გულახდილი საუბრები

ქმარს ჩემზე მეტად ჩემი ქონება უყვარს

№31

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 11.08

ოჯახური ურთიერთობა
დაკოპირებულია

მეგონა, სიყვარულით გავთხოვდი და აღმოჩნდა, ჩემმა საქმრომ ქონების მიხედვით შემაფასა და ცოლად ანგარების მიზნით მომიყვანა. ეს თავიდან არ მიგრძნია, თუმცა თვეების თანაცხოვრების შემდეგ მივხვდი. კი მეუბნებოდნენ ოჯახის წევრები და მეგობრები, შეცდომას უშვებ, კარგად დაფიქრდიო, მაგრამ ყური არ ვათხოვე. ვფიქრობდი, რადგან სოფლიდანაა და შეჭირვებული ოჯახიდან, ამიტომ იწუნებენ-მეთქი. გარეგნობით მართლაც არაფერი აქვს დასაწუნი, მაგრამ რად გინდა?

ალვის ხეც მაღალი და ტანადია, მაგრამ სარგებელი? თან, არ უნდოდა ჩემებთან ცხოვრება, მერიდება ჩასიძებული კაცის სახელის ტარებაო. სახლი იქირავა და იქ დავიწყეთ ცხოვრება. მერე აწუწუნდა, ვეღარ ვიხდი ქირას, ჩემებთან ხვეწნითა და მუდარით მოვკვდი, უკვე მრცხვენიაო. იმდენი იღრიტინა, მამაჩემს ვთხოვე და ჩემი ძმისთვის ნაყიდი ბინა მოვაცემინე. გადაფორმებაზე რომ დადგა საქმე, ჩემმა ქმარმა გამოყო თავი, ჩემს სახელზე გავაფორმოთო. მე კი დავთანხმდებოდი უტვინოდ, მაგრამ მამა წინააღმდეგი წავიდა: რა მნიშვნელობა აქვს, ვის სახელზე იქნება ბინა, მე ჩემს შვილს ვჩუქნი და მან გადაიფორმოს. რა ვიცი, მერე რა ხდება და ამაზე აღარ იყოს საუბარიო. თითქოს წინასწარ გათვალა. მოკლედ, რამდენჯერმე გამოვიჭირე ჩემი ქმარი, სოციალური ქსელით გოგონებს რომ ეფლირტავებოდა, ვაპატიე და შევცდი. დასასვენებლად ზღვაზე წავედით და გოგო არ გაუშვია, არ გამოლაპარაკებოდა, თვალი არ გაეყოლებინა, ვითომ მე, ორსული ცოლი, მის გვერდით არ ვყოფილიყავი. თავიდან ვფიქრობდი, სოფლიდან ახალი ჩამოსულია, თვალს წყალს დაალევინებს და მერე დაღვინდება-მეთქი, მაგრამ უკვე სამი წელია, დაღვინდა კი არა, არც დამაჭრებულა. რამდენიმეჯერ კამათიც კი მოგვივიდა ეჭვიანობის ნიადაგზე, სახლიდანაც გავაგდე, მაგრამ ისევ შემომიძვრა. თავისი და და სიძე ჩარია და დამარწმუნა, თითქოს ვცდებოდი. გავიდა დრო და ისევ იგივე განმეორდა. დამღალა ამდენმა მისმა კონტროლმა, მარტო გასაშვები არსად არაა. ახლაც მეხვეწება, ჩემებთან წადი სოფელში, ბავშვი წაიყვანე, სუფთა ჰაერზე დაისვენე, ხომ იცი, დედაჩემისა და მამაჩემის ხელში არაფერი მოგაკლდებაო. სად წავალ? ზუსტად ვიცი, ჩემი და ბავშვის გამგზავრება და ჩემს სახლში გოგონების მიყვანა ერთი იქნება. ბიძაჩემმა მოაწყო სამსახურში და საკმაოდ კარგი ხელფასიც დაუნიშნეს. აიჩემა, კარგი ტელეფონი უნდა მეჭიროს, სირცხვილია სამსახურშიო და განვადებით გამოიტანა. იცვამს და იხურავს და რამეს რომ ვთხოვ, დუდღუნს იწყებს: ბანკის ვალი მაქვს, სამსახურში საკვებს ვიძახებ, ცოტას ჩემებს ვუგზავნი, აქეთ თქვენ ხართ – ცოლი და შვილი და რაღა მრჩებაო. მე მამაჩემის ხარჯზე ვარ, ყოველთვიურად პენსიასავით მირიცხავს გარკვეულ თანხას, არაფერი მაკლია, მაგრამ ქმრისგანაც ხომ გამიხარდება? მის საქციელებს რომ ვაკვირდები, თითქოს სიყვარულიც ნელ-ნელა გამინელდა, მაგრამ მინდა, ჭკუაზე მოვიდეს, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებ, თან, ვცდილობ, მაქსიმალურად დიპლომატიურად მივუდგე. ფაქტია, მას ცოლად სიყვარულით არ მოვუყვანივარ და მხოლოდ ქალაქში ცხოვრება უნდოდა. რომ გავიცანი, არც დაუმალავს, რომ უყვარდა ერთი მისი თანასოფლელი გოგო, მაგრამ ნაჩხუბრები იყვნენ. მერე აღმოჩნდა, რომ ნაჩხუბარი კი არა, სოფელში ცხოვრების გამო დაიწუნა, თანაც მისგან სარგებელს ვერ ნახავდა. გამოდის, არც ის უყვარდა და არც მე, უბრალოდ, ჩემზე ქონების გამო გააკეთა არჩევანი და მომავალი დაიბევა. ამის საჯაროდ აღიარება, დამიჯერეთ, ძალიან მიჭირს და მრცხვენია, მაგრამ არც ოჯახის დანგრევა მინდა. კარგი იყო ჩემი ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის დამეჯერებინა და დროულად ამხელოდა თვალები, მაგრამ ახლა გვიანაა სინანული. ვფიქრობ, დრო რომ გავა, მიხვდება, რომ ჩემზე ერთგული და გვერდით მდგომი არავინ ჰყავს და დამაფასებს.

ნუკა, 32 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

19-25 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 19 – 25 სექტემბერი