გულახდილი საუბრები

ქმარიც მყავს და ახალგაზრდა საყვარელიც

№46

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 23.11, 2023 წელი

სინანული
დაკოპირებულია

ყოველთვის მორჩილი ბავშვი ვიყავი. მშობლების სიტყვა ჩემთვის კანონი იყო. მე და ჩემო ოთხი დედმამიშვილი შეჭირვებულ ოჯახში გავიზარდეთ, თუმცა სიღარიბეზე არასოდეს დამიწუწუნია. მინდოდა, სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა უმაღლესში გამეგრძელებინა, კარგი იურისტი გამოვსულიყავი, მემუშავა და ჩემით იმდენი ფული მეშოვა, მეც რომ მეყოფოდა და ჩემს ოჯახსაც. თუმცა, ეს ჩემს აუხდენელ ოცნებად დარჩა. სკოლა რომ დავამთავრე, ოჯახმა ჩემი გათხოვება გადაწყვიტა.

შემირჩიეს შეძლებული, ასაკით საკმაოდ დიდი მამაკაცი და მასზე დამნიშნეს. ღამეებს ტირილში ვატარებდი, მაგრამ ოჯახს წინააღმდეგობა ვერ გავუწიე. არასოდეს მყოლია შეყვარებული, არ ვიცოდი, რა იყო სიყვარული და ასეთი სუფთა და უმანკო გამაყოლეს სრულიად უცნობ კაცს მხოლოდ იმის გამო, რომ ბევრი ფული და ქონება ჰქონდა. მის ოჯახში მისულს მოხუცი დედამთილ-მამამთილი დამხვდა. ერთი სიტყვით, ქმართან ყოფნა ხომ ჯოჯოხეთი იყო ჩემთვის და მისი მოხუცი მშობლების მოვლა – კიდევ უფრო რთულად გადასატანი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, რამდენიმე წელში დედამთილიც გარდაიცვალა და მამამთილიც. მე მხოლოდ ერთი შვილი გავაჩინე და მიუხედავად იმისა, რომ არაფერი მაკლდა, არც ჩასაცმელ-დასახური, არც საჭმელ-სასმელი და არც არსად წასვლა, თავს მაინც უბედურ ადამიანად ვგრძნობდი. ვერ ვიტყვი ცოდვას, რომ ჩემი ქმარი ეჭვიანია ან სადმე გართობა დამიშალა. პირიქით, სულ მეუბნებოდა და მეუბნება: მე არ მაქვს მაგის ნერვები, შენ კი ნუ შეიზღუდავ თავს, ნურც მეგობრებს გამოაკლდები, ნურც სამეზობლოს და ნურც ნათესაურ თავყრილობებსო. წლების წინ ვთხოვე, ყველა სურვილს მისრულებ და რა გახდა ერთი სამსახური მიშოვო-მეთქი. არაფერი მითხრა და ზუსტად ერთ კვირაში, სახლთან ახლოს არაჩვეულებრივი სამსახური მიშოვა. თითქოს ყოველი დღე გამიხალისდა, დილით ადგომა მიხაროდა, რომ ვიცოდი უნდა გავპრანჭულიყავი და ის დღე თანამშრომლებთან ერთად გამეტარებინა. არაჩვეულებრივი კოლექტივია და ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ჩემს მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა, დღეს ჩემი საყვარელია. არ დავმალავ და არც იმის თქმის მრცხვენია, რომ დიახ, ვღალატობ ქმარს. ის ახლა იმ ასაკშია, სამსახურიდან მოსული, ტელევიზორის წინ რომ ჯდება და ეძინება, მე კი ახალგაზრდა ვარ, მინდა, თავგადასავლებით სავსე ცხოვრება მქონდეს და ამიტომაც დავთანხმდი ასაკით პატარა მამაკაცის საყვარლობას. ახლა, ჩემი ცხოვრების გადასახედიდან, ძალიან ვბრაზობ ჩემს მშობლებზე, როგორ გამიმეტეს და როგორ გამათხოვეს ისე, არც კი უკითხავთ, რას ვგრძნობდი, რა მინდოდა. აღარც მინდა ის ჯოჯოხეთური წლები გავიხსენო, როცა თავს დაჩაგრულად ვგრძნობდი და იმ კაცის გვერდით წოლა, კიდევ უფრო მეტად მთრგუნავდა, ვის მიმართაც იოტისოდენა გრძნობაც არ გამაჩნდა. წარმოიდგინეთ, მამაჩემზე ხუთი წლით უმცროსი იყო. მამასთან და დედასთან მეგობრობდა, კარგად უგებდნენ ერთმანეთს. ახლა კი, ახალგაზრდა საყვარლის გვერდით, ნამდვილ ქალად ვიგრძენი თავი. ქმარიც მყავს და საყვარელიც, მაგრამ ამის გამო არასოდეს დავიდანაშაულებ თავს. რადგან სამსახური ჩემს სახლთან ახლოს არის, თანამშრომლები, ხშირად მოდიან ჩემთან, ვუშლი სუფრას და ჩემი ქმარიც გადასარევად იცნობს იმ კაცს, რომელიც მიყვარს და რომლის გვერდითაც ბედნიერი ვარ. ვერავინ ვერაფერს ამჩნევს, მით უმეტეს ჩემი ქმარი. პირიქით, იმას მეუბნება: როგორი ხალისა ხარ, როგორი ენერგიულიო. ქმრის არა, მაგრამ შვილის ცოტა მერიდება. არ მინდა, ეს ამბავი გაიგოს. ისეთი ამაყი ბიჭია, შეიძლება, ჩემმა საქციელმა მის თავმოყვარეობაზე იმოქმედოს. ამიტომ, ვცდილობ, ეს ურთიერთობა საგულდაგულოდ დავმალო. მართალია, უზრუნველი ცხოვრება ასაკით უფროსმა მამაკაცმა მომიტანა, მაგრამ მე ბედნიერება ახალგაზრდა საყვარლის გვერდით ვიპოვე.

ნინო, 48 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა