გულახდილი საუბრები

დედამთილმა ისე მიმიღო სამშვილიანი ქალი რძლად, ერთი არ დაუწუწუნია

№43

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 04.11, 2021 წელი

რძალ-დედამთილობა
დაკოპირებულია

გავთხოვდი და ქმრის ხელში ბევრი ჯოჯოხეთური წელი გავატარე. სამი შვილი გავაჩინე და ვფიქრობდი, შვილებისთვის მამა არ დამეკარგა, ამიტომ ვიკავებდი თავს გაშორებისგან.

თუმცა, როცა სიტყვიერი შეურაცხყოფა არ იკმარა და ფიზიკურ ძალადობაზე გადმოვიდა, ჩვენს ურთიერთობაში ჩემი ძმა და მისი საძმაკაცო ჩაერია და საბოლოო ჯამში, განქორწინებაზე დავთანხმდი. არ ვიცი, რას ვერ ვაკეთებდი ისე, რომ მისი გული ვერ მოვიგე ან რის გამო ვისჯებოდი. თუმცა, ახლა რომ ვფიქრობ, უბრალოდ, ავადმყოფი იყო, ენერგოვამპირი და თავის სასიცოცხლო ენერგიას ჩემთან ჩხუბით ივსებდა. მადლობა ღმერთს, ჩვენს განქორწინებას მისი მხრიდან აყალმაყალი არ მოჰყოლია. ჩემი ძმა დაემუქრა: კიდევ თუ გამოჩნდები ჩემი დის სიახლოვეს, მოგკლავ, ბავშვების ამბავში კი არ ჩავერევი, თავად გადაწყვეტენ, რამდენად უნდათ ისეთ მამასთან კავშირი, როგორიც ჰყავთო. მოკლედ, მართლა არ მოინდომეს ბავშვებმა მისი ნახვა და ჩემ გვერდით ამჯობინეს ყოფნა. მაშინ გარდატეხის ასაკში იყვნენ და ჯანსაღად შეაფასეს შექმნილი ვითარება. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემი ყოფილი ქმარი არ გვაწუხებდა, ბავშვებს ხანდახან თუ დაურეკავდა და სულ ეგ იყო. თუმცა, დედამთილი ხშირად მკითხულობდა და მისი დღემდე მადლიერი ვარ. გაშორებიდან სამი წლის მერე ჩემი უმცროსი შვილის გეოგრაფიის მასწავლებელმა დამიბარა სკოლაში. რომ მივედი, სიმპათიური მამაკაცი დამხვდა. მართალია, საყვედური უნდა ეთქვა, არ სწავლობსო, თუმცა, ისეთი რბილი ტონით დამიწყო საუბარი, მივხვდი, ჩემ მიმართ სიმპათიით განეწყო. დღეს ეს ადამიანი ჩემი ქმარია და მადლობა ღმერთს, რომ ის ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა. თავიდან არ მინდოდა გათხოვება. ისე ვიყავი ჩემი ყოფილი ქმრის მერე მათზე გამწარებული, კაცთან უბრალო ფლირტიც ვერ წარმომედგინა. ყველა ერთნაირი მეგონა, თუმცა ვცდებოდი. თან, როცა ურთიერთობა და შეხვედრები დავიწყეთ, არასოდეს უკადრებია ჩემთვის ინტიმური ურთიერთობა შემოეთავაზებინა. ვხვდებოდი, სერიოზული განზრახვა ჰქონდა და ერთ დღესაც, ცოლად გამომყევიო რომ მითხრა, დავიბენი. არ დავმალავ, ველოდებოდი, რომ ამას მეტყოდა, თუმცა, ბარიერი ჩემი სამი შვილი იყო. მე კი მინდოდა მის გვერდით ცხოვრება, მაგრამ არ ვიცოდი, ისინი როგორ მიიღებდნენ ამას და თან, მას ასაკში შესული მშობლები ჰყავს და რამდენად ვიქნებოდი სამშვილიანი ქალი მათთვის მისაღები. ერთი სიტყვით, გადაწყვეტილების მიღება მიჭირდა და თავად იაქტიურა. მშობლებსაც ელაპარაკა და ჩემს შვილებსაც აუხსნა სიტუაცია. ისე დაალაგა ყველაფერი, ასე მეგონა, სიზმარში ვიყავი და გამოღვიძების შემდეგ, ისევ ძველ დროში დავბრუნდებოდი. ცოლად გავყევი და ჩემი სამი შვილით, მასთან ვცხოვრობ. რაც მთავარია, არასოდეს მიგრძნია მისი მშობლებისგან რაიმე გადაკრული სიტყვა. მამამისი ცოტა უთქმელი კაცია, თუმცა ისედაც ეტყობა, რასაც ვუკეთებ როგორი მადლიერია. დედამთილს კი ჩემთან საუბარი უყვარს და ხშირად მეუბნება: მეშინოდა, ისე არ წავსულიყავი ამ ქვეყნიდან ჩემი შვილი ბედნიერი არ მენახა, არასოდეს უფიქრია ოჯახის შექმნა და ალბათ, ღმერთის ნება იყო, მართალია გვიან, მაგრამ ასეთი კარგი გოგო რომ მომიყვანა სახლშიო. ჩემი შვილებიც საკუთარი შვილიშვილებივით მიიღეს და დღეს, ერთი დიდი ოჯახი გვაქვს. ხშირად მიფიქრია, ჩემმა ბიჭებმაც რომ სამშვილიანი ქალი მოიყვანო ცოლად, რა რეაქცია მექნება-მეთქი და არც კი მინდა გონებაში დავუშვა. თუმცა, როგორ არ ჩავიკრა გულში დედამთილი, როცა მიმიღო კი არა, ყოველდღიურად მადლობას მიხდის, მის ოჯახში რომ შევდგი ფეხი. ასეთი ადამიანები გამონაკლისია და მეც ვცდილობ, თუკი რამით შემიძლია გავანებივრო და გავახარო, ძალა არ დავიშურო. იმდენად ბედნიერი ვარ, პირველი ქორწინების გახსენებაც კი არ მინდა. ბევრმა მკითხა: შვილს კიდევ გააჩენ, ხომ უნდა თავისი შვილი შენს ქმარსო. დიახ, აუცილებლად გავაჩენ, თან, რამდენიც მეყოლება და ალბათ, ესეც ღმერთის ნება იქნება.

ხათუნა, 40 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი