ქმარს სექსუალური პრობლემების გამო გავშორდი, მიზეზს კი ახლობლებს ვერ ვეუბნები
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 30.03, 2023 წელი
სკოლის პერიოდში ერთი ბიჭი მომწონდა. არც ფიზიკურად იყო გამორჩეული და არც შეძლებული ოჯახიდან, თუმცა ყოველდღე იმდენად ცდილობდა ჩემს გახარებას, თუნდაც, ერთი კონა იით, იმდენად თბილად მექცეოდა და იმდენ ყურადღებას მითმობდა, მის მეტზე არავისზე ვფიქრობდი. გვქონდა კიდეც საუბარი მომავალზე, რომ უნდა დამემთავრებინა სკოლა, ჩამებარებინა უმაღლესში, დამემთავრებინა და მერე შევქმნიდით ოჯახს. მისმა მშობლებმა იცოდნენ ჩვენი სიყვარულის შესახებ და ძალიან მოვწონდი. ქუჩაში რომ შემხვდებოდნენ, ასე მომიკითხავდენ ხოლმე:
ჩვენო რძალუკა, როგორ ხარო? ჩემებს კი, სიმართლე გითხრათ, კარგა ხანს ვუმალავდი ამ ამბავს, რადგან ვიცოდი, ეს ბიჭი დიდად არ მოსწონდათ. ერთხელ, სახლში რომ მიმაცილა, დედაჩემმა დაინახა და მითხრა: ამ ბიჭს შენ გვერდით რა უნდაო. დავიბენი და ვუპასუხე: რა მოხდა, ჩემი სკოლელია, უბნელი, მიცნობს და სახლამდე მომაცილა-მეთქი. კი იეჭვა რაღაც, მაგრამ საუბარი აღარ გაუბია. ერთი სიტყვით, ჩუმად ვხვდებოდი ჩემს შეყვარებულს. სკოლა დავამთავრე, უმაღლესშიც ჩავაბარე და ერთ დღესაც, უნივერსიტეტის ეზოში დამინახა ჩემზე უფროსმა უნივერსიტეტელმა ბიჭმა. ჯერ შორიდან მიყურა და მერე გაბედა და მოვიდა. გამომელაპარაკა, თუმცა მე მოვიმიზეზე ლექცია მეწყება-მეთქი და შენობაში შევედი. მოვეწონე და იმ დღიდან მოსვენებას არ მაძლევდა. ყველგან მხვდებოდა, საჩუქრებს მიგზავნიდა. ცდილობდა, სადაც მე ვიყავი, იქ გაჩენილიყო. ჩემი შეყვარებული ცოტა ეჭვიანი იყო და არ მინდოდა, ეს ამბავი გაეგო. არადა, ის ტიპი ვერ მოვიცილე. ჩემმა შეყვარებულმა რომ გაიგო, იყო გაწევ-გამოწევა და ისე სცემეს ერთმანეთი, დაასისხლიანეს. ჩემი შეყვარებული ჯერ გამებუტა, როგორ მიმალავდი ამ ამბავსო, მერე დაჟინებით ითხოვდა გავიპაროთო. რასაკვირველია, მე ჯერ არ მინდოდა გათხოვება, მით უმეტეს, ჩემებმა არ იცოდნენ ჩვენი ამბავი, ის ბიჭი არც გულზე ეხატებოდათ და დედისერთა შვილი გულს ვერ ვატკენდი. ამასობაში, იმ ტიპმა ივაჟკაცა, გაიგო ჩემი დაბადების დღე და ღამის თორმეტ საათზე, ყვავილებითა და საჩუქრით მომადგა. რომ დავინახე, ელდა მეცა. კარი ცხვირწინ ვერ მივუხურე და სახლში შემოვიპატიჟე. ჩემებს გაეცნო და უთხრა: თქვენი შვილი ძალიან მიყვარს, დიდი ხანია, ვცდილობ მისი გულის მოგებას და არ მიკარებს, ამის გამო კონფლიქტიც კი მომივიდა მის თაყვანისმცემელთანო. ჩემები გადაირივნენ, მე მიწა გამსკდომოდა და ჩავვარდნილიყავი, მერჩივნა. გაირკვა ყველაფერი და ატყდა მთელი ამბავი. ჩემები მაიძულებდნენ შეყვარებულს დავცილებოდი და ისე მოეწონათ ეს ტიპი, მასთან დაახლოებას მთხოვდნენ. თან, მამაჩემმა გაარკვია, რომ მას შეძლებული ოჯახი ჰქონდა და მეტი რა უნდოდათ? ბევრი რომ არ გავაგრძელო, შეყვარებულს იძულებით დამცილეს, იმ ტიპის მშობლები ამოვიდნენ ჩვენთან და ისე, რომ აზრიც არ მკითხეს, დამნიშნეს. ჩემმა მომავალმა ქმარმა, ნიშნობიდან მეორე დღეს მომკიდა ხელი და თავის ოჯახში მიმიყვანა. როგორ დამხვდნენ და რაები დამახვედრეს, ამას არ მოვყვები. მოკლედ, საძინებელში ერთად გვეძინა, მეფერებოდა, მკოცნიდა, თუმცა სექსუალური ურთიერთობისგან თავს იკავებდა. ვფიქრობდი: როგორი თავშეკავებულია-მეთქი. თავადაც მეუბნებოდა: შენებს შევპირდი ქორწილამდე ხელს არ გახლებდი და სხვაგვარად ვერ მოვიქცვიო. მალევე გადაიხადეს ქორწილი და იმ დღიდან დაიწყო ჯოჯოხეთი. ჩემს ქმარს სექსუალური პრობლემები აღმოაჩნდა. მაშინ მივხვდი, პირობას კი არ ასრულებდა, უბრალოდ, ქორწილს ელოდებოდა, რომ ჯვარი დაგვეწერა, ხელი მოგვეწერა და საბოლოოდ მისი ვყოფილიყავი. გახსენებაც არ მინდა იმ ჯოჯოხეთური ღამეების. სულ იმას ვფიქრობდი: ღმერთმა დამსაჯა შეყვარებულზე რომ უარი ვთქვი, ჩემებს დავუჯერე და ამას გამოვყევი ცოლად-მეთქი. სხვათა შორის, ჩემმა ყოფილმა შეყვარებულმა, მე რომ გავთხოვდი, ვერ აიტანა და უცხოეთში წავიდა, იქ დაოჯახდა, არაჩვეულებრივი ცოლი და შვილი ჰყავს. მე კი, მთელი ორი წელი, ვიწვალე და ვიტანჯე კაცის გვერდით, რომელიც მართლა მჯეროდა, რომ შემიყვარდებოდა და მის გვერდით ბედნიერი ვიქნებოდი. კი მეცოდებოდა, მაგრამ ექიმთანაც არ მომყვებოდა, მეუბნებოდა: არ გაბედო და არ უთხრა არავის, თორემ თავს მოგაჭრიო. არადა, ყველა წამდაუწუმ მეკითხებოდა: ორსულად არ ხარ? ორსულად არ ხარო დეპრესია დამემართა, ჩავიკეტე, ჯანმრთელობის პრობლემები დამეწყო და ჩემებთან გადავედი, ვითომ დროებით. თუმცა, გავიდა სამი წელი და არ დავბრუნებულვარ. არავინ იცის მიზეზი, რის გამოც გავშორდი და ყველა მე მადანაშაულებს, კარგი ცხოვრება ვერ შეიშნოო. დედ-მამა კი სულ იმას მაყვედრის: ის ბიჭი რომ უყვარდა, მის გამო დაანგრია ოჯახიო. ფაქტია, ცხოვრება თავზე ჩამომექცა, მაგრამ რის გამო – ამ მიზეზის თქმა აკრძალული მაქვს.
ნინო, 27 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან