გულახდილი საუბრები

ქმრის გარდაცვალების შემდეგ დედამთილი იმ ოქროულის დაბრუნებას მაიძულებს, რაც ქორწილში მაჩუქეს

№26

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 04.07

ოჯახური ურთიერთობა
დაკოპირებულია

ჩემზე ბედნიერი გოგო არ მეგულებოდა, როცა ვთხოვდებოდი. ბედს იმ მამაკაცს ვუკავშირებდი, რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა და მისგანაც ანალოგიურს ვგრძნობდი. ულამაზესი ქორწილი გადაგვიხადეს მშობლებმა. რას წარმოვიდგენდი, რომ წამში დამემხობოდა ცა თავზე და ქმრის გარეშე ყველაზე უბედური ქალი დავრჩებოდი ამ დედამიწაზე.

ყველაფერში ჩემს დედამთილს ვადანაშაულებ. მისგან თავიდანვე ვგრძნობდი ნეგატიურ დამოკიდებულებას. თუმცა, მიზეზი დღემდე არ ვიცი. არაფერი მოსწონდა ჩემი, არც გაკეთებული და არც ნაყიდი. მინდოდა ახალ რძალს სახლში ახალი რემონტი გამეკეთებინა, ახალი ავეჯი შემეძინა, მაგრამ ამის ნებაც არ მომცა. არადა, ფული ჩემებმა მომცეს, მისგან კაპიკი არ მინდოდა. მართალია, ჩემი მამამთილი გვერდით მედგა, მაგრამ ცოლს ვერაფერი მოუხერხა. ჩემი საწყალი ქმარი კი დილიდან გვიანობამდე მუშაობდა. ცდილობდა, ოჯახი უზრუნველი ჰყოლოდა. არაფერს გვაკლებდა. ერთ დღესაც დედამთილთან კამათი მომივიდა, ვეღარ ავიტანე მისი ხუშტურები. ვიფიქრე, ცოტა ხნით დედასთან წავალ-მეთქი და სამსახურიდან გვიან დაბრუნებულ ქმარს ვთხოვე წაყვანა. მანქანაში რომ ვჯდებოდი, ჩემი ყურით გავიგე, როგორ მომაძახა დედამთილმა: ნურც დაბრუნებულხარ ცოცხალი! მართალია, ეს სიტყვები მე მეკუთვნოდა, მაგრამ საკუთარ შვილზე აუხდინა ღმერთმა – ჩემს ქმარს საჭესთან ჩაეძინა და განათების ბოძს შევასკდით, ის ადგილზე დაიღუპა, მე კი, მძიმე დაზიანებებით, საავადმყოფოში გადამიყვანეს. სასწაულად გადავურჩი სიკვდილს. ვერც საყვარელი მამაკაცი დავიტირე და ვერც უკანასკნელ გზაზე გავაცილე. გვიან მითხრეს მისი გარდაცვალება, როცა საავადმყოფოდან მწერდნენ. მანამდე მატყუებდნენ, ცუდად არის, მაგრამ ნუ გეშინია, გადარჩება, უბრალოდ, დრო უნდაო. იმას არ მოვყვები, რომ გავიგე, რა დღეში ჩავვარდი. იმის გამო, რომ შვილი მოუკვდა და მე, რძალი, გადავრჩი, დედამთილმა სულ ამომიძულა. რასაკვირველია, მის სახლში არც მივსულვარ. დიდი დრო გავიდა და ისევ ჩემს წყევლაშია. ახლა, დრო რომ გავიდა, მე ცოცხალი დავრჩი და არ მოვკვდი, მიხვდა, ვეღარაფერს შეცვლიდა და გადამეკიდა, ის ოქროული დამიბრუნე, რაც ქორწილში მოგიტანესო. გეფიცებით, მართლაც არაფერს ნიშნავს ის სამკაულები ჩემთვის, რად მინდა გაუბედურებულს, მაგრამ მაინც არ გავატანინებ თავისას. დაუჩემებია: შვილი არ ჰყავს, არ გაუჩინა ჩემს შვილს და ოქრო კი წახვეტა სახლიდანო. ჯერ ერთი შვილი ძალიან გვინდოდა, მაგრამ არ გვყავდა, მაგრამ ზუსტად ვიცოდით, გვეყოლებოდა. ოქროული კი თავიდანვე დედასთან მქონდა შენახული, რადგან იქ უფრო დაცული იყო, სხვა რამ არც კი მიფიქრია ან წინასწარ რას ვიფიქრებდი, თუ ქმარი დამეღუპებოდა და ასე გავუბედურდებოდი. მოკლედ, მებრძვის დედამთილი და ვცდილობ, თავი შევიკავო, ისევ ჩემს გარდაცვლილ ქმარს ვცე პატივი, თორემ, კი ვიცი, რისი ღირსია.

ხატია, 34 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული