გულახდილი საუბრები

ქმარს ვუყვარვარ, მაგრამ მაინც მიმატოვა

№47

ავტორი: „თბილისელები“ 16:32 23.11, 2020 წელი

გულახდილი საუბრები, ქალი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ჩემი ქმარი დამტოვებდა და სხვასთან წავიდოდა. არასოდეს შემიმჩნევია მისგან ღალატი, ცუდი დამოკიდებულება ან სიცივე ურთიერთობებში. ნამდვილად, კარგი გაგებით, თითით საჩვენებელი ოჯახი ავაწყვეთ, თანაც, სრულიად დამოუკიდებლად. ორივე ვმუშაობდით, ბინაც ვიყიდეთ, გავარემონტეთ, ავეჯით გავაწყვეთ, მანქანაც შევიძინეთ და აგარაკიც მოვაწესრიგეთ, რომელიც მისმა მშობლებმა დაგვიტოვეს. 

მშვიდ და მოსიყვარულე ოჯახში გავზარდეთ სამი შვილი და რომ ვერ ვიფიქრებდი, სწორედ, მაშინ წავიდა ჩემგან. მოკლედ, ბოლო პერიოდში, ცოტა აფორიაქებული იყო. ვფიქრობდი, სამსახურის გამო ნერვიულობს-მეთქი და ვეკითხებოდი: თუ რამე პრობლემა გაქვს, მითხარი, იქნებ ერთად გადავწყვიტოთ-მეთქი. თავს არიდებდა საუბარს. სახლშიც აღარ უნდოდა გაჩერება და ხან რას იმიზეზებდა და ხან – რას. ბოლოს, ალბათ, იფიქრა, სანამ ვინმე ეტყვის და სხვებისგან გაიგებს, მე ვეტყვიო და გამიმხილა: ყოფილ შეყვარებულთან მქონდა კონტაქტები, ორსულადაა და მარტო ვერ დავტოვებო. თავზარი დამეცა. კიდევ ვამბობ, ვერც კი წარმოვიდგენდი მისგან ღალატს და თან, ამდენი წლის მერე, როცა სიყვარულის ჩათვლით ყველაფერი გვქონდა, რომ ტკბილად გვეცხოვრა.

ვიფიქრე, ალბათ, ეს ამბავი იმიტომ მითხრა და არ დამიმალა, რომ შეცდა და ახლა ინანიებს-მეთქი, ნერვები მოვთოკე და მშვიდად ვუპასუხე: ვის არ მოსვლია შეცდომა, არა უშავს, გააჩინოს ბავშვი და რისი შესაძლებლობაც გაქვს, მიხედე ფინანსურად, მე არ ვარ წინააღმდეგი-მეთქი. ისე შემომხედა, მივხვდი, სხვა რაღაცის თქმაც უნდოდა. და, მითხრა კიდეც: ხომ იცი, მიყვარხარ, მაგრამ ისიც მიყვარს და მარტოს ვერ დავტოვებო. ანუ, წასვლა უნდოდა და ამას ვერ ამბობდა. აი, აქ კი „გავჭედე“. ცხოვრებაში რომ შეურაცხყოფა არ მიმიყენებია მისთვის, უშვერი სიტყვებით ვლანძღე, მოღალატე და არაკაცი ვეძახე. არ ამოუღია ხმა, წავიდა და ჩუმად დაწვა.

მთელი ღამე სამზარეულოს ფანჯარასთან ტირილში გავათენე. რომ ინათა, მისი ფეხის ხმა გავიგონე. შემოვიდა და ჩემ უკან დადგა. ვიფიქრე, ეტყობა, გააანალიზა, რა სისულელეც მითხრა, ვნებებს იყო აყოლილი და ჩემმა ყვირილმა გამოაფხიზლა-მეთქი და დაველოდე რას მეტყოდა. ჰოდა, დაიწყო: მაპატიე, მართლა მიყვარხარ, უბრალოდ, ვალდებული ვარ, მასაც გვერდით დავუდგე, ვჭირდები, ძველი გრძნობებიც განმიახლდა. ვიცი, შეცდომა დავუშვი, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, არც შენთან განქორწინებას ვითხოვ, შენ ჩემს ცოლად დარჩებიო. მივხვდი, ყვირილს აზრი აღარ ჰქონდა. არც ის მინდოდა, ბავშვებს გაეგოთ და ვუთხარი: როგორც შენ მიგაჩნია სწორად, ისე მოიქევი, მე ვერაფერს გეტყვი სხვას, უბრალოდ, თუ წახვალ, აქ ვეღარ დაბრუნდები-მეთქი. ჩაალაგა ტანსაცმელი და იმ დღიდან იმ ქალთან ცხოვრობს.

ყოველდღე მირეკავს და ბავშვებს მოიკითხავს ხოლმე, ფულსაც გვიგზავნის, მაგრამ გამოჩენის ერიდება. მეც დიპლომატიურად ვუდგები – არც ხმას ვუწევ და არც საქმეს ვურჩევ. თუ ჩემი და სამი შვილის მიტოვება არ გაუჭირდა, რაღა აზრი აქვს რამის თქმას. წასვლისას, ბავშვებს კი აუხსნა: მიყვარხართ, უთქვენოდ გამიჭირდება, მაგრამ ასეა საჭირო, თქვენს დედიკოს გაუფრთხილდით, აუცილებლად გაგაცნობთ თქვენს დაიკოს, რომელიც მალე გაჩნდებაო. სწორი ყოფილა, რომ ამბობენ: თუ კაცმა მოინდომა, ვერც ცოლი დააბამს და ვერც შვილებიო. თუმცა, ვიცი, ვუყვარვარ და ასე რომ არ იყოს, ამასაც მეტყოდა. ის ქალიც თავისებურად უყვარს და უბრალოდ, ღალატზე მეტად, არჩევანი რომ მასზე გააკეთა, ეს უფრო მწყინს. არადა, ნამდვილად არ დავუშლიდი ბავშვის მონახულებას, მაგრამ იმ ქალზე, ალბათ, გამუდმებით ვიეჭვიანებდი და ეს, უფრო დაძაბავდა სიტუაციას.
ხათუნა, 38 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი