გულახდილი საუბრები

ქმარმა ღალატი კი მაპატია, მაგრამ მასთან ვეღარ დავრჩი

№47

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 02.12, 2021 წელი

ქალის აღიარება
დაკოპირებულია

არასოდეს მიფიქრია, რომ ქმრის ღალატს შევძლებდი. სიყვარულით გავთხოვდი და საყვარელ მამაკაცთან ერთად არაჩვეულებრივი ოჯახი შევქმენი. არც პატივისცემა მაკლდა და არც მატერიალურად მიჭირდა. ქმრის მშობლები, როგორც იტყვიან, საკუთარ შვილებში არ მარჩევდნენ, მული კი დას მეძახდა. თუმცა, ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით, წამიერ ვნებაზე აყოლას გადავაყოლე. 

გაუაზრებლად ვუღალატე ქმარს და ძალიან ვნანობ. ერთი სიტყვით, დაქალის დაბადების დღეზე ვიყავი წყნეთში. ცოტა დავლიეთ, გავერთეთ და კარგად შეზარხოშებული დაქალებს ავყევი, დავიჯერე მათი სულელური რჩევა, რომ „ახალი ხილი“ საინტერესო გასასინჯია, არ უნდა ვიყო გოიმი, არაფერი დაშავდება და ვერც ვერავინ გაიგებს, თუ ქმარს ერთხელ უღალატებ. სასმელი მომერია, გონება დამებინდა და ქმარს ისე ვუღალატე, არც კი გამიცნობიერებია, რა ჩავიდინე. მეორე დილით, გამოფხიზლებულმა, სხვა მამაკაცის მკლავებში რომ გავიღვიძე, მერე მივხვდი, რაც ჩავიდინე. რომ არ მეთქვა, ჩემი ქმარი ვერც ვერაფერს გაიგებდა. მენდობოდა და ამიტომაც არ მიშლიდა ღამით დაქალებთან ერთად აგარაკზე დარჩენას. კიდევ ვამბობ, არც მე მიფიქრია მისი ღალატი და სხვა კაცთან სექსი. უბრალოდ, სასმელმა, სიმთვრალემ და დაქალების სულელურმა რჩევამ დამღუპა. თავად, მეგობრების უმეტესობას, ზოგს დანგრეული აქვს ოჯახი, ზოგსაც ქმრის პარალელურად სხვა კაცი ჰყავს, ზოგს ოჯახი არ აქვს და ცოლიანი საყვარელი ჰყავს... თუმცა, ისინი არასოდეს გამიკიცხავს. ვისაც როგორ უნდა, ისე ცხოვრობს. მე ნამდვილად არ მინდოდა მათნაირი ვყოფილყავი, თუმცა მათთან მეგობრობა მახალისებდა და ყოველდღიური რუტინისგან ერთგვარი განტვირთვა იყო. ფაქტია, ჩემს ქმარს ძილშიც არ დაესიზმრებოდა ჩემი მხრიდან ღალატი, მაგრამ მოხდა – ვუღალატე და ძალიან ცუდად მოვიქეცი. იქიდან დაბრუნებული, თვალს ვერ ვუსწორებდი. არადა, ჩამაჯინდა, მომიყევი როგორი დრო გაატარეთ, ხომ იცი, მიყვარს თქვენი ამბებიო. მოვიმიზეზე, ცოტა დავლიე და თავი მტკივა, წავიძინებ-მეთქი. დავწექი და ბევრი ვიფიქრე. არ მინდოდა ტყუილში ცხოვრება, საყვარელ ადამიანს რქების დადგმით შეურაცხყოფა მივაყენე, მაგრამ ვფიქრობდი, სიცრუეში ყოფნა უფრო უარესი იქნებოდა. მეც ვერ გავუძლებდი ამ ტვირთის ზიდვას და ამიტომ, გადაწყვეტილება მივიღე: დავუძახე საძინებელში და ტირილით მოვუყევი, რაც მოხდა. გაოგნდა, თავი ჩაღუნა და ხმა არ ამოუღია. დიდხანს იჯდა ასე ჩუმად და უსმენდა ჩემს ტირილს და აღიარებას, რომ არ მინდოდა და ნასვამს უნებლიეთ მომივიდა, ვერ ვაზროვნებდი... იმ საღამოს, სახლში არ მოსულა, მეგობართან დარჩა. მეორე დილით კი უთენია დაბრუნდა, დამიჯდა და მითხრა: გადაწყვეტილება მივიღე, ხდება ცხოვრებაში ისეთი რამ, რაც არ გვინდა, მაგრამ ამის გამო ვერ ავირევ ყოფას, მიყვარხარ და მინდა, გაპატიო, ოღონდ დაიფიცე, რომ ეს იქნება უკანასკნელი და ამას ჩვენ გარდა ვერავინ გაიგებსო. არაფერი მიპასუხია, ჩავეხუტე და ისევ ავტირდი. თან გულში ვიმეორებდი: როგორ დარჩება ჩვენს შორის, მთელმა ჩემმა სადაქალომ იცის-მეთქი... მოკლედ, მაპატია და ისე გავაგრძელეთ ცხოვრება, თითქოს არაფერი მომხდარა, თითქოს მართლა სიზმარი იყო, ცუდი სიზმარი. თუმცა, მოღალატის სტატუსის ტარება შიგნიდან მღრღნიდა. მასთან ყოველ დაწოლისას, უხერხულობას ვგრნობდი, მრცხვენოდა. მართალია, შვილი არ გვყავდა, მაგრამ ამაზე არც არასოდეს უთქვამს საყვედური. ჰოდა, ეს ფაქტი მოვიმიზეზე მისგან წასვლისას. ვუთხარი: შვილი არ მყავს, მინდა, ბედნიერი იყო, შექმნა ოჯახი, ცოლი გიყვარდეს და ძალიან ბევრი შვილი გყავდეს. მე ვერ დავრჩები შენთან, თან იმ ფაქტის მერე, მიჭირს შენთან ურთიერთობა და შენიღბული და მოტყუებული ცხოვრება არ მინდა-მეთქი. მეხვეწა, მემუდარა, მაგრამ მისგან წამოვედი. არ ვმალავ, დღესაც მიყვარს და ძალიან მაგრად. ჩემ გვერდით სხვა მამაკაცი ვერც წარმომიდგენია, მაგრამ ისეთი დანაშაული ჩავიდინე, მისი ღირსი არ ვარ. არ ვიცი, დროთა განმავლობაში რა მოხდება, მაგრამ ახლა ერთმანეთისგან შორს ვართ. ხანდახან მირეკავს და მკითხულობს და მისი ხმის გაგონება ძალიან მსიამოვნებს და მიხარია, რომ ვახსოვარ. ვიცი, მასაც ვუყვარვარ და უჭირს ჩემი დათმობა. თუმცა, სჯობს გარკვეული პერიოდი ასე ცალ-ცალკე ვიყოთ და მერე დრო გვიჩვენებს, რამდენად ვართ ერთმანეთისთვის დაბადებული.

ვიკა, 28 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი