ერთი წლის გათხოვილი ვარ და დედამთილი გასაქანს არ მაძლევს
ავტორი: „თბილისელები“ 23:01 02.10

საკმაოდ გააზრებულ ასაკში გავთხოვდი და ზუსტად ვიცოდი, ახალ ოჯახში რა მოვალეობები მექნებოდა. თავად, წყნარ ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე. დედა ბავშვობიდან მასწავლიდა დამოუკიდებლად ცხოვრებას, საჭმლის მომზადებას, დალაგება-დასუფთავებას. ჩემს ქმარს ძალიან მოსწონს ჩემი ნახელავი და არასოდეს გამოუთქვამს პრეტენზია, მაგრამ დედამთილის კონტროლმა მომკლა. გასაქანს არ მაძლევს – ჩემი გაკეთებული არაფერი მოსწონს და ყოველთვის შენიშვნას მაძლევს, თან ისეთი ტონით, თითქოს სკოლის მოსწავლე ვარ და ის – მასწავლებელი.
არ მინდა, სიტყვა შევუბრუნო, მაგრამ ისე იქცევა, იძულებულს მხდის. თან, მეუღლესაც ვუწევ ანგარიშს, არ მინდა, გავანერვიულო. ერთმანეთი ძალიან გვიყვარს და ვცდილობთ, ოჯახში სიმშვიდე და სიმყუდროვე შევინარჩუნოთ, მაგრამ ჩემი დედამთილის ქცევებით, ვფიქრობ, დიდხანს ასე ვერ გასტანს და ძალიან ვნერვიულობ. მე და ჩემმა ქმარმა თავიდანვე დავისახეთ გეგმები, ვიცით, როგორ ავაწყოთ მომავალი და მათ შორის, როდის გავაჩინოთ შვილი. ათსჯერ ვუთხარი დედამთილს ეს, მაგრამ არ ესმის. გაიძახის: შვილიშვილი როდის უნდა მაჩუქოთო. ერთხელ ისიც კი მითხრა: იქნებ პრობლემა გაქვს, შვილო, არ მოგერიდოს მითხარი, ჩემი დედისერთა შვილი არ დამიღუპოო. აი, ეს რა სათქმელია? ჯერ ერთი წელია, რაც გავთხოვდი და ასეც რომ იყოს, თუ ადამიანი ოდნავ აზროვნებ, ასეთი ლაპარაკი როგორ შეიძლება? მართლა არ მაქვს პრობლემა, უბრალოდ, ჯერ გვინდა, ჩვენთვის ცალკე ბინა ვიყიდოთ, რომ ოროთახიან ბინაში ამდენი ადამიანი არ ვცხოვრობდეთ დედამთილი, მამამთილი, მე, ჩემი ქმარი და დედამთილის დედა, რომელიც საკმაოდ მოხუცია და თავისი ოთახი სჭირდება. მე და ჩემს მეუღლეს ლოჯში გვძინავს და ბავშვი რომ გავაჩინოთ, არ არის პირობები. ჩემს დედამთილს კი ამას ვერ ვაგნებინებ. სანამ დავქორწინდებოდით, მე და ჩემმა ქმარმა მოვილაპარაკეთ ყველაფერზე და დავსახეთ გეგმები, რომელსაც სულ მალე ავიხდენთ. ფულს ვაგროვებთ, ბანკიდანაც დავამატებთ, სესხის სახით და ახალაშენებულ კორპუსში გვინდა პატარა, ბინის შეძენა. ქალბატონმა ეს რომ გაიგო, მაშინვე გამოაბა კუდები: რომ გაიჭედოთ და ბანკისთვის ფულის გადახდა ვერ შეძლოთ, რა უნდა ქნათო. ალბათ, ეშინია, სადაც ცხოვრობს, ის ბინა არ ჩავდოთ ბანკში. მაგრამ, ვუხსნი, რომ ჩვენ არ გვეშინია, აგარაკს ჩავდებთ, სამსახურებში საკმაოდ სოლიდური ანაზღაურებაც გვაქვს და გადახდა არ გაგვიჭირდება-მეთქი. რასაკვირველია, მას არ მოვუსმენთ და მაინც ვიყიდით ბინას და გადავალთ ცალკე საცხოვრებლად, მაგრამ მანამდე რა ნერვები შემრჩება, არ ვიცი. ყოველდღე ახალ-ახალ პრობლემას ეძებს. ხან რას მოიფიქრებს და ხან – რას. ამას წინათ დაიწყო: ამ სახლში დიდი ხანია, რემონტი არ გაგვიკეთებია, მოძველდა ყველაფერი და დროა, დაფიქრდეთო. ვუხსნით, რომ ახლა რემონტის დრო და ფინანსები არ გვაქვს, ფულს ბინის შეძენისთვის ვაგროვებთ, მაგრამ არ უნდა გაგება. ლოჯში ფარდები გამოვცვალე და ეგრევე გამოთქვა პრეტენზია: ამ ფარდის არც ფერი მომწონს და არც ფაქტურა, მე კაპიკს არ გადავიხდიდიო. არადა, მანამდე, სულ იმას გაიძახოდა: ეს ფარდა მზისგან გახუნებულია და გამოსაცვლელიაო. საჭმელს რომ გავაკeთებ და ყველა ოჯახის წევრი მიქებს ნახელავს, ჩემი დედამთილი მაინც მოუძებნის წუნს. მისი მოსაწონი ვერაფერი გამიკეთებია, ის კი არა, მე თვითონ ვერც ჩამიცვამს და დამიხურავს. ახალი სახლის ყიდვას, დაახლოებით, ერთ წელში ვგეგმავთ და მანამდე ისევ მე მოვითმენ, მერე კი თავის სახლში რაც უნდა, ის აკეთოს, მე არაფერში ჩავერევი და არც მას ჩავრევ ჩემს საქმეში. ვცდილობ, ვასიამოვნო, ხან რას ვყიდულობ და ხან – რას, მაგრამ საშინელი ხასიათი აქვს და ჩემი ნაყიდი არაფერი მოსწონს. ამიტომ, გადავწყვიტე, მეც შევეშვა. და საერთოდ, ვეცდები, მისგან შორს დავიჭირო თავი.
ნიაკო, 28 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან