ქმარს, მეზობლის ქალთან ფლირტი ვაპატიე და შანსი კიდევ ერთხელ მივეცი
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 01.05

გარკვეულ ასაკამდე რომ ვერ გავთხოვდი, ყველა მეუბნებოდა:
ალბათ, წუნია ხარო. არ შემხვედრია ისეთი ბიჭი, რომელიც გამიგებდა, გავუგებდი და მის გვერდით თავს კომფორტულად ვიგრძნობდი. ოჯახის შექმნა კი მხოლოდ სიყვარულით და ვნების ხარჯზე არ მინდოდა. ვფიქრობდი, გააზრებულად შემექმნა ოჯახი, მყოლოდა ერთგული ქმარი, კარგად აღზრდილი შვილები და მქონოდა ის ბენდნიერება, რომელსაც ორივე – მე და ჩემი ქმარი, ერთად შევქმნიდით. თუმცა, მე იმ კატეგორიის გოგოებს მივეკუთვნები, რომელთაც ყველაფერში უმართლებს პირადის გარდა. კარიერაც ავიწყვე, საკუთარი ბინაც მაქვს, კარგი სამსახური, მანქანაც მყავს და ისე შემომეპარა წლები, ვერც კი გავიგე. მოკლედ, მივხვდი, გვერდით აუცილებლად მჭირდებოდა მამაკაცი, ასე მარტო და დამოუკიდებლად ცხოვრება კომფორტული კი იყო, მაგრამ ცოტა მოსაწყენი და გადავწყვიტე, გავთხოვილიყავი. ბევრი არჩევანი ნამდვილად არ მქონია. ვინც ჩემით იყო დაინტერესებული, აქტიურად მწერდა და მეკონტაქტებოდა სოციალურ ქსელში, იმას შევხვდი. რამდენიმე შეხვედრისას მივხვდი, როგორი ადამიანი იყო. ცოტა ამბიციური, ზედმეტად ემოციური, განსაკუთრებულად ჩაცმის მოყვარული და მოკლედ, ისეთი ადამიანი, საკუთარ თავს რომ აფასებს. სამწუხაროდ, მშობლები გარდაცვლილი ჰყავს და ბინაც ძმამ მიისაკუთრა, რის გამოც ნათესავთან, სარდაფის ტიპის ფართში უწევდა ცხოვრება. ფიზიკურად მუშაობდა და არც ისე ცოტას გამოიმუშავებდა. კიდევ ვამბობ, ვიცი, სხვანაირი შემეფერებოდა, მაგრამ ჩემი ასაკი აღარ მაძლევდა იმის საშუალებას, დაწუნება და იმაზე ფიქრი დამეწყო, ხვალ უკეთესს შევხდები-მეთქი. ავდექი და მასზე შევაჩერე არჩევანი. ხელის მოწერა თავად მოინდომა, მაგრამ უარი ვუთხარი: ცოტა დრო გავიდეს, არ მინდა, ასე სწრაფად მივიღო გადაწყვეტილება. ვიცხოვროთ ერთად, ჩემთან გადმოდი და მერე დრო გვიჩვენებს, როგორ მოვიქცეთ-მეთქი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ სულ თავს ვიკავებდი მასთან ურთიერთობა ოფიციალურად გამეფორმებინა, თითქოს რაღაცას ვგრძნობდი. ერთი სიტყვით, ჩემთან გადმოვიდა საცხოვრებლად, დავიწყეთ ოჯახური თანაცხოვრება და დროთა განმავლობაში, ისეთი თვისებები გამოაჩინა, რასაც ვერც კი წარმოვიდგენდი. ყველა ქალს თვალს ადევნებდა, ვინც გაივლიდა შეფასებას უკეთებდა... თავიდან არ ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ იმდენად დამაკომპლექსა მისმა ასეთმა რეპლიკებმა უცხო გოგონებზე, კამათი მოგვივიდა. მეც კოხტა აღნაგობა მაქვს, მეც მიყვარს ლამაზად ჩაცმა და სულ ფორმაში ვარ, მაგრამ ერთხელაც არ აღუნიშნავს ეს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთ დღესაც აბაზანაში შევიდა და მე მისი ტელეფონი ავიღე. ჩავიხედე მიმოწერებში და თმა ყალყზე დამიდგა... მეზობლის გოგოს ისეთ რამეებს სწერდა, ნამდვილად რომ ვერ გავიმეორებ. ის ურცხვიც, აყოლილი იყო საუბარში და საკმაოდ ინტიმური მიმოწერა ჰქონდათ გაბმული. ისე გადავირიე, ემოცია ვერ მოვთოკე – სანამ ბანაობდა, მე უკვე მისი ბარგი ჩალაგებული მქონდა და კართან დაწყობილი. არ უარყო, რომ იმ გოგოს სწერდა. ვიჩხუბეთ. ის თავისას მიმტკიცებდა, რომ ერთობოდა, მე ჩემსას „ვაწვებოდი“, რომ ამას არ ავიტანდი და სახლიდან გავუშვი. ზუსტად ორ დღეში მივხვდი, რომ მარტოობაა აუტანელი იყო. მინდოდა, სახლში მისულს ისევ დამხვედროდა, ისევ მეზრუნა მასზე და მომეყოლა სამსახურის ამბები. მე არ დამირეკავს, ისევ თვითონ დამირეკა, მოვიდა და ვილაპარაკეთ. სიმართლე გითხრათ, ასაკით პატარა რომ ვყოფილიყავი, არ ვაპატიებდი, მაგრამ ვაპატიე. თან, ვიცი, რომ ის გოგო არ არის კარგი რეპუტაციის და ბევრ კაცთან აქვს სასიყვარულო კონტაქტები. დაიფიცა, აღარასოდეს ვიზამ ასე, შენი ერთგული ვიქნები, ოღონდ შემირიგდიო. მეც მისმა თბილმა საუბარმა გული მომილბო და შევურიგდი, ვაპატიე და ვცდილობ, ის მომენტი აღარ გავიხსენო. არ ვიცი, რამდენად სწორად მოვიქეცი, მაგრამ რაც წლები მემატება, მარტოობა მაშინებს.
დალი, 42 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან