გულახდილი საუბრები

გერს გადავყევი და მისი გული მაინც ვერ მოვიგე, თავი ვერ შევაყვარე

№11

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 21.03

ქალის ამბავი
დაკოპირებულია

თინეიჯერობის პერიოდიდან ვიცოდი, რომ შვილი არასოდეს მეყოლებოდა. სიმსივნური წანაზარდი აღმომაჩნდა და ორივე საკვერცხე და საშვილოსნო ამომაჭრეს. სასწაული დედა მყავდა. მშვიდად ამიხსნა ყველაფერი, შემამზადა, რომ შვილი არ მეყოლებოდა და აუცილებლად უნდა ამეყვანა და გამეზარდა, ან შვილიანკაცზე გავთხოვილიყავი, რომელიც ქვრივი ან ცოლს გაშორებული იქნებოდა. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერს აკეთებდა, ეს საკითხი მტკივნეულად არ აღმექვა და საკუთარი ცხოვრება და მომავალი სწორად დამეგეგმა. სკოლაში წარჩინებული მოსწავლე ვიყავი, უნივერსიტეტიც წითელ დიპლომზე დავამთავრე, არც თაყვანისმცემლები მაკლდა, მაგრამ თავს ვიკავებდი. არ მინდოდა, ვინმე შემყვარებოდა და ჩემი პრობლემის გამო, ზურგი ექცია.

ვიცოდი, ეს უდიდეს ტრავმას მომაყენებდა. როცა მუშაობა დავიწყე, იქ გავიცანი ბიჭი, რომელსაც ძალიან დავუახლოვდი. ვმეგობრობდით, ყველაფერს გულახდილად ვუყვებოდი და არც ჩემი პრობლემის დამალვა მიცდია. ყველაფერი ვუთხარი. რაღაც პერიოდის მერე ჩვენი ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა. ზუსტად ვიცოდი, ცოლად არ გავყვებოდი და მომავალს არ დავუნგრევდი, მაგრამ მასთან ყოფნა მინდოდა. ერთი სიტყვით, მთელი რვა წელი საყვარლები ვიყავით და დღემდე მისი მადლიერი ვარ. იმ ურთიერთობით ბევრი ვისწავლე, ყველა კომპლექსი გადავლახე და მივხვდი, თუ მამაკაცს უყვარხარ, ისეთს გიღებს, როგორიც ხარ. სხვათა შორის, ცოლობა და ბავშვის აყვანა შემომთავაზა, მაგრამ ვიცოდი მისი ოჯახის პოზიცია და უარი ვუთხარი. დღეს ცოლიც ჰყავს და შვილებიც, აღარ ვურთიერთობთ, მაგრამ ერთმანეთის ამბებს ყოფილი თანამშრომლებისგან ვიგებთ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემს მეზობელთან მოდიოდა ბიძაშვილი, რომლის ცოლი მეორე შვილის მშობიარობას გადაჰყვა. უფროს შვილს მარტო ზრდიდა. განათლებული, ინტელიგენტი, მოწესრიგებული მამაკაცი იყო, ერთი ნახვით რომ დაგამახსოვრებს თავს, ისეთი. მისი ამბავი არ ვიცოდი. დედაჩემისთვის მოუყოლია მეზობელს და დედამაც რომ უთხრა ჩემი ამბავი, უფიქრიათ – ერთმანეთი გავაცნოთ, მას ცოლი უნდა, შვილიც ჰყავს და შენი გოგოსთვის არაჩვეულებრივი ვარიანტია, დაქორწინდნენ, მარტოც არ იქნება და ბავშვსაც გაზრდისო. მაშინ ბავშვი ოთხი წლის იყო, უსაყვარლესი, ცქრიალა გოგონა. დაიგეგმა ჩვენი გაცნობა და მართლაც, დაახლოებით, ორ თვეში მისი ცოლი გავხდი. სამწუხაროდ, ბავშვმა თავიდანვე არ მიმიღო. ცდილობდა, ჩემგან შორს ყოფილიყო, მამაზე იყო მიწებებული და ჩემზე ეჭვიანობდა. საწოლთან დედის სურათი ედო და მას კოცნიდა და ეუბნებოდა: დედიკო, მე მარტო შენ მიყვარხარ, კარგი გოგო გავიზრდები და შენ ციდან მიყურეო. მართლაც, სულ ცაში იყურებოდა და გული მეთუთქებოდა. ისე გაიზარდა, მართლა არაფერი მომიკლია. ვცდილობდი, ყველგან წამეყვანა, ყველა მისი ოცნება ამესრულებინა. ამას მამამისიც ხედავდა, უხაროდა, თუმცა, იმასაც ხვდებოდა, ბავშვს რომ არ ვუყვარდი. ისე გაიზარდა, ვერაფრით მოვიგე მისი გული. გათხოვდა, თავადაც დედა გახდა, მიხვდა, რამხელა შრომა, ნერვები და გამძლეობა უნდა დედობას, მაგრამ მაინც არ დამაფასა. მხოლოდ მამამისს ურეკავს, მასთან აქვს კონტაქტი, მე კი არც მკითხულობს. ვხვდები, ის ბავშვური ეჭვიანობა, დიდობაშიც გამოჰყვა და ცდილობს, ჩემსა და მამამისს შორის ჩადგეს. ვფიქრობდი, ბავშვია და გაუვლის-მეთქი, მაგრამ პირიქით. არადა, გათხოვებიდან, როცა ის ოთხი წლის დამხვდა, ოცდაორი წელი, მხოლოდ მისთვის ვცხოვრობდი. ის პირველი სიყვარული და რვაწლიანი ურთიერთობა ვერ დავივიწყე; ამის გამო ქმარიც ვერ შევიყვარე, ამიტომ მთელი ჩემი ყურადღება და სიყვარული მის შვილზე გადავიტანე, გოგონას ყველაფერი გავუკეთე და მანაც ვერ დამიფასა ამაგი.

ნინო, 49 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი