გულახდილი საუბრები

ქმარი საყვარლისგან გაჩენილი შვილის გაზრდას მთხოვდა და ამის გამო ოჯახიდან წამოვედი

№26

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 07.07, 2022 წელი

ოჯახური ურთიერთობა
დაკოპირებულია

ათი წელი გათხოვილი ვიყავი. ქმრის ოჯახმა დიდი სიყვარულითა და სითბოთი მიმიღო, თუმცა, გათხოვებიდან ერთი წლის თავზე, სიტუაცია დაიძაბა. ორსულად არ ვრჩებოდი და ამის გამო დედამთილ-მამამთილი სულ ბუზღუნებდნენ. ყოველ დღე მეკითხებოდნენ: 

როდის უნდა გვაჩუქო შვილიშვილი? ერთი შვილი გვყავს და გვინდა სახლში მისმა შვილებმა ირბინონ და აახმაურონო. თუ პრობლემა გაქვს, თქვი და ექიმთან წაგიყვანთ ან, იქნებ, სპეციალურად არ გინდა ბავშვი, ახლა რომ იციან ახალგაზრდებმა – ჯერ ადრეა, ცოტას ვიკოტრიალებ ქმართან და მერე გავაჩენო. მწყინდა ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ ჩემი ქმრის ხათრით ხმას არ ვიღებდი. რამდენიმეჯერ ექიმთანაც ვიყავით მისულები, მაგრამ უშვილობის პრობლემა ყველა ექიმმა გამორიცხა. ერთი პერიოდი ხელოვნურ განაყოფიერებაზე დავფიქრდი – დაქალმა მირჩია, მაგრამ ფასები რომ გავიგე, ვერ შევწვდებოდი და გავჩერდი. ერთი სიტყვით, გადიოდა წლები და შვილი არ გვიჩნდებოდა, დედამთილ-მამამთილი კი აგრესიას უმატებდნენ. თუმცა ქმარს ამის გამო ჩემთან გაშორება არც უცდია. უბრალოდ, ამ მტკივნეულ თემაზე ჩვენთვის, ჩუმად ვსაუბრობდით და დარდსა და ტკივილს სხვებს არ ვახვევდით თავს. არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა, სანამ დედამისი და მამამისი არ გადაიბირებდნენ. ერთ დღესაც, სახლში მისულს, ქმარი ცუდ ხასიათზე დამხვდა. მიზეზი რომ ვკითხე, შენც კარგად იციო, ადგა და მეორე ოთახში გავიდა, თავიდან მომიცილა. ვერ მივხვდი, მაგრამ კითხვებით თავი არ მოვაბეზრე. ვიფიქრე, გავიდეს ცოტა დრო და მერე გამოვკითხავ, რა ხდება-მეთქი. ვინ მაცალა? დედამთილი სამზარეულოში შემომივარდა და მკაცრი ტონით დამიწყო კამათი: ვერ ხვდები, რა დღეში ჩააგდე ჩემი შვილი? როდემდე უნდა იაროს უშვილძიროდ? შენ შენს გზაზე წადი და მიეცი ამას საშუალება, ცხოვრებით გამახაროსო. იქ კი ამომასხა და დავეტაკე: როგორ გგონია, მე არ მინდა, დედა გავხდე? არ მინდა, მეც მყავდეს შვილი? შენ შვილიშვილზე დარდობ და მე – შვილზე! ამდენი წელია, ვიტანჯები, ერთი და იგივე საფიქრალი მაქვს, მაგრამ არაფერი გამოდის და ამის გამო საყვარელ ადამიანს უნდა დავცილდე, რაებს მელაპარაკები-მეთქი. ჩხუბის ხმაზე ჩემი ქმარიც შემოვარდა სამზარეულოში და ორივეს დაგვიყვირა: მორჩით ღრიალს, ისედაც თავი მისკდება. როგორც მე ვიტყვი, ისე იქნებაო. კი გამიკვირდა, მისი ასეთი დამოკიდებულება, არ არის მკაცრი და მისი ყვირილიც არ გამიგია. მოკლედ, ის ღამე თეთრად გავათენე. ვხვდებოდი, რომ ჩემი ქმარი დედამისისგან იყო დარიგებული და რაღაცის თქმა უნდოდა, თუმცა ვერ მიბედავდა. დილით ყავა მოვუმზადე, საწოლში მივუტანე და მშვიდად დავუწყე საუბარი. მაშინ მითხრა: იცი, რაღაც გადავწყვიტე, ვფიქრობ, ასე აჯობებს, თან, მინდა, სიმართლე იცოდე, დავიღალე ამდენი ტყუილით და პირდაპირ გეტყვიო. მითხრა, რომ ვიღაც გოგოსთან დადიოდა, მაგრამ არ უყვარდა. უბრალოდ, უნდოდა ორსულად დარჩენილიყო და შემდეგ ბავშვი წამოეყვანა. შოკში ჩავვარდი. ვიფიქრე, რა ზღაპრებს მიყვება, ან როდის ასწრებს მასთან ყოფნას, ან ეს ყველაფერი უჩემოდ როგორ დაგეგმა-მეთქი. თავში ათასი ფიქრი წამოვიდა და მივხვდი, იმ ოჯახში ზედმეტი ვიყავი და საყვარელი მამაკაციც მშობლების დაკრულზე „ცეკვავდა“, ისე, რომ არც კი მკითხა, მინდოდა თუ არა მისი საყვარლისგან გაჩენილი შვილის გაზრდა-პატრონობა. მეწყინა, მეტკინა, გული ჩამწყდა და მივხვდი, იმ სახლში ჩემი ადგილი აღარ იყო. ამ ამბიდან სულ რაღაც ერთ თვეში, ჩავალაგე ბარგი და წამოვედი. სიმართლე გითხრათ, ქმრის ოჯახიდან არავის არ მოუკითხივარ. თუმცა, ერთხელ დამირეკა ჩემმა ქმარმა და ისევ იგივეს მთხოვდა: გააჩენს ის გოგო შვილს და ჩვენ გავზარდოთო. რასაკვირველია, არ დავთანხმდი. დღესაც მეგობართან ვცხოვრობ. არც კი ვინტერესდები, რა ხდება იქ ჩემი წამოსვლის შემდეგ, რას აპირებენ. არც ის გამიკვირდება, ის გოგო სახლში მიიყვანონ და რძლად დაისვან. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ.

ანანო, 37 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი