გულახდილი საუბრები

გადაარჩენს თუ არა ოჯახს დამალული სიმართლე და როდის არ შეიძლება პატიება

№16

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 26.04

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

ცოლ-ქმრის ურთიერთობა ოჯახში წლების განმავლობაში მრავალი სირთულისა და სიხარულის გავლის შემდეგ მყარდება. თუმცა, თუ ბზარი დასაწყისშივე გაჩნდა, მისი გამთელების მცდელობას აზრი აღარ აქვს, თუნდაც თვალი დახუჭო და რეალობა ჯიუტად „არ დაინახო“, ის მაინც იჩენს თავს და აუცილებლად იქონიებს გავლენას ხვალინდელ დღეზე. რადგან შეუძლებელია, სამუდამოდ დამალო სიმართლე.

ეთერი (62 წლის): შვილის ოჯახის შესანარჩუნებლად სიმართლე დავმალე. ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ დამალულმა ჭირმა მაინც იჩინა თავი და ჩემი ოჯახი დაანგრია. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩემმა ვაჟმა ეს გოგო თანაკურსელის დაბადების დღეზე გაიცნო. ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ იმ დღიდან ლამის ყელზე ჩამოეკიდა ჩემს შვილს.

– როცა დედებს შვილის არჩევანი არ მოსწონთ, ძირითადად, ამას ამბობენ.

– ვიცი, რომ ცუდად ჟღერს, მაგრამ მე ვიცოდი, რომ ჩემს შვილს სხვა მოსწონდა. რადიკალურად განსხვავებული ხასიათის. ის ძალიან თავდაჭერილი გოგო იყო, ეს – თამამი და თავხედი. მშობლებისგან განებივრებული. იმდენი ქნა, ისეთები იკადრა, რომ ჩემი შვილი იმ გოგოს დააშორა.

– „ის გოგო“ თქვენი შვილის შეყვარებული იყო?

– დანიშნულები არ იყვნენ, მაგრამ ხვდებოდნენ ერთმანეთს და ვიცი, რომ ძალიან მოსწონდა და ეს თავხედი რომ არა, აუცილებლად სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზრდებოდა. ის გოგო თავმოყვარე იყო, ვერ მოითმენდა გაორებულ ურთიერთობას და ჩემს შვილს დაშორდა, მაშინვე გაწყვიტა ურთიერთობა, როგორც კი ამათი ფლირტი შეამჩნია. ჩემი შვილი განიცდიდა მის დაკარგვას. ეს გოგო კი „ამშვიდებდა“.

– ანუ, თქვენი შვილიც არ იყო წინააღმდეგი, რომ „დაემშვიდებინა“.

– მე არ ვამართლებ ჩემს შვილს. ესეც დამნაშავეა. ვეუბნებოდი, ვურჩევდი, ნუღარ ხვდები, ერთ შეცდომას მეორეს ნუღარ დაუმატებ-მეთქი, მაგრამ ვინ დამიჯერა? ერთ მშვენიერ დღეს კი გამომიტყდა: ორსულადაა, მისი ცოლად მომყვანი არ ვარ, ფული მჭირდება, რომ ექიმთან წავიყვანოო. კინაღამ გული გამისკდა, ვეჩხუბე: პირველი შვილის მოკვლის შემდეგ როგორ უნდა იცხოვრო-მეთქი. რა ვქნა, არ მიყვარს და ცოლად როგორ შევირთოო. იმიტომაც ვამბობ, არ ჰყვარებია-მეთქი. ამაზე მთლად გადავირიე. ვეღარ შემეწინააღმდეგა და ორ კვირაში პატარა ქორწილიც გადავიხადეთ. ექვსი თვის შემდეგ ჩემი საყვარელი შვილიშვილიც გაჩნდა. ჩემი რძალი სტუდენტი იყო და ყველანაირად ხელს ვუწყობდი. მართლა გადავუსვი ხაზი ყველაფერს და ვცდილობდი, კარგი დედამთილი ვყოფილიყავი. ძიძაც ავუყვანე... ჩემი რძალი ხან რას იმიზეზებდა, ხან – რას, ოღონდ კი შინ დროზე არ მოსულიყო. ვცდილობდი, გამემართლებინა მისი საქციელი – რა ქნას, ახალგაზრდაა, მეგობრებთან ერთად გართობა უნდა. იცის, რომ ბავშვს არაფერს მოვაკლებ-მეთქი. რამდენჯერმე ჩემმა შვილმა დაგვიანებისთვის უსაყვედურა. არ მინდოდა, უსიამოვნება ჰქონოდათ, ამიტომ მაინც შვილს ვამტყუნებდი: იმას რომ შენიშვნას აძლევ, შენ მამა ხარ და ასევე, მოგეთხოვება შვილზე ზრუნვა-მეთქი.

– ამბობთ, რომ არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა?

– არა. ბავშვმაც ვერ შეძლო მათი ურთიერთობის გამოსწორება და დათბობა, მაგრამ მაინც არ ვამართლებდი. დამნაშავე იყო თუ არა, მე მაინც შვილს ვამტყუნებდი და რძალს ვამართლებდი. ყველაზე დიდი შეცდომა კი მაშინ დავუშვი, როცა შევიტყვე ქალბატონი ჩემს შვილს ღალატობდა და დავმალე ეს ამბავი. მას კი ვუთხარი: ყველაფერი ვიცი, შეწყვიტე იმ კაცთან ურთიერთობა, არ მინდა, ოჯახი დაგენგრეს და ბავშვი დაიჩაგროს. შენს ქმარს არაფერს ვეტყვი-მეთქი. ტირილი დაიწყო, ჩამეხუტა, თავი შემაცოდა – ჩემს ქმარს არ ვუყვარვარ, ქალი ვარ და ვინც სითბო მაგრძნობინა, მისკენ გამიწია გულმა. გპირდები, რომ ამ ურთიერთობას დავასრულებო.. მართლა ადამიანურად შემეცოდა. დავუჯერე. დარწმუნებული ვიყავი, რომ გონს მოეგებოდა, იმ საიდუმლოს კი, რომელიც ვიცოდი, გაუფრთხილდებოდა და დამიფასებდა. სულ ტყუილად. ისევ მომივიდა ხმა, რომ თავისას აგრძელებდა. მაშინ კი მკაცრად ვუთხარი, უკანასკნელად გაფრთხილებ, გონს მოეგე-მეთქი. იმდენად თავხედი იყო, რომ მთხოვდა, მისი ღალატი არ გამემხილა და ჩემს შვილთან ხმა არ ამომეღო. აყალმაყალი არ მინდოდა და ისევ უკან დავიხიე. შვილთან თავს დამნაშავედ ვგრძნობდი და თვალებში ვერ ვუყურებდი. მაინც ყველაფერი გამჟღავნდა – ერთმა ძმაკაცმა ჩემს შვილს სიმართლე უთხრა. მან კი ცოლიც სცემა და ის კაციც. ჩემი შვილი დააპატიმრეს. რისიც მეშინოდა, ის მოხდა. მე რომ ეს ამბავი მისთვის ადრე მეთქვა, წყნარად დაშორდებოდნენ ერთმანეთს. საკუთარ თავს ვადანაშაულებ. შვილს ოჯახი რომ არ დანგრეოდა, ბავშვი არ დაჩაგრულიყო, რძალს დიდხანს ვუნახავდი ნამუსს, რომელიც საერთოდ არ გააჩნდა. ჩემი შვილი უკვე მეოთხე წელია, იხდის სასჯელს. მე კი მის შვილს ვზრდი. იმედი მაქვს, რომ ჩემი მიმტევებლობა და ლოცვა ჩემს შვილს ამ რთულ პერიოდს გადაატანინებს, მაგრამ არ ვიცი, საკუთარ თავს როგორ ვაპატიო ის, რომ სიჩუმით, სიმართლის დამალვით, შვილი ლამის მკვლელად ვაქციე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

17-23 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი