გულახდილი საუბრები

ერთი წელია, გათხოვილი ვარ და დღემდე მალულად ვხვდები ჩემს ქმარს

№49

ავტორი: „თბილისელები“ 22:44 11.12, 2020 წელი

გათხოვება, გულახდილი
საუბარი - tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ერთი წელია, გათხოვილი ვარ და მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს, მე და ჩემი ქმარი  დღემდე მალულად ვხვდებით ერთმანეთს. ეს იმის გამო, რომ ჩემი დედამთილი ვერ მიტანს, მის შვილს კი, დედის წყენინება არ უნდა. 

არადა, მე და ლევანი სამი წელი ვიყავით შეყვარებულები. ხშირად ვსტუმრობდი მათ ოჯახს. ჩემიანებსაც ლევანი სასიძოდ მიაჩნდათ. არ მახსოვს, ჩემს სადედამთილოს ეგრძნობინებინა, რომ მისი ერთადერთი შვილისთვის შეუფერებელი საცოლე ვიყავი.

დაქორწინებას რომ ვაპირებდით, ყველამ იცოდა, მაგრამ მაინც გვინდოდა, სიურპრიზი მოგვეწყო ახლობლებისთვის და არავისთვის გვითქვამს, ისე დავიწერეთ ჯვარი და ხელიც მოვაწერეთ.

როდესაც მე და ლევანი მის ოჯახში მივედით და ვთქვით, უკვე ცოლ-ქმარი ვართო, ჩემი დედამთილი გადაირია: რა ცოლ-ქმარი, ჩვენს ოჯახში სხვა ტრადიციაა, ნიშნობისა და ქორწილის გარეშე, აქ ფეხს ვერ შემოდგამ, შე ტუტუცო გოგო, ჩემს ერთადერთ შვილსაც ტვინი აურიეო. გავშრი, არ მოველოდი ამ რეაქციას. ლევანი ცდილობდა, დედამისის გაჩუმებას, მაგრამ ამაოდ. სიტუაციის განეიტრალება მინდოდა და ვუთხარი: გვაპატიეთ, თუ გაწყენინეთ, რადგან თქვენ გნებავთ, გადავიხადოთ ნიშნობა და ქორწილი. მართლა არ მიფიქრია ვინმეს განაწყენება, უბრალოდ, არ მიყვარს დიდი ქორწილები, ლევანიც ასე ფიქრობს, ამიტომაც მხოლოდ მეჯვარეებთან ერთად მივედით ტაძარში, ჯვარი დავიწერეთ, ხელიც მოვაწერეთ, შემდეგ კი რამდენიმე მეგობართან ერთად, რესტორანში აღვნიშნეთ-მეთქი.

მოკლედ, ჩემმა დედამთილმა ვერ გაგვიგო და მტრად გადაგვეკიდა. ცოტა ხნით გავერიდეთ და ბათუმში წავედით. იქიდან დაბრუნებულები, ისევ ლევანის სახლში მივედით, იმ იმედით, რომ დედამისს წყენა უკვე გადავლილი ექნებოდა, მაგრამ რომ დაგვინახა, ისევ აკივლდა: ხომ გაგაფრთხილე, ამ სახლში ფეხი არ შემოადგა, თვალით არ დამენახოო.

მოკლედ, მე და ლევანი ჯერ ჩემებთან ვცხოვრობდით სამი თვე, მერე ცოტა ხანი ქირით გადავედით, მაგრამ ვერ შევძელით ქირის გადახდა და მე ჩემს სახლში დავბრუნდი და ლევანი – დედამისთან. გვინდოდა, ჩემს დედამთილს როგორმე შეეგნო, რომ ერთმანეთი გვიყვარს და ცუდი არაფერი ჩაგვიდენია, რომ მშვიდად ცხოვრება და ერთად ყოფნა გვინდა. ჩემმა ქმარმა რამდენჯერმე სცადა დედამისთან დალაპარაკება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. სულ იმას უმეორებს, თითქოს მე მათ სახლში მინდა შევარდნა და გაბატონება, რომ ცუდი ვარ, თავზე გადავახტი და მასთან თუ იქნები, მე დამივიწყეო.

არადა, ლევანიც ცუდად გრძნობს თავს, სულ მიმეორებს: არ გადამიყვარო, მოვაგვარებ დედაჩემთან ურთიერთობას, უბრალოდ, ცოტა მაცადე, ასე მგონია, გაგაუბედურე, მაგრამ ძალიან მიყვარხარ და ვერ ვიცოცხლებ უშენოდო.

მეც მიყვარს და მინდა, მის გვერდით ცხოვრება, მაგრამ არ გამოდის. ერთხელ დედამისისა და იმის გამო, რომ ცალ-ცალკე როდემდე გვეცხოვრა, ვიკამათეთ, მაგრამ გაბუტულებმა მხოლოდ ერთი კვირა გავძელით უერთმანეთოდ. ლევანმა დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. შევრიგდით, მაგრამ ისევ ვერ გადავწყვიტეთ, სად გვეცხოვრა – ლევანს ჩემებთან ცხოვრება არ უნდა, დედამისი მე არ მიშვებს სახლში. არადა, ორსულად ვარ და შვილი უნდა გავაჩინო.

ლევანი ცდილობს, როგორც სრულფასოვანმა ოჯახმა, ისე ვიცხოვროთ, მაგრამ არ გამოდის. ამ ახირებული ქალის გამო, სიცოცხლე ტანჯვად მექცა.

წარმოიდგინეთ, მთელი ერთი წელია, ჩუმად ვხვდებით მე და ჩემი ქმარი ერთმანეთს, ხან სად და ხან სად. დავიღალეთ ასეთი ურთიერთობით, თუმცა სიყვარული არ განელებულა. თან, ახლა, როცა შვილს ველოდებით, ლევანი ძალიან განიცდის, ვეღარ ხვდება, რა ქნას. მეგობრები შეჰპირდნენ, გარკვეული პერიოდი ჩვენ გიქირავებთ ბინას ან ქალქგარეთ აგარაკს დაგითმობთო.

მაგრამ როდემდე უნდა ვიწანწალოთ ასე. ან რა გვაქვს დასამალი? რატომ უნდა ვთქვა უარი საკუთარ ბედნერიებასა და საყვარელ მამაკაცზე, იმის გამო, რომ დედამისმა მშვიდად იძინოს? მეც დედა ვხდები და ღმერთმა დამიფაროს, ჩემი შვილი ასეთ დღეში ჩავაგდო.

ნატა, 27 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი