იმის გამო, რომ შეყვარებულს ცოლად არ გავყოლოდი, სხვა ბიჭზე გამათხოვეს და მომავალი დამინგრიეს
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 21.11
გურიის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში გავიზარდე. არ ვტრაბახობ, მაგრამ მართლაც გამორჩეული გოგო ვიყავი, როგორც გარეგნულად, ისე ხასიათით, ნიჭითა და სიხალისით.
კარგად ვცეკვავდი, ვუკრავდი, ვმღეროდი და სოფელში არცერთი დაბადების დღე, ქორწილი, დღეობა თუ წვეულება ჩემ გარეშე არ ჩაივლიდა. ბევრ ბიჭს მოვწონდი, მაგრამ იცოდნენ, ამ მხრივ უკარება ვიყავი და თქმას ერიდებოდნენ. თან შეყვარებულიც მყავდა, ჩემივე სოფლიდან, რომელიც მართლაც გულით მიყვარდა, მის გვერდით წარმომედგინა ჩემი ცხოვრება და ჩემს წარმოსახვაში მომავალიც დაგეგმილი მქონდა. თუმცა, სამწუხაროდ, ჩემს მშობლებს არ უნდოდათ, რომ იმ ბიჭს გავყოლოდი ცოლად. შეხვედრებსაც მიშლიდნენ. ჩემი შეყვარებული, თვითონ კი კარგი ბიჭი იყო, მაგრამ დედაზე ჰქონდათ ჩემს მშობლებსა და ნათესავებს პრეტენზია. განათხოვარი იყო და საყვარლები ჰყავდა. დედა მეუბნებოდა: შვილო, ეგ ოჯახი არ გამოგადგება, სულ თითით საჩვენებელი იქნები, ხომ ხედავ, დედამისი როგორი კახპაა, საყვარელს საყვარელზე იცვლის და მის გვერდით სუფრასთან როგორ ვიკადრებ დაჯდომას, აღარაფერი რომ არ ვთქვა დამოყვრებაზეო. ასე იყო თუ ისე, ოჯახმა თავად დამიგეგმა მომავალი, შემირჩია საქმრო და გამაყოლა. მართალია, ოქროსა და ბრილიანტში ჩამსვეს, მაგრამ მთელი ქორწილი ცრემლი არ შემშრობია და არც გამიღიმია. ჩემი ბრალია, არ უნდა დავთანხმებულიყავი, მაგრამ მშობლებმა მითხრეს, თუ ამას არ გაჰყვები ცოლად, დაივიწყე თბილისში სწავლის გაგრძელება, ჩვენ არსად გაგიშვებთ და უსწავლელი დარჩები, ის შენი შეყვარებული კი, ისეთი უქონელია, რა სწავლა და რა განათლება, ბოსტანში მუშაობით ამოგხდის სულსო. მართლა არ ვიცი, იმ დროს რატომ გადავწყვიტე ასე, მაგრამ მეგობრებმაც დიდი როლი ითამაშეს. თავი გამომილაყეს ლაპარაკით, მის უქონლობასა და დედამისის საყვარლებზე საუბრით. ერთი სიტყვით, გადამაფიქრებინეს და ისეთ ბიჭს გავყევი, რომელსაც თბილისში ბინაც ჰქონდა, შეძლებულიც იყო და მეგონა, მასთან უფრო კარგი მომავალი მელოდა. ფაქტია, მისი შეყვარება ვერ შევძელი. ჩემმა შეყვარებულმა ცოლიც მოიყვანა და ბედნიერი ოჯახიც აქვს. მე კი ქმარს გავშორდი, რადგან ვერაფრით ავიტანე მის გვერდით ყოფნა, მუშაობა დავიწყე, ბინა ვიქირავე და სწავლაც შევძელი. თუმცა, დღეს არც ქმარი მყავს და არც შვილი, არც მშობლები მყავს ცოცხალი და ვარ ასე ეულად. ხშირად მეფიქრება, წინააღმდეგობა რომ გამეწია და იმას გავყოლოდი, ვინც მიყვარდა, ნეტავ ახლა როგორი ცხოვრება მექმებოდა.
ეკა, 56 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან