გულახდილი საუბრები

იმიტომ გავთხოვდი უსიყვარულოდ, რომ გათხოვილი ქალის სტატუსი მქონოდა

№20

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 27.05, 2021 წელი

დედის აღსარება
დაკოპირებულია

მართალია, ფუფუნებაში არ მიცხოვრია, მაგრამ პატიოსან ოჯახში გავიზარდე და ის ელემენტარული არ მაკლდა, რაც ადამიანს სჭირდება. დედ-მამა მიწაზე მუშაობდნენ და ცდილობდნენ, უზრუნველი ბავშვობა მქონოდა. 

უამრავი თაყვანისმცემელი მყავდა. ბევრს ჰქონდა სერიოზული გრძნობები ჩემ მიმართ და ცოლობასაც მთხოვდნენ, თუმცა არ მინდოდა რაიონში გათხოვება და იქ დარჩენა. არ დამავიწყდება, ერთ-ერთი სოფლიდან ჩემი ხელის სათხოვნელადაც კი მოვიდნენ, თუმცა, ცივი უარით გავისტუმრე. ახლა კი ვნანობ, მაგრამ რაღა დროს.

მოკლედ, სტუდენტი რომ გავხდი და თბილისში მომიწია ქირით ცხოვრება, კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ჩემი ადგილი ქალაქში იყო და ყველაფერი უნდა მეცადა, რომ აქ გავთხოვილიყავი, დავრჩენილიყავი და უკან, რაიონში არ დავბრუნებულიყავი.

ასეც მოხდა – უსყვარულოდ გავყევი ბიჭს, რომელიც არც შეძლებული იყო, არც დალაგებული ოჯახი ჰქონდა და არც გარეგნობით გამოირჩეოდა. გამიჭირდა ბედთან შეგუება, თუმცა, ქალაქელი გავხდი და ამან ყველაფერი გადაწონა. მშობლები უკმაყოფილოები იყვნენ სიძით, მაგრამ საყვედური არ უთქვამთ. როგორც შეეძლოთ, გვეხმარებოდნენ. ზუსტად ექვს თვეში მივხვდი, რომ დიდი შეცდომა დავუშვი. გამოსავლის ძებნა დავიწყე და საბოლოო ჯამში, ისევ ქირით გადავედი საცხოვრებლად.

დავამთავრე თუ არა უმაღლესი, კვლავ რაიონში დავბრუნდი. რომ მეგონა, ამოვისუნთქე და ახალი ცხოვრება უნდა დამეწყო, სწორედ, იქ შევცდი. რაიონში, განათხოვარ გოგოს, სხვა თავალით დამიწყეს ყურება. ქუჩაში მიმავალს, მანქანებს მიჩერებდნენ, გაყოლას მთავაზობდნენ, სახლთანაც კი მიდარაჯებდნენ...

მოკლედ, მივხვდი, იქ აღარ მედგომებოდა. განათხოვარი და სახელგატეხილის სტატუსის ტარებას ყველაფერი მერჩივნა. ისევ თბილისში დავბრუნდი და დროებით ნათესავს შევეკედლე. ვიფიქრე, სამსახურს ვიშოვი, ცოტა ფულს დავაგროვებ, ბინას ვიქირავებ და იქ გადავალ საცხოვრებლად-მეთქი. აქაც შემხვდა ბარიერები. რამდენი ბიჭიც გავიცანი და შევხვდი, რომ გაიგეს განათხოვარი ვიყავი, ყველამ სექსი შემომთავაზა. იქვე კი ვასრულებდი ურთიერთობას და შეხვედრებზე უარს ვამბობდი, მაგრამ შეურაცხყოფილი ვრჩებოდი.

ბოლოს ერთი ბიჭი გავიცანი, გარეგნობითა და ოჯახიშვილობით, ჩემი ქმრის მსგავსად, არც ის იყო სახარბიელო, თუმცა, რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ცოლობა მთხოვა. პირდაპირ არ დავთანხმებივარ, მოსაფიქრებლად დრო ვთხოვე. დავფიქრდი და მივხვდი: ჯობდა, უსიყვარულოდ გავთხოვილიყავი, ვიდრე განათხოვარი გოგოს სტატუსით მევლო. ისევ უსიყვარულოდ გავყევი ცოლად ჩემთვის სრულიად მიუღებელ ადამიანს.

ახლა გათხოვილი ვარ, თუმცა – უბედური. ძნელია, როცა კაცი არ გიყვარს. ხვდები, არ არის შენი შესაფერისი და მხოლოდ იმის გამო გიწევს მის გვერდით ყოფნა, რომ ვინმემ შეურაცხყოფა არ მოგაყენოს, განათხოვარი არ გიწოდის და სხვა თვალით არ გიყუროს. სამწუხაროდ, შვილიც არ მყავს და ჩემი მშობლებიც უკვე ასაკში შევიდნენ. მათაც ყურადღება სჭირდებათ და აქედან მიჭირს დახმარება. მე კი რაიონში აღარ მინდა ჩასვლა, იმის გახსენება, რამდენი ტალახი მესროლეს პირველ ქმარს რომ გავშორდი. მეორედ რომ გავთხოვდი, ამაზეც ბევრი იჭორავეს: იმიტომ „აიკრა“ გათხოვილის სტატუსი, თავისი ბოზობა რომ შეენიღბაო. ენას ძვალი არ აქვს და ადამიანებიც გაბოროტებულები არიან, მაგრამ მე გულზე მხვდება უსამართლობა.

დიახ, მეც მინდოდა მყვარებოდა, მინდოდა, როგორც ცოლი, თავაწეულს მევლო, დედა გავმხდარიყავი, მაგრამ არ გამოვიდა. თავის დროზე რომ რაიონში გავთხოვილიყავი, სადაც უამრავი მთხოვნელი მყავდა, ახლა ამ დღეში არ ვიქნებოდი. მშობლებიც ახლოს მეყოლებოდა, არც ტალახს მესროდნენ, არც კაცები დამიწყებდნენ სხვა თვალით ყურებას და ბედნიერიც ვიქნებოდი. თუმცა გვიანია, იმ დროს ვერ დავაბრუნებ და ვერც იმ შეცდომებს გამოვასწორებ, რაც დავუშვი. მთავარია, გვერდით ქმარი მყავს.

თეა, 29 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი