ქმართან დაშორების შემდეგ მივხვდი, რომ ცხოვრება მართლაც მშვენიერია
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 26.02
უამრავი თაყვანისმცემელი მყავდა, თუმცა, არჩევანი იმ ერთზე გავაკეთე, ვინც ყველაზე მეტად აქტიურობდა და ყველაფერს აკეთებდა ჩემი გულის მოსაგებად. გიგა მართლაც კარგი ბიჭი იყო. ის ყოველთვის იმ დროს ჩნდებოდა ჩემ გვერდით, როცა მჭირდებოდა.
საჩუქრებით, თბილი სიტყვებით, ყურადღებით მანებივრებდა. ყოველთვის პრაგმატული აზროვნებით გამოვირჩეოდი და აზრადაც ვერ გავივლებდი, რომ ჩვენი სიყვარული, ასე ერთი ხელის მოსმით დასრულდებოდა და ერთმანეთს მტრებად გადავეკიდებოდით. მოკლედ, 27 წლის ასაკში დავოჯახდით. როგორც ჩემმა ოჯახმა, ასევე მისმაც, ყველაფერი გააკეთეს, რომ საუკეთესო ხელისმოწერა, ჯვრისწერა და ქორწილი გვქონოდა. უბედნიერესები ვიყავით და ყველა ჩევნ შემოგვნატროდა. ორსულად რომ დავრჩი, ყველა თავს მევლებოდა, გიგა კი განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა. რამეს თუ მოვინატრებდი, გავარდებოდა და გაუჩენარს აჩენდა. მიხაროდა, რომ მეუღლის მიმართ ასეთი ყურადღებიანი იყო და დარწმუნებული ვიყავი, საუკეთესო მამა იქნებოდა. თუმცა, შევცდი. როგორც კი ბავშვი გაჩნდა, მთელი ჩემი ყურადღება მისკენ იყო მიმართული. ღამე ცუდად ეძინა და ფაქტობრივად, მეც ბავშვთან ერთად მეღვიძა, დილით კი ლიმონივით გამოწურული, აზრზე ძლივს მოვდიოდი. მადლობა ღმერთს, დღის განმავლობაში დედამთილი მეხმარებოდა. ერთი სიტყვით, სწორედ ბავშვის დაბადების მერე დაიწყო ჩემსა და გიგას შორის დაძაბულობა. სულ მსაყვედურობდა, რომ ყურადღებას არ ვაქცევდი, მხოლოდ ბავშვი მაინტერესებდა და ქმრისკენ აღარ ვიხედებოდი. ვუხსნიდი, რომ ისევ ისე მიყვარდა, უფრო მეტადაც, მაგრამ ბავშვი იმდენ ენერგიას მართმევდა, იმდენ ყურადღებასა და ზრუნვას მოითხოვდა, უბრალოდ, დრო აღარ მრჩებოდა. არ ესმოდა და საყვედურს საყვედურზე მეუბნებოდა. ბოლოს, იმდენად შეიცვალა ხასიათი, აგრესიაზე გადავიდა. ერთი სიტყვით, როცა მისი გვერდში დგომა და დახმარება ყველაზე მეტად მჭირდებოდა, ვერ გამიგო. რაიონში ნათესავი გარდაიცვალა და ჩემი დედამთილ-მამამთილი რამდენიმე დღით იქ წავიდნენ,. ჩემმა დედამთილმა მკაცრად გააფრთხილა: გიგა, გოგოს ჩვილთან ერთად მარტო ვტოვებთ და იცოდე, მაქსიმალურად მიეხმარე, ხომ ხედავ, რა დღეშია, ადამიანს აღარ ჰგავს, გადაღლილია და სანამ ჩამოვალ, მიმიხედეო. სამწუხაროდ, მამაჩემს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და დედა ვერ ახერხებდა ჩემთან მოსვლას და დახმარებას. ვიფიქრე, ეს რამდენიმე დღე რა მომივა, ბავშვსაც მივხედავ და სახლის საქმეებსაც-მეთქი. არ ვიცი, ბედისწერა იყო თუ რა მოხდა, ბავშვს სიცხემ აუწია. სასწრაფო დახმარება გამოვიძახე და ვირუსი დაუდგინდა. აუცილებელი გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა. ისეთი სტრესი მქონდა, ვერ ვაზროვნებდი. მოკლედ, საავადმყოფოში გადაგვიყვანეს და დავიწყეთ მკურნალობა. გიგა პირველ დღეს მოვიდა, მეორე დღეს კი ტელეფონიც გამორთო და საერთოდ არ გამოჩნდა. არ მინდოდა დედამთილთან დარეკვა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. იმ საღამოსვე ჩამოვიდნენ და არც დედამთილი და არც მამამთილი გვერდიდან არ მომცილებიან. აღმოჩნდა, რომ გიგა ჩემზე იყო გაბრაზებული – ბავშვს ვერ მიხედა, გააცივა და მაგის გამო ახლა საავადმყოფოში მიწევს წოწიალიო. ეს მისთვის დიდი დისკომფორტი იყო. ძმაკაცთან ერთად დალია და ისე გაითიშა, აღარც მე ვახსოვდი, აღარც ბავშვი. სახლში რომ გამოგვწერეს, რა თქმა უნდა, ამაზე ჩხუბი მოგვივიდა და ხელიც კი ასწია ჩემზე. რომ არა ჩემი დედამთილ-მამამთილი, ერთმანეთს დავხოცავდით. სწორედ ხელის აწევა ვერ ვაპატიე და დღეს ერთად აღარ ვართ. დიდად არც შვილის მიმართ იჩენს ყურადღებას. მადლობა ღმერთს, მამა უკეთესადაა, დედაც მეხმარება და დედამთილიც. ახლა მივხვდი, რომ ეს ის სიყვარული არ იყო, რომელზეც ვოცნებობდი და ის ოჯახი, რომლის შექმნაც მინდოდა. თავიდან გამიჭირდა, მაგრამ ახლა ბედნიერი ვარ – ანგელოზივით შვილი მყავს და გვერდით ერთგული და სანდო ადამიანები, რომლებიც არასდროს მკრავენ ხელს და არ მიმატოვებენ.
გვანცა, 29 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




