გულახდილი საუბრები

დედამთილმა რომ გაიგო, ჩემი შვილის ნამდვილი ბებია არ იყო, ზურგი გვაქცია

№42

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 27.10, 2022 წელი

35 წლის ქალი
დაკოპირებულია

წლების წინ სამსახურიდან დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ კლინიკაში გამანაწილეს სამუშაოდ. სწორედ იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე. ისიც თბილისიდან იყო ჩამოსული და იმავე კლინიკაში მუშაობდა. ორივე პროფესიით ექიმები ვართ და კარგად გავუგეთ ერთმანეთს. დავიწყეთ შეხვედრები, ერთმანეთი შეგვიყვარდა და ხელი მოვაწერეთ. ჩვენი გადაწყვეტილებით ჩვენი ოჯახებიც კმაყოფილი იყვნენ. ყველასთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვქონდა. ეს ძალიან მიხაროდა და ჩვენების მოსანახულებლად თითქმის ყოველ შაბათ-კვირას ჩამოვდიოდით თბილისში. ბედნიერი ვიყავი, რომ არც ისე დიდი ხნის გაცნობილი ადამიანი ასე შემიყვარდა და მასაც შევუყვარდი. სამწუხაროდ, გინეკოლოგთან ვიზიტის შემდეგ გავარკვიეთ, რომ შვილი არ მეყოლებოდა და ეს ამბავი, არავისთვის გვითქვამს, მე და ჩემმა ქმარმა. საიდუმლოდ შევინახეთ დასავლეთის ერთ-ერთი რაიონის სამშობიაროს ექიმი გახლდათ ის გინეკოლოგი, ვისთანაც გასინჯვაზე ვიყავი და ვინც უშვილობის დიაგნოზი დამისვა. სწორედ მან შემოგვთავაზა: ერთი გოგოა, ძალიან უჭირს, მეოთხე შვილს ელოდება, ვერ არჩენენ, იმ სამ შვილსაც შიმშილით უხმებათ კუჭი. უნდა, რომ ბავშვი სამშობიაროში დატოვოს და იქნებ აყვანაზე დაფიქრდეთო. სიმართლე გითხრათ, მეგონა, ჩემი ქმარი უარზე იქნებოდა, მაგრამ სწორედ მან დამაძალა. მოკლედ, ბავშვი ხუთ თვეში უნდა დაბადებულიყო და გადავწყვიტეთ, შვილად აგვეყვანა. ჩვენებს დავუმალეთ და ვუთხარით, ვითომ მე ვიყავი ორსულად. თბილისშიც მოვუკელით ჩამოსვლას. ხელოვნური მუცელი რომ არ შეემჩნიათ, ვიმიზეზებდით, თითქოს მგზავრობას ვერ ვიტანდი. ასე ვიარე ის თვეები ხელოვნური მუცლით, ფოტოებსაც ვიღებდი და ჩვენებს ვუგზავნიდი, რომ ეჭვი არ შეჰპარვოდათ და სულ მალე, ულამაზესი გოგოს დედ-მამა გავხდით. დედას ფული გადავუხადეთ და თბილისში გადმოსვლა გადავწყვიტეთ, რომ მერე პრობლემა არ შეგვქმნოდა. ბავშვს განსაკუთრებულად ჩემი დედამთილი ანებივრებდა. სულ ხელში ეჭირა, ბანდა, აჭმევდა, ასეირნებდა. ღამეც კი გვერდით ეწვინა და ტირილს რომ დაიწყებდა, მერე მოჰყავდა ჩემთან. ძალიან ნიჭიერი ბავშვი იყო, ბაღშიც გამოირჩეოდა და სკოლაშიც. ერთი სიტყვით, ასე თბილად და ტკბილად ვცხოვრობდით, სანამ ის გინეკოლოგი ქალი არ დამიკავშირდა და მითხრა: დედა დიდი ხანია, ეძებს ბავშვს, მემუქრება, მაკითხავს და შემაწუხა. მთხოვს, ვუთხრა, ვინ იშვილა და აღარ ვიცი როგორ შევაჩერო. არადა, ფული რომ მივეცით, ხელწერილი დავაწერინეთ, რომ აღარ მოიკითხავდა და ნებით ტოვებდაო. ჩემმა ქმარმა მითხრა: მე ვერ გადავიტან ეს რომ ვინმემ წამართვას და არც ის მინდა, ვინმესგან გაიგოს, რომ ნაშვილებია და ხომ არ ჯობს, თავად ვუთხრათ, ვითომ მშობლები ავარიაში დაეღუპა და ჩვილი ავიყვანეთ ბავშვთა სახლიდანო. ვიუარე, თავი გავიჟე და ვუთხარი: არავითარ შემთხვევაში, ვერავინ ვერ მოძებნის და მოაკითხავს, რომ დამჭირდეს ცხრა მთას იქით წავალ და დავსახლდები და ამას არავის დავუთმობ-მეთქი. ეს რომ ვუთხარი, მიხვდა, აზრი არ ჰქონდა ამ თემაზე ჩემთან ლაპარაკს და მითხრა: მოდი, მაშინ თავი მაინც დავიზღვიოთ, მარტო დედაჩემს ვუთხრათ, იმ ქალმა სკოლაში რომ მიაკითხოს ან ქუჩაში დახვდეს, იცოდეს დედამ, მას დაჰყავს სკოლაში და ასე სჯობს, უფრო ყურადღებით იქნებაო. ბევრი ვიფიქრე და ბოლოს ამაზე დავთანხმდი. ვიფიქრე: მისი გაზრდილია, სიგიჟემდე უყვარს და ალბათ, გაგვიგებს-მეთქი. შევცდი. თქმა და თავის გაგიჟება ერთი იყო. იტირა, იბღავლა, გაგვლანძღა და იმ დღიდან ბავშვიც და მეც ამოგვიძულა. გაყვიროდა: სხვისი ნაბიჭვარი მაზრდევინეთ, რად მინდოდა, სახლში რომ მომითრიეთ. თან გადავყევი და ვინ იცის რა გენეტიკისაა, ერთ დღესაც დაჰკრავს ფეხს და გავარდება აქედან, სულ წყალში ჩამეყრება ამაგიო. ვთხოვდი, ცრემლიანი ვემუდარებოდი, ბავშვს არ უთხრა, არ გაიგოს, ეს ჩვენი საიდუმლო იყოს-მეთქი. არაფრის გაგონება არ უნდოდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემმა ქმარმა სასწრაფოდ გამოიტანა ბანკიდან სესხი, ბინა ვიყიდეთ და საცხოვრებლად იქ გადავედით. მეხუთეკლასელი ბავშვი, ვერაფრით ხვდება, ასე მალე რატომ დაივიწყა ბებიამ. ვუხსნი, ფსიქიკური პრობლემები აქვს, მალე კარგად გახდება და ისევ მოვა-მეთქი, მაგრამ ვხვდები, ენატრება და თვალებზე ცრემლები ადგება. არ ვიცი, როდემდე დავმალავ სიმართლეს, მეც გული დამიავადდა. სულ სტრესში ვარ: მეშინია, ბავშვმა არ გაიგოს ან ნამდვილი დედა არ დახვდეს და არ უთხრას. უბედნიერესი წუთები ჯოჯოხეთად მექცა და ამაში ჩემს დედამთილს ვადანაშაულებ. რომ არა მისი ახირება, ისევ ერთი დიდი და ბედნიერი ოჯახი ვიქნებოდით. მესმის, რთულია, როცა ერთი ბიჭი გყავს და გინდა, მისი შვილი ჩაისვა კალთაში, მაგრამ თუ ქალი უყვარს და პრობლემა აქვთ, მათაც ხომ უნდა გაუგო?

ნიაკო, 36 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა