გულახდილი საუბრები

დედის გარდაცვალების შემდეგ, დედამთილს თუ დედას დავუძახებდი არ მეგონა

№52

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 08.01

40 წლის ქალი
დაკოპირებულია

ახალი გათხოვილი ვიყავი, დედა რომ ავტიკატასტროფაში დამეღუპა. საჭესთან მამა იჯდა და ის სასწაულად გადაურჩა სიკვდილს. ორი თვის ფეხმძიმეს იმხელა უბედურება დამატყდა თავს, გონს ვერ მოვდიოდი. ყველა მამხნევებდა, მაგრამ განსაკუთრებით დიდი როლი ჩემმა დედამთილმა ითამაშა. ბავშვივით მიხუტებდა გულში, გვერდიდან არ მცილდებოდა, ჩემ გვერდით ეძინა. არადა, რომ გავთხოვდი და მათ ოჯახში შევედი, ჩემმა ქმარმა მთხოვა:

დედაჩემს სამი ბიჭი ვყავართ, ძალიან უნდოდა გოგო და თუ გიყვარვარ, დედა დაუძახე, ძალიან გაახარებო. კი შევპირდი, მაგრამ დედამთილს დედა ვერა და ვერ დავუძახე. მაგრამ, მიუხედავად ამისა, არასოდეს გამოუხატავს პროტესტი, არც საყვედური უთქვამს და არც შეუმჩნევია. ყოველთვის თბილად მექცეოდა. ჩემი ორი მაზლი უცხოეთში სწავლობდა და სულ ამბობდა: ვიცი, ისინი უცხოელ გოგოებს შეირთავენ ცოლად, იქ გააგრძელებენ ცხოვრებას, შენ კი ჩემი გოგო ხარ, სულ ჩემ გვერდით იქნები და განსაკუთრებულად მეყვარებიო. მოკლედ, დედა რომ დავასაფლავეთ, იმ ღამით ბევრი ვიფიქრე, თავს ვიდანაშაულებდი, რომ დედამთილს ასე მოვექეცი, ჩემგან ერთი თბილი დედიკოს დაძახება უნდოდა და ეს ვერ შევძელი. რასაკვირველია, დედა განუმეორებელია, მაგრამ კიდევ ვამბობ, დედამთილმა ზუსტად დედური სითბო და სიყვარული მაგრძნობინა და მისთვის დედის არდაძახება, ვფიქრობ, ჩემი მხრიდან უპატივცემულობასთან ერთად, ჩემი ახირების ამბავიც იყო. დილით მამასთან უნდა წავსულიყავი საავადმყოფოში, აპარატზე იყო შეერთებული და რომ გავემზადე, გამოვედი და დედამთილს ვუთხარი: დედა, მე საავადმყოფოში მივდივარ მამასთან და გეხვეწებით, წამომყევით, მარტოს მიჭირს იქ მისვლა-მეთქი. ჩემი ქმარი მუშაობდა და დედაჩემის პანაშვიდებისა და დასაფლავების ამბების მოგვარების გამო იმდენი დღე ჰქონდა გაცდენილი, მეტს ვეღარ გააცდენდა. უნდა გენახათ, დედამთილის სახე – ატირდა, გამოქანდა, მაგრად ჩამიკრა გულში და დიდი ხანი ხმით ტიროდა. მითხრა: მეგონა, დედის გარდაცვალების მერე, დედას ვეღარ დამიძახებდი, ამდენი ხანია, ველოდები, რომ ეს სიტყვა ჩემთვის გეთქვა, შენ ხარ ჩემი საკუთარი შვილი, ჩემი გოგო. ჩათვალე, რომ მე შენი მეორე დედა ვარ და რასაც დედას სთხოვდი და ეტყოდი, მეც იგივე მითხარი და მთხოვე, ზუსტად ისე გაგიგებ, როგორც შენი დედიკო გიგებდაო. რასაკვირველია, საავადმყოფოშიც დამყვებოდა, გინეკოლოგთან ვიზიტებზეც და ბავშვი რომ გამიჩნდა, ფაქტობრივად, მან გაზარდა. მართლა არ ვიცი, ამ ქალს რამდენი შეუძლია, რა ენერგია აქვს და როგორი მოთმენის უნარი. სახლშიც ყველაფერს ეს აკეთებს, ყველას გვივლის, თავს გვევლება და არასოდეს დაუწუწუნია. გეფიცებით, ბევრი დედა ვერ გაუკეთებს შვილს იმავეს, რასაც მე დედამთილი მიკეთებს. ცდილობს, უდედობა არ მაგრძნობინოს, მამაჩემიც, საავადმყოფოდან რომ გამოწერეს, რაღაც პერიოდი ჩვენთან ცხოვრობდა. ჩემს დას დედის გარდაცვალების მერე, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და მისი მიხედვა არ შეეძლო. მადლობა ღმერთს, დღეს მამაც კარგადაა და ჩემი დაც. ჩემი დედამთილი კი როგორც ჩვენს ოჯახზე ზრუნავს, ზუსტად ისე ზრუნავს ჩემებზეც. მართლა არ ვიცი, ასეთი ადამიანი კიდევ თუ არსებობს. დედამთლი კი არა, ჩემთვის ნამდვილი მფარველი ანგელოზია და მისი თავი დიდხანს მიცოცხლოს უფალმა.

ნინი, 31 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი