გულახდილი საუბრები

იმ კაცმა გამაბედნიერა, რომელსაც აბუჩად ვიგდებდი და დავცინოდი

№44

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 07.11

სინანული
დაკოპირებულია

ყოველთვის განებივრებული ვიყავი საპირისპირო სქესის ყურადღებით. იმ დონეზეც კი, ჩემს დაქალებს რომ შურდათ ჩემი. 

ვერ ვიტყვი, ულამაზესი ვიყავი-მეთქი, მაგრამ ყოველთვის მოწესრიგებული და გემოვნებით ჩაცმული დავდიოდი. ალბათ, არასოდეს მომინდებოდა ჩემს პირადზე საჯაროდ საუბარი, მაგრამ ახლა იმ ასაკში ვარ, როცა გაცნობიერებული მაქვს ჩემი შეცდომებიცა და არასწორი ქცევებიც და ამის გამო ვბედავ. მოკლედ, მთელი ახალგაზრდობა განებივრებული ვიყავი მამაკაცების ყურადღებით, მაგრამ არ ვიცი უიღბლობის ბრალი იყო თუ ჩემი ამპარტავნობის, გული არავისკენ მიმიწევდა. მხოლოდ სკოლის პერიოდში მიყვარდა ჩემზე ერთი წლით უფროსი ბიჭი. რასაკვირველია, მან ჩემი გრძნობის შესახებ არაფერი იცოდა. სკოლა რომ დავამთავრეთ, იმის მერე აღარც მინახავს. წლების მერე შემთხვევით გავიგე, მისამართი შეუცვლია, სხვა უბანში გადასულა საცხოვრებლად, ცოლიც მოუყვანია და გადასარევი ოჯახიც შეუქმნია. დავამთავრე უნივერსიტეტი, ავიმაღლე კვალიფიკაცია, დავიწყე მუშაობა და კარიერაზე ისე გადავერთე, პირადი ცხოვრება უკან დამრჩა. ისე გავხდი 40 წლის, ვერც კი გავიაზრე, როდის გავიდა ამხელა დრო. დედა სულ მეუბნებოდა: გათხოვდი, შვილო, რომ გადაჰყევი ამ შენს ძმისშვილებს, შენიც ხომ გინდა, ქმარი და საკუთარი შვილი სულ სხვააო. მისი სიტყვები მაშინ დავაფასე, როცა აღარც დედა იყო ცოცხალი, არც ძმისშვილებმა დაინახეს ამაგი და რომ მიმოვიხედე, ვეღარც თაყვანისმცემელთა არმია დავინახე. სამსახურში ერთი კაცი მუშაობდა, საკმაოდ კარგი სპეციალისტი, თავისი საქმის უბადლო მცოდნე, ყველა რომ პატივს სცემდა. უბრალოდ, გარეგნულად იყო შეუხედავი – დაბალი, მელოტი და ჩაპუტკუნებული. ყოველთვის მოდურად ეცვა, მაგრამ არაფერი უხდებოდა. თანამშრომლები მეხუმრებოდნენ: შენი ბოლო ნოდარია და დროზე დაქორწინდი, ესეც არ წაგართვას ვინმემო. მე კი ვიცინოდი: ვის რად უნდა ეგ თავტვლიპინა და ლოტოს კოჭი, ვინ შეხედავს მაგას. მე კი მის გვერდით დაწოლას კი არა, გავლასაც არ ვიკადრებ-მეთქი. ერთ დღესაც გავიგე, რომ ნოდარმა ცოლი მოიყვანა და თანამშრომლებს, ისევ სიცილით ვუთხარი: ალბათ, უპატრონოა ის გოგო, თორემ ამას როგორ გაჰყვებოდა-მეთქი. არადა, მართლა საყვარელი გოგო იყო, გაპრანჭული და კოკროჭინა. მეორე შვილის მშობიარობას გადაჰყვა. ბავშვმა რამდენიმე დღე იცოცხლა და ისიც დაიღუპა. ნოდარი დარჩა უფროს შვილთან ერთად, ისევ მარტო. რასაკვირველია, მივუსამძიმრე და იმის მერე, მასზე სიტყვაც აღარ დამიცდენია. როგორღა გავბედავდი მის დაცინვას. მეცოდებოდა, ვცდილობდი, ყურადღება გამომეჩინა, გვერდით დავდგომოდი იმ რთულ პერიოდში. ხშირად მისი საქმეც შემისრულებია, როცა შვილს მარტოს ვერ ტოვებდა სახლში. ერთი სიტყვით, იმ პერიოდში სულ სხვა თვალით შევხედე ამ კაცს. მასში ნამდვილი მოსიყვარულე ქმარი, მეოჯახე მამაკაცი და ის პიროვნება დავინახე, რომელიც ქალს მართლა გააბედნიერებდა. მისმა გარეგნობამ უკანა პლანზე გადაიწია. ცოლისა და შვილის გარდაცვალებიდან ოთხი წელი რომ გავიდა, სამსახურში დამიმარტოხელა და მითხრა: სერიოზული სალაპარაკო მაქვს შენთან, გთხოვ, ყურადღებით მომისმინე, კარგად გააანალიზე, რასაც გეტყვი და პასუხი მხოლოდ მაშინ მითხარი, როცა ჩემს სიტყვებზე ნაფიქრი გექნებაო. მოკლედ, მითხრა, რომ პატივს მცემდა, მოვწონდი, როგორც ქალი და უნდოდა მის გვერდით ვყოფილიყავი, მისი შვილისთვის დედობა გამეწია, მისთვის კი – კარგი ცოლობა. ცოტა არ იყოს, არ მოველოდი მისგან ამ შემოთავაზებას და დავიბენი. მთელი ორი კვირა ვიფიქრე და გადაწყვეტილება მივიღე. ცოლობაზე დავთანხმდი. დღეს მის გვერდით უბედნიერესი ქალი ვარ. ბავშვი დედას მეძახის, ვუყვარვარ, გრძნობს, რომ მეც მიყვარს და სულ მეხუტება და მკოცნის. ნოდარიც ცოტა გახალისდა, თითქოს დარდი გადაავიწყდა და ბედნიერია, როცა თავის შვილს გახარებულს უყურებს. ჩემი ძმისშვილები უფრო მეტად მაფასებენ და სამსახურშიც იმაზე მეატად შემიყვარეს და დამაფასეს, ვიდრე ადრე. მართალი ყოფილა, რომ ადამიანი გარეგნობით არ უნდა შეაფასო, მასში სული უნდა ეძებო. ახლა მივხვდი, რომ ბედნიერება აუცილებლად მოვა, როცა ამას დაიმსახურებ, როცა მიხვდები, რომ სხვას არ უნდა დასცინო, თავი მაღლა არ უნდა ასწიო და დააფასო სხვისი გრძნობები.

მანანა, 52 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა