ქმარმა ორსული მიმატოვა და უცხოეთში სხვა ქალთან ცხოვრობს
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 22.05

საკმაოდ გააზრებულ ასაკში გავთხოვდი, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, ასეთი ბედი თუ მექნებოდა. ქმარმა რვა თვის ორსული დამტოვა და თავად უცხოეთში წავიდა. ვთხოვდი, ჯერ ბავშვი გაჩნდეს და მერე წადი-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა. თან, ნამდვილად არ გვქონდა ისეთი ფინანსური მდგომარეობა, ოჯახი მიეტოვებინა და უცხო მხარეში წასულიყო სამუშაოდ. ბევრი ველაპარაკე, მაგრამ ვერ გადავათქმევინე. დაიჩემა: სანამ ბავშვი გაჩნდება, ჯერ კიდევ ერთი თვეა წინ, ამ დროში იქ სამსახურს ვიშოვი, ფეხზე დავდგები და ფულს გამოგიგზავნითო.
არადა, აქაც საკმაოდ ნორმალურად გამოიმუშავებდა, მამამისსაც პატარა ბიზნესი აქვს, დედაც პედაგოგია და ასე თუ ისე, მადლობა ღმერთს, შემოსავალი ოჯახს გვყოფნიდა და დღესაც გვყოფნის. სხვათა შორის, სანამ ცოლად გავყვებოდი, მანამდეც ამბობდა, უცხოეთში მინდა წასვლაო, მაგრამ მეგონა, დაფიქრდებოდა და გადაიფიქრებდა. ერთი სიტყვით, სამ ძმაკაცთან ერთად წავიდა. პირველ ხანში, გარკვეულ თანხას აგზავნიდა. ბავშვი რომ გაჩნდა, რამდენიმეჯერ ამანათიც გამოაგზავნა. მერე შეამცირა თანხა, იშვიათადაც აგზავნიდა, ბოლოს კი საერთოდ აღარ მეკონტაქტებოდა. თქვა: სამუშაო დროებით არ მაქვს, ვეძებ და როგორც კი ვიშოვი, ეგრევე გამოგიგზავნი ფულს, აბა, რისთვის ვარ აქ წამოსულიო. რეალურად კი მატყუებდა. ძმაკაცებისგან გავიგე, რომ ვიღაც გოგოსთან ცხოვრობდა, მუშაობდა კიდეც და არც არაფერს იკლებდა. ფულში არ არის საქმე, ჩემს შვილს და მე არაფერი გვაკლია. ჩემებიც და დედამთილ-მამამთილიც გვერდით მიდგანან, მაგრამ როგორც ქალი და ცოლი, შეურაცხყოფილი ვარ. ერთმა ნათესავმა ისიც კი მითხრა: აბა, რა გეგონა, ამდენი ხანი უქალოდ ხომ არ იქნებოდა, სანამ იქ იქნება ეყოლება. როცა დაბრუნდება, კი მოგიწვება გვერდით, არ ინერვიულოო. აი, ასე რომ გეტყვის ადამიანი, რა უნდა უპასუხო? მამამისს ბავშვი ხელში ერთხელაც არ დაუჭერია, მისთვის არც ღამე უთენებია, არც პირველი სიტყვა გაუგია და არც მისი პირველი ნაბიჯები უნახავს. ცხოვრობს იმ ქალბატონთან ერთად მშვიდად და არ ადარდებს რას განვიცდი. დაქალებმა ისიც კი მითხრეს: მაგ ოჯახში როგორღა ჩერდები, ადექი და წადიო. მაგრამ, მე წასვლა არც მიფიქრია. ბებია-ბაბუა თან ჰყვებიან ბავშვს, მეც შვილივით ვყავარ და ერთმანეთს უდიდეს პატივს ვცემთ. ის ვაჟბატონი კი, როცა ჩამოსვლას დააპირებს, ცოლი ნამდვილად არ დახვდება სახლში. როგორც კი გავიგებ, დაბრუნებას აპირებს, დაველაპარაკები ჩემს დედამთილ-მამამთილს და იმ სახლიდან წავალ. ნამდვილად არ მეგონა, მოღალატე თუ იყო. რა სჭირდა საამისო, რომ ასე გამიმეტა, თავმოყვარეობა შემილახა და სანათესაოსა და სამეგობროს საჭორად გამიხადა საქმე. ნამდვილად არ ვაპირებ პატიებას და თუ ასე ძალიან უნდა შვილთან ურთიერთობა, რომ ჩამოვა არ დავუშლი ნახვას, მაგრამ რომ გაიზრდება, მაინტერესებს რა არგუმენტს მოუყვანს, რა ზღაპრებს მოუყვება, რის გამო მიგატოვეთ შენ და დედაშენიო. არ ვიცი, როგორ შევცდი, არადა ნამდვილად სიყვარულით შევქმენით ოჯახი. ნამდვილი ყოფილა, რომ ამბობენ: როცა მანძილი შორდება, გულიც ცივდებაო. არანაირ სიყვარულსა და პატივისცემას არ ვგრძნობ მის მიმართ და არც მის ცოლად მივიჩნევ თავს. ეს ყველაფერი ნათქვამი მაქვს დედამთილ-მამამთილისთვის და არ მამტყუნებენ. კიდევ კარგი, შეგნებული ხალხია და მათთან კომუნიკაცია არ მიჭირს. ხვდებიან, მათმა შვილმა რაც გააკეთა, მეც მხედავენ, როგორი რძალი და დედა ვარ და ასმაგად მცემენ პატივს. არც მე ვარ დაუნახავი, ვერ დავინახო და დავუფასო, რასაც ჩემთვის აკეთებენ. მთავარია, შვილი მყავს, მისი სახით მომავლის იმედი მაქვს, არც არაფერი გვაკლია და მშვიდად ვცხოვრობთ. რას ვიზამთ, ყველას ვერ გაუმართლებს ქმარში და სხვა ბევრ ქალს შორის ასეთი მეც აღმოვჩნდი. რასაკვირველია, გული მტკივა, ასე რომ მოხდა, მაგრამ არ ვწუწუნებ, რადგან გვერდით ასეთი ადამიანები მიდგანან და მარტო ნამდვილად არ ვარ.
ფიქრია, 32 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან