გულახდილი საუბრები

ქმარმა ორსული მიმატოვა და ყოფილ ცოლს დაუბრუნდა

№8

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 29.02

დედის აღსარება
დაკოპირებულია

ბევრისგან გამიგია, ნაცოლარი კაცის ცოლობა რთულია, მით უმეტეს, თუ საერთო შვილი ჰყავთ. ყოფილი არასოდეს ანებებს თავს და გამუდმებით აშანტაჟებსო, მაგრამ მეგონა, ეს გადაჭარბებული იყო. ჩემს სამეგობროშიც იყვნენ გოგონები, რომლებსაც ქმრები გაშორდნენ და მეორე ცოლი მოიყვანეს, მაგრამ მათ ყოფილებთან არასოდეს უმანიპულირებიათ შვილებით.

ასე იყო თუ ისე, შემიყვარდა ბიჭი, რომელიც ცოლს გაშორებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ცოლთან ოთხი წლის გაშორებული იყო, ის მაინც არ ანებებდა თავს და სულ იმედი ჰქონდა შეურიგდებოდა. ეს მერე გავიგე, როცა უკვე სიგიჟემდე ვიყავი შეყვარებული. მანამდეც ინტრიგნობდა, მაგრამ ჩემი შეყვარებული ამ ამბავს მიმალავდა, ჩემამდე არ უშვებდა, თორემ მაშინ რომ ეს მცოდნოდა, აუცილებლად დავანებებდი თავს. ცოლად რომ გავყევი, მერე დაიწყო ნამდვილი კოშმარი. ყოფილი კვირაში სამჯერ ურეკავდა ჩემს ქმარს და ბავშვის სახელით, ათას რამეს იმიზეზებდა, რომ მასთან მისულიყო. რასაკვირველია, თავიდან ვითმენდი, მაგრამ მერე მეც ამოვიღე ხმა. კატეგორიულად მოვთხოვე ქმარს, მხოლოდ ბავშვის ზარისთვის ეპასუხა და ყოფილი ცოლთან ზედმეტი ურთიერთობისგან თავი შეეკავებინა. მაშინ მოგვივიდა პირველი კონფლიქტი. მითხრა: ხომ იცოდი, ცოლი რომ მყავდა და შვილიც რომ სიგიჟემდე მიყვარს, ვერ ავიტან შენგან ულტიმატუმებს და აკრძალვებს, ჩემი შვილის გამო მთებს გადავდგამ და ვერავინ ჩადგება ჩვენ შორისო. ეს მითხრა, თან ერთი სიტყვაც არ დაუძრავს იმაზე, როგორ ვუყვარვარ, რომ მეც მნიშვნელოვანი ვარ მისთვის და რომ ყოფილი ცოლი აღარ უყვარს. ამას ველოდი, მაგრამ ამაოდ. ორსულად რომ დავრჩი, რასაკვირველია, გაუხარდა და სულ იმას იმეორებდა: რა კარგია, ჩემს გოგონას დედმამიშვილი რომ ეყოლება. არ მინდა, მარტო იყოსო. ორსულობის პერიოდში, კიდევ უფრო ეჭვიანი და მგრძნობიარე გავხდი. მისი ყოფილი ცოლის ყოველი ზარი, კონფლიქტის საბაბი ხდებოდა. ჩემი ქმარი კი მეუბნებოდა, აჭარბებო, მაგრამ აშკარა იყო, მისი ყოფილი ცოლი ცდილობდა, რაც შეიძლება ხშირად ენახა შვილის მამა და მის გვერდით გარკვეული დრო გაეტარებინა. რამდენიმეჯერ ვთხოვე, ბავშვი ჩვენთან მოიყვანე, შენ ნუ მიდიხარ იქ-მეთქი და ამაზეც გაბრაზდა: მე მამა ვარ და ჩემს შვილს სადაც უნდა, იქ ვნახავ. შენ ზედმეტად ეჭვიანი გახდი და არ მსიამოვნებსო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ორსულობის პერიოდში საკმაოდ დაგვეძაბა სიტუაცია და კულმინაცია დაბადების დღეზე ჩემი ქმრისთვის გამოგზავნილი სუნამო და საათი გახდა. ვთხოვე ჩემს მეუღლეს, ყოფილისთვის უკან დაებრუნებინა გამოგზავნილი საჩუქრები, მაგრამ იუარა. მივხვდი, მხოლოდ ბავშვი არაფერ შუაში იყო და მის მიმართ ისევ ჰქონდა გრძნობა. ვერ ვიტყვი, მე არ ვუყვარდი-მეთქი, მაგრამ ფაქტია, მისი დაკარგვა არ უნდოდა. ცდილობდა, ყველა მის ზარზე ეპასუხა, მის დაძახილზე გავარდნილიყო და ტოქსიკური ორსული მარტო დავეტოვებინე სახლში. რვა თვის ორსულს ნათესავმა დამირეკა, მომიკითხა და შემომაპარა: რაღაც მინდა, გითხრა, თან, მერიდება, მაგრამ ეს უნდა იცოდე. ხომ იცი, სავაჭრო ცენტრში ვმუშაობ და შენს ქმარს, ვიღაც გოგოსთან ერთად ვხედავ ხშირად, რაღაცებს ყიდულობს და ხელგადახვეული დადიანო. ანუ, აღმოჩნდა, რომ ყოფილს ბავშვის გარეშეც ხვდებოდა, საჩუქრებით ანებივრებდა და არც იმას ერიდებიოდა, ვინმეს მის გვერდით ხელგადახვეული დაენახა. სამსახურიდან რომ დაბრუნდა, ძალიან ვიჩხუბეთ. მომაძახა: ავადმყოფურად ეჭვიანთან არ შემიძლია ცხოვრებაო. გაიჯახუნა კარი და წავიდა. იმ ღამით რომ არ დაბრუნდა, ვიფიქრე, მის მშობლებთან დარჩა. დილით რომ დავრეკე, იქ არ მისულა. აღმოჩნდა, იმ ღამესვე მის პირველ ცოლსა და შვილს დაუბრუნდა და დღემდე მათთან ცხოვრობს. უკვე ბავშვს ველოდები და არც კი ვიცი, ის ორი თვე რა ჯოჯოხეთი გავიარე. ახლაც მიჭირს იმის გააზრება, რაც ჩემს თავს მოხდა. ერთადერთი იმედი ჩემი შვილია. მთავარია, ჯანმრთელი დაიბადოს და ზუსტად ვიცი, არასოდეს არაფერს მოვთხოვ მის მამას, მაგრამ არც იმაზე ვიტყვი უარს, თუ რაიმეს თავისი ინიციატივით გაუკეთებს. იყოს იქ, სადაც არის. არ ვაპირებ მისი პირველი ცოლივით შანტაჟს და ბავშვით მანიპულირებას.

სალომე, 28 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული