ათასგვარი აკრძალვები. დამადგებოდა დილით სამსახურში წასვლის წინ საძინებელში და მიკონტროლებდა, რას ვიცვამდი: ეს არ ჩაიცვა, ამაში ვულგარულად ჩანხარ, ეს მოკლეა, ეს შემოტკვანცულია ტანზეო. მკვეთრი მაკიაჟი არასდროს მიყვარდა, მაგრამ მსუბუქად ყოველდღიურად ვიკეთებდი. ესეც ამიკრძალა: ქმარმკვდარ ქალს პომადა და შეღებილი თვალები არ უხდებაო. გასაქანს არ მაძლევს. ერთხელ შევუსწარი, მამამთილი ეჩხუბებოდა: დაანებე ამ გოგოს თავი, ჩვენსავით სტკივა და განიცდის. ჩვენ თუ შვილი დავკარგეთ, მან საყვარელი ქმარი ჩადო მიწაში, ხომ არ გავიწყდება, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ? ამ გოგოსგან ერთი ზედმეტი სიტყვა არ მახსოვს და ნუ შეაძულებ ჩვენს თავს, ახალგაზრდაა და ამასაც უნდა ცხოვრებაო. მაგრამ ამ სიტყვებმა ჩემი დედამთილის აზროვნება მაინც არ შეცვალა. ხან ბავშვებს არიგებს: დედათქვენს უთხარით, ეს არ გააკეთოს, ასე ჩაიცვას, სამსახურიდან პირდაპირ სახლში წამოვიდესო და ასე შემდეგ. ისე მზღუდავს, ლამის სუნთქვაც ამიკრძალოს. არადა, ნამდვილად არ იყო ასეთი, არ ვიცი, რა დაემართა. ერთხელ მეზობელმა მითხრა: ვხედავ, რა დღეშიც ხარ, მაგრამ ნუ გეწყინება, შვილმკვდარი დედაა, ეშინია, მისი შვილის ხსოვნას ჩრდილი არ მიადგესო. რა შემამჩნია ასეთი არ ვიცი. მართლა არსად დავდივარ, სამსახურიდან სახლში გავრბივარ, დაბადების დღე და წვეულება ჩემთვის არ არსებობს და მართლა სუნთქვასაც ხომ არ შევაჩერებ? იმედია, დაფიქრდება, დამაკვირდება და მიხვდება, რომ მხოლოდ მისი შვილის ერთგული ვარ და შეეშვება ჩემს კონტროლს.

თამუნა, 36 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული