გულახდილი საუბრები

კაცებს ვკიცხავდი საყვარლების გამო და თავად გავხდი ცოლიანი კაცის საყვარელი

№11

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 26.03

ქალის აღიარება
დაკოპირებულია

ბედნიერი ბავშვობა მქონდა. სანამ მამა ცოცხალი იყო, არაფერს მაკლებდა. ჩემს მშობლებს არასოდეს უთქვამთ უარი არცერთ ჩემს ახირებაზე და ყველაფერი იმაზე მეტი მქონდა, ვიდრე საჭირო იყო. მამის გარდაცვალების მერე კი ძალიან გაგვიჭირდა.

დედას სხვა გზა არ ჰქონდა, უცხოეთში წავიდა და იქიდან გვეხმარებოდა მე და ბებოს. მეცოდებოდა და ვცდილობდი, არაფერი მომეთხოვა მისთვის. თუმცა, სულ ვფიქრობდი იმ ბავშვურ წლებზე, როცა არაფერი მაკლდა, ყველა სურვილს მისრულებდნენ და გონებაში ჩაბეჭდილი მქონდა, აუცილებლად შეძლებულ ოჯახში შევსულიყავი, მდიდარი საქმრო ამერჩია, რომ ცხოვრება უზრუნველი მქონოდა. სტუდენტობის დროს გავიცანი ბიჭი, რომელიც კარგი მანქანით დადიოდა, ბრენდული ტანისამოსი ეცვა და სულ ძვირად ღირებულ სიგარეტს ეწეოდა. გარეგნობით დიდი ვერაფერი იყო, მაგრამ დამაინტერესა. მას კი, როგორც მერე აღმოჩნდა, მოვწონდი. ერთი სიტყვით, სულ ცოტა ხანი ვიყავით შეყვარებულები და ცოლად მომიყვანა. როგორც მერე აღმოჩნდა, ის მანქანა მამამისის იყო, ბრენდულ ტანსაცმელსა და სიგარეტის ფულს კი ძმაკაცებს ართმევდა, რომ უნივერსიტეტის ეზოში გოგონებისთვის თავი მოეწონებინა. მე საბრალო კი მოვტყუვდი. რომ გავყევი მერე აღმოჩნდა, რომ არც კარგი ხასიათი ჰქონდა, არც მუშაობას აპირებდა და მამის ფულებზე „გულაობდა“. მართალია, მამამისი არაფერს გვაკლებდა, მაგრამ ბავშვი რომ შემეძინა, მალევე ავარია მოუვიდა და გარდაიცვალა. იმ დღიდან დაიწყო ჩვენს ოჯახში უფულობა. შემომტანი არავინ იყო, დაგროვილი ფული კი მალევე დაიხარჯა. დედაც ჩამოვიდა ემიგრაციიდან, რადგან ბებიას აღარ შეეძლო თავის მოვლა და ისე გამოვიდა, რომ ისევ მე უნდა მერჩინა ჩემი თავიც, შვილიც და ქმარიც. ჩემი დედამთილი მის ქალიშვილთან გადავიდა საცხოვრებლად, დავრჩი ჩემს უნიათო და ფუქსავატ ქმართან ერთად. რომ ვუთხარი, იქნებ სადმე სამსახური ნახო, რომ შიმშილით მაინც არ დავიხოცოთ-მეთქი, იქით შემომიტია: არასოდეს მიმუშავია, კაბინეტში მე არავინ დამსვამს და მუშად მე ვერ ვიმუშავებ, თავმოყვარეობა მაქვსო. მივხვდი, სხვა ყველაფერთან ერთად, ჩემს თავზე უნდა ამეღო ოჯახის მატერიალური მხარე. წესიერ სამსახურს ვეძებდი, მაგრამ ვერსად ვერაფერი ვნახე. ბოლოს დაქალის ნათესავმა დამაწყებინა ერთ-ერთ სასტუმროში ღამის ცვლაში მუშაობა. სასტუმროში, ხშირად მოდიოდა მამაკაცი სხვადასხვა ქალთან ერთად. საკმაოდ ბევრ ფულს ხარჯავდა სასტუმროს რესტორანში და მეც მიტოვებდა ხოლმე „ჩაის“ სახით. ყოველთვის კეთილგანწყობილი იყო ჩემ მიმართ და მზერაში ვატყობდი, მოვწონდი. ერთ ღამესაც გვიან მოვიდა, მაგრამ მარტო, ჩამომიჯდა და მომიყვა მისი ოჯახური ამბები, რომ ცოლი ჰყავდა, შვილი – არა, ოჯახში კონფლიქტური სიტუაცია იყო. განსატვირთად თუ გულის გადასაყოლებლად ბევრ გოგოსთან ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ არცერთზე არ მისდიოდა გული. მე მოვეწონე და უნდოდა, მხოლოდ ჩემთან ყოფილიყო და სხვასთან – არა. თავიდან ძალიან შეურაცხყოფილი ვიყავი, დღეს კი ის ჩემი საყვარელია. ყოველ ჩემს მორიგეობაზე მოდის, საჩუქრებით მავსებს, ჯიბეში ფულს მიკუჭავს და ცდილობს, მაქსიმალურად ამიხდინოს ოცნებები. მძულდნენ ქალები, ვინც ცოლიან კაცთან დადიოდნენ და თავად გავხდი ცოლიანი კაცის საყვარელი, თანაც ქმრიანი ქალი. რას ვიზამთ, ამაზეც ჩემი ქმრის უსაქმურობამ მიბიძგა, თუ ვინმე გამამტყუნებს, მისი გადასაწყვეტია.

ნინი, 34 წლის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი