გულახდილი საუბრები

განათხოვარი დედამთილმა არ მიმიღო, მე კი შვილიშვილის ნახვას ვუკრძალავ

№9

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 13.03

30 წლის ქალი
დაკოპირებულია

ყოველთვის მინდოდა, ისე გავთხოვილიყავი და ისეთ ოჯახში მეცხოვრა, სადაც ადამიანები ერთმანეთს პატივს სცემენ. ასე მეგონა, ჩემი წრფელი გულითა და ემოციით მოვიგებდი ჩემი ქმრის მშობლებისა და ნათესავების გულს და მიხვდებოდნენ, რომ მათი ოჯახის წევრი ვარ, მათ მიმართ კეთილად განწყობილი და პატივს ვცემ, როგორც ჩემი საყვარელი ადამიანის ახლობლებს. თუმცა, ასე არ მოხდა.

ყოველთვის აგდებულ დამოკიდებულებას ვგრძნობდი დედამთილისგან და მამათილიც მას უჭერდა მხარს, თუმცა ამას თვალშისაცემად არ გამოხატავდა. გასაგებია, რომ დედამთილს ისე ვერ ვეყვარებოდი, როგორც თავისი შვილი უყვარს, მაგრამ ელემენტარულად, სწორედ მისი შვილის გამო უნდა ეცა ჩემთვის პატივი. მაგრამ, შეუგნებელი რომ დაიბადები ადამიანი და უკულტურო, მას რა უნდა მოსთხოვო? სამი წელი ტანჯვაში გამატარებინეს, არ შემარგეს არც გათხოვება, არც ქმრის გვერდით ყოფნა, ორსულობის პერიოდზე არაფერს ვამბობ. იმის მაგივრად, ახალბედა დედას ვგერდით დამდგომოდა, ესწავლებინა ბავშვის მოვლა და მომხმარებოდა, სულ შენიშვნებს მაძლევდა, ცივად მელაპარაკებოდა ან საერთოდ ზურგს მაქცევდა. ბოლოს, მოთმინების ფიალა, რომ ამევსო, დავისვი ჩემი ქმარი და ვუთხარი: ან სასწრაფოდ წავიდეთ ამ სახლიდან და მოიფიქრე რამე, ან მე ასე აღარ შემიძლია შენებთან ცხოვრება და დავშორდეთ-მეთქი. ეწყინა, როგორ მეუბნები, დავშორდეთ, ალბათ არ გიყვარვარო და იმ დღიდან ქმარიც გაუცხოვდა ჩემ მიმართ, მეჯუჯღუნებოდა, რაც არ უნდა გამეკეთებინა, ყველაფერში ნეგატიურს ხედავდა. ერთი სიტყვით, ჩემი ნალაპარაკებიდან ერთ თვეში, ავიბარგე და იმ სახლიდან წამოვედი. ბავშვთან ერთად მამიდასთან გადავედი. მამიდა გაუთხოვარი მყავს და ფაქტობრივად, მისი გაზრდილი ვარ. ყოველთვის ესმოდა ჩემი და მეც არაფერს ვუმალავდი. რასაკვირველია, ჩემი ოჯახის დანგრევის წინააღმდეგი იყო, მაგრამ მეც რომ მიმისმინა და ჩემი ქმრის ოჯახშიც მივიდა, რომ დალაპარაკებოდა, გამამართლა და მეუბნებოდა: კიდევ კარგა ხანს გაძელი მათ გვერდით, ჩემი იმედი გქონდეს, ბავშვს გაგაზრდევინებ და ისეთი გოგო ხარ, შენ ისე არავინ დაგტოვებს, კიდევ შეგიყვარდება, შეუყვარდები და გათხოვდები, მაგათ იკითხონ, როგორი გოგო დაკარგესო. მართლა დედასავით დამიდგა გვერდით, მაიმედებდა, ბავშვს მიზრდიდა, მეგობრებთან მიშვებდა, რომ გული გადამეყოლებინა და თვითონ სახლის საქმეებსაც აკეთებდა და მე და ჩემს შვილსაც გვივლიდა. ჩემი ქმარი ბავშვის სანახავად მოდიოდა, მოჰქონდა კიდეც სათამაშოები და ფულსაც მიტოვებდა, მაგრამ მერე ვიღაც გოგო გაიცნო და რაც მასთან გააბა რომანი, იშვიათად გვკითხულობდა, ჩვენი დრო სადღა ჰქონდა. ასე იყო თუ ისე, ჩემს ცხოვრებაშიც გამოჩნდა ადამიანი, რომელიც შემიყვარდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა მივხვდით ერთმანეთისთვის როგორი მნიშვნელოვანი ადამიანები ვიყავით, ოჯახის შექმნა გადავწყვიტეთ. არც ჩემი განათხოვრობა იყო მისთვის პრობლემა და არც ჩემი შვილი. ერთმანეთს ნაქირავებ ბინაში ვხვდებოდით და ორსულად რომ დავრჩი, მითხრა: ჩემი ოჯახის წევრებს დაველაპარაკები, ავუხსნი ჩვენს სიტუაციას, ხელი მოვაწეროთ და ჩემთან გადავიდეთ საცხოვრებლადო. რომ მიხასიათებდა დედამისს, ნამდვილად დადებითად ვიყავი განწყობილი იმ ქალის მიმართ, მაგრამ აქაც მოვტყუვდი. ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, განათხოვარი და შვილიანი რძალი რად მინდაო. ძალით, რასაკვირველია, არ შევეჭრებოდი და არც აბორტის გაკეთებას ვაპირებდი. მადლობა ღმერთს, მისი შვილი ნორმალური ადამიანი აღმოჩნდა, არ აჰყვა დედის ენებს და დღემდე ჩემ გვერდითაა. ისევ ნაქირავებ ბინაში ვართ, უფროსი შვილი მამიდასთან მყავს, პატარას კი, რომელიც რვა თვის წინ შემეძინა, მე ვზრდი. ბებიამისმა, ბევრჯერ შემომითვალა, ბავშვის ნახვა მინდაო, მაგრამ უარი მიიღო. ჩემი რძლობა არ იკადრა და შვილიშვილის ნახვისა და ჩახუტების ღირსი არ არის. მადლობა ღმერთს, მისმა ენებმა საყვარელ მამაკაცს ვერ დამაშორა. ბავშვი კი ჯანმრთელია, ბებიის გარეშეც გადასარევად იზრდება, მამაც ჰყავს, დედაც, ბაბუაც და ბებიაც – ჩემი მხრიდან. ჩემს პირველ შვილს კი სიგიჟემდე უყვარს მისი პატარა ძამიკოც და მამინაცვალიც. ჩემი ბედნიერებისთვის ესეც კმარა.

ელენე, 34 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №9

3–9 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა