გულახდილი საუბრები

დედამთილის საყვარლის გამო ყველაფერი დავკარგეთ და ქუჩაში დავრჩით

№20

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 26.05, 2022 წელი

დედის აღსარება
დაკოპირებულია

გავთხოვდი და მეგონა, შეძლებულ ოჯახში შევედი, თუმცა, საბოლოო ჯამში, ქუჩაში აღმოვჩნდი. რას წარმოვიდგენდი, თუ ჩემი დედამთილი, ასეთი ქარაფშუტა და მიამიტი იქნებოდა, არადა ისე მოატყუა საყვარელმა, სახლიდან ყველაფერი გააყიდვინა და ბოლოს ბინის გარეშეც დაგვტოვა. დათოს რომ გავყევი, დედამისთან არაჩვეულებრივი დამოკიდებულება მქონდა. ნამდვილი დაქალებივით ვიყავით. ახალგაზრდა ქალია და ვიფიქრე, გამიმართლა, ყველაფერს გამიგებს-მეთქი. ასეც იყო. არაფერს ვუმალავდით ერთმანეთს და მის ახალგაზრდა საყვარელზეც ყველაფერს მიყვებოდა. მის შვილზე მეტი მე ვიცოდი. დათო იმ ბიჭის წინააღმდეგი იყო. დედამისს ეჩხუბებოდა:

არ გყავს ქმარი და გასაგებია, რომ გინდა ვინმესთან იყო, მაგრამ ჩემზე ექვსი წლით პატარა საყვარელი რა უბედურებააო. მე კი სულ დედამთილის მხარეს ვიჭერდი: ახალგაზრდა ქალია, საკუთარი ცხოვრება უნდა ჰქონდეს, ცოლად ხომ არ მიჰყვება, იყოს ბედნიერი, რა პრობლემაა?! თან, ნათესავებმაც არაფერი იციან და ამ ქალს პირადი სიმშვიდისა და ბედნიერების უფლება აქვს-მეთქი. თურმე, რა სიმშვიდე და ბედნიერება... იმ გარეწარმა, გამოიყენა, თავი შეაყვარა და ვითომ ბიზნესის აწყობის მიზნით, ყველაფერი გააყიდინა სახლიდან და ბოლოს, ბინაც ისე ჩაადებინა ბანკში, რომ მე და დათომ არაფერი ვიცოდით. საგულდაგულოდ მალავდა, მაგრამ რა დაიმალება? ერთ დღესაც, როცა ბანკიდან დარეკეს და დათომ უპასუხა, ისეთი ამბავი ატყდა, გახსენებაც არ მინდა. ჩემი ქმარი დედამისს მოსაკლავად გამოეკიდა, ძლივს ვიჭერდი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემი დედამთილის საყვარელი, რა თქმა უნდა, დაიმალა, ფული შერჩა და სავარაუდოდ, ვითომ ბიზნესის ფულით, ჩემი დედამთილის ხარჯზე, კარგი ცხოვრება აიწყო. სახლი ბანკმა წაგვართვა და ერთადერთი, რაც იმ სახლიდან წამოვიღე, ჩემი ოქროული და ტანსაცმელია. მე და ჩემი ქმარი ნაქირავებ ბინაში ვართ და იმის საშუალებაც არ გვაქვს, ბავშვს სათანადო პირობები შევუქმნათ. ყველაფრის განწყობა და ხალისი დავკარგეთ. თან, ბავშვის გამო მე მუშაობა ვერ დავიწყე და მხოლოდ დათოს მიზერულ ხელფასზე ვართ. ფული მხოლოდ ბინის ქირაში, კომუნალურებში და საჭმელში გვყოფნის. ხშირად სესხებაც გვიწევეს. ჩემი მშობლების სახლში გადავიდოდით, მაგრამ საკმაოდ ვიწროდ არიან. თან, ჩემს ძმას ცოლი და სამი შვილი ჰყავს და „ხრუშჩოვკის“ ტიპის ბინაში თავად ძლივს ეტევიან. კიდევ ვამბობ, ჩემი დედამთილის იდიოტურმა ხუშტურებმა და ახირებებმა, ტყუილმა და პატარა ბიჭის სიყვარულმა, ისეთი ცხოვრება და ქონება დავგაკარგინა და გადაყარა წყალში, რომ ვერასოდეს ვეღარ შევქმნით და ვერც ვიოცნებებთ. ამხელა ქალი ასე როგორ უნდა აჰყვე ვნებებს, რომ თვალი დაგიბრმავდეს და ვერ მიხვდე, როგორ გიყენებს საყვარელი. ყოველდღიურად გაჰქონდა სახლიდან ძვირად ღირებული ნივთები და ყიდიდა. ამაზე თვალს ვხუჭავდი. დათო ბიჭია და იმდენად ვერ ხვდებოდა, რომ ნივთები გაჰქონდა. თან, არც აკვირდებოდა. თან, საკმაოდ კარგ სამსახურში მუშაობდა და საკმაოდ მაღალი ხელფასიც ჰქონდა. იპრანჭებოდა, იცვამდა და იხურავდა, სასტუმროს ფულს, იმ ტიპთან რომ „ეგულავა“, თავად იხდიდა და რა ეყოფოდა? ჩემზე რა უნდა ვთქვა, როცა არც შვილზე ფიქრობდა და არც შვილიშვილზე. ყველას დაგვინგრია მომავალი. მიკვირს, როგორ გააბა მახეში იმ არამზადამ, ასე როგორ აუბნია ტვინი და მოატყუა, რომ ვერაფერს ხვდებოდა. ახლა, ცხოვრობს თავის დეიდაშვილთან და საერთოდ არ გვკითხულობს. არც გვჭირდება. დათოს ისე აქვს გული გაცივებული, სიტყვა დედის ხსენებაც არ უნდა. ერთი პერიოდი იმ ბიჭს ეძებდა. ამბობდა, არ ვაპატიებ, სადაც ვნახავ, მოვკლავ და ციხეში ჩავჯდებიო. გარეთ რომ გადიოდა, გული მისკდებოდა. დღე და ღამე ვლოცულობდი, ის ნაძირალა სადმე არ გადაჰყროდა, ცოდვა არ დაედო კისერზე და საბოლოოდ არ გავენადგურებინეთ ცოლ-შვილი. ახლა, ცოტა დამშვიდდა და ერთი საფიქრალი გვაქვს, როგორმე თავი გავიტანოთ, თორემ იმ ქონებას ვერც დავიბრუნებთ და ვერც იმას შევქმნით, რაც გაგვაჩნდა.

თამთა, 28 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი