გულახდილი საუბრები

ქმარი მოკვლით მემუქრება

№33

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 28.08

სინანული
დაკოპირებულია

მთელი 22 წელი გავატარე ქორწინებაში და ახლა ვნანობ, ამდენი ხანი რომ გავჩერდი ქმართან, რომელიც არასოდეს ყოფილა მოსიყვარულე, ერთგული და თბილი, თუმცა ამას ჩემგან ითხოვდა. ვეუბნებოდი: იქნებ, ეცადო და შეიცვალო, ძალიან ცივი ხარ ჩემ მიმართ, ამას არ ვიმსახურებ-მეთქი, მაგრამ ამაზე სულ ჩხუბობდა. მეუბნებოდა, რომ მეჩვენებოდა, რომ არაფრისგან პრობლემას ვქმნიდი და არ ვიყავი კარგი ცოლი. ერთი სიტყვით, კიდევ ვამბობ, არ ვიცი, ამდენი წელი მის გვერდით როგორ ვიცხოვრე და ვიარსებე. სამსახური რომ დაკარგა და ფინანსური პრობლემები შეგვექმნა, გამომიცხადა: 

მე, როგორც შემეძლო, გარჩენდით, ახლა დროა, ცოტა შენც გაისარჯო, არასოდეს გიმუშავია და იქნებ ერთი ადგილი ასწიო და შეგვეშველო ოჯახსო. მართლა არ მიმუშვია, რადგან სამი შვილი დამოუკიდებლად გავზარდე, არავინ მომხმარებია. მუშაობაზე ერთხელ წამომცდა სიტყვა და არ დამავიწყება, თავზე დამახურა ჩემმა ქმარმა: რისი გამკეთებელი ხარ, რა შეგიძლია, სახლში ზიხარ და ვერაფერს აკეთებ და სამსახურიდან რომ მოხვალ დაღლილი, რამეს მოასწრებო? არადა, სახლი ყოველთვის დაკრიალებული მქონდა, ბავშვები – მოვლილი, ქმრის ტანსაცმელი მუდმივად წესრიგში და რამდენიმე კერძიც – გამზადებული. უბრალოდ, შარიანი და დაუნახავი იყო და ასეთად დარჩა. მოკლედ, მისი მამიდაშვილი ემიგრაციაში იყო, დაურეკა და ჩვენი მდგომარეობის შესახებ მოუყვა. მან შესთავაზა ჩემი წაყვანა. უთხრა: თუ გიჭირთ, მე აქ ვარ და დავეხმარები, სამსახურს ვუშოვი, ცოტა ხნით გამოუშვი, ბავშვები უკვე დიდები არიან და სანამ შენც რამეს იშოვი, არ გაგიჭირდებათო. ჩემდა გასაკვირად, დათანხმდა თავის მამიდაშვილს და ისე, რომ ჩემთვის აზრი არც უკითხავს, ემიგრაციისთვის გამწირა. მეც ვიფიქრე; ბავშვებს რომ არ გაუჭირდეთ, წავალ ერთი-ორი წელი, ვიმუშავებ და მერე ჩამოვალ-მეთქი. თუმცა, უკვე ექვსი წელი გავიდა და იმდენად ამოვისუნთქე და შევეგუე აქ ცხოვრებას, მისკენ გამოხედვაც არ მინდა, უბრალოდ, შვილები მენატრებიან სიგიჟემდე და მინდა, ისინიც აქ წამოვიყვანო. ორი წელია, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა მამაკაცი, რომელიც უცხოელია და ცდილობს, ჩემი გულის მოგებას. იმდენად რომანტიკული და ყურადღებიანია, ჩემი უხეში ქმრის მერე მამაკაცისგან მსგავსი ქცევა ცოტა მეუცხოება კიდეც. ჩემზე ასაკით უფროსია, უზრუნველყოფილი ბინით, მანქანითა და კერძო ბიზნესით. მელაპარაკა, თუ ქმარს გაშორდები და შვილებს ჩამოიყვან, მე მოგხედავთ, ოღონდ ვიცოდე, რომ თავისუფალი ქალი ხარ და ჩემი ცოლი გქვია, შენგან მეტი არაფერი მინდაო. ბევრი ვიფიქრე, როგორ მოვქცეულიყავი და მივხვდი, ეს ადამიანი, არა მარტო ჩემთვის, ჩემი შვილებისთვისაც კარგი პატრონია. თან, ვგრძნობ, რომ ჩემი ქმარი აღარ მიყვარს, მასთან დაბრუნება აღარ მინდა. ბევრი ფიქრის შემდეგ, ჩემს ქმარს დაველაპარაკე და ვუთხარი, რომ აღარ მიყვარს და მასთან გაშორება მინდა, მაგრამ ისეთები ჩაიდინა, კინაღამ ყურმილში გამოძვრა. მაგინა, მლანძღა, შეურაცხყოფას რომ თავი დავანებოთ, მოკვლით დამემუქრა. კიდევ კარგი, ამ კაცის შესახებ არ იცის და არც მე მითქვამს, თორემ ფეხით ჩამოვიდოდა. მაგრამ, მე უკან აღარ დავიხევ, მისი მუქარის არ მეშინია, მთავარია, ჩემსას მივაღწიო, მასთან ხელი გავაწერო და მერე მე ვიცი, როგორ დავგეგმავ ჩემი და ჩემი შვილების მომავალს.

მანანა, 49 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა