დედამთილის ჯინაზე, ქმარს ვუღალატე და არასოდეს ვინანებ
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 10.04

გათხოვების დღიდან ჩემი დედამთილისგან სულ მესმის:
ჩემი საუკეთესო შვილი, ჩემი ჭკვიანი, ჩემი გამრჯე, ჩემი მეოჯახე, ჩემი სიმპათიური... არასოდეს წამოსცდენია ჩემზე, ანუ რძალზე, მისი შვილის ცოლზე რამე ლამაზად გულზე მოსახვედრი სიტყვა, თუნდაც უგულოდ ნათქვამი, პირფერობით. ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, როგორ ეჭორავებოდა მეზობლის ქალს ეზოში: შეუფერებელი ცოლი მოიყვანა ჩემმა შვილმა, მაგრამ რა ვქნა, მისი არჩევანია, ის წევს მის გვერდით, მე ხომ არა და ავიტან როგორც იქნება, სხვა რა გზა მაქვსო. ისე გავმწარდი, არ ვიცი, რამ გამაჩერა, რომ არ ჩავუხტი და არ დავაცალე თმები. ისევ ჩემი თავმოყვარეობის გამო შევჩერდი და ჩავყლაპე. სულ ვამბობდი: მთავარი ჩემი ქმარია, ის მცემდეს პატივს და მას ვუყვარდე, დედამისი და სხვა დანარჩენი რაში მაინტერესებს-მეთქი. თუმცა, ასეც არ ყოფილა. ჩემი ქმარი მამამისის ბიზნესშია, კვირაობით და თვეობით უწევს ხოლმე უცხოეთში ყოფნა საქმეზე. ფაქტობრივად, სულ მარტო ვარ. არ დამავიწყდება, ახალგათხოვილი წავეწუწუნე: რა არის, სულ წასული ხარ, სულ მივლინებებში, სულ მენატრები და ასე აღარ შემიძლია-მეთქი. ქმარს არაფერი უთქვამს, სამაგიეროდ, დედა გამოესარჩლა: აბა, როგორ გინდა? მეც ასე ვიყავი, ჩემი ქმარი სულ წასული იყო, მე ოჯახს ვუვლიდი. ფული გინდათ ახალგაზრდებს და ქმარმა რომ იმუშავოს – არა. აბა, სულ კალთაზე ხომ არ გამოგეკერაბაო. ნუ, ესეც ჩავყლაპე. თუ ჩემი ქმარი ისვენებს და სადმე წასვლა ვთხოვე, მაგალითად, ქალაქგარეთ, კუს ტბაზე ან ლისის ტბაზე, განმარტოება, სუფთა ჰაერის ჩაყლაპვა და გასეირნება, ეგრევე ჩემი დედამთილი გამოყოფს თავს და რამეს მოიმიზეზებს, რომ ჩემთან ერთად არ იყოს და მას ჰყავდეს გვერდით. გასაგებია, დედაა და ნათესავის წვეულებაზეც უნდა გაჰყვეს, მაღაზიაშიც, რომ პროდუქტი აყიდვინოს და მოატანინოს, მაგრამ ხომ შეიძლება, ცოლთან ერთადაც მოიწყოს რომანტიკული დღეები ამ ბიჭმა? ერთი სიტყვით, ამ ქალმა იმდენი ქნა, სულ ამაყრევინა გული ოჯახზე, ვნანობ გათხოვებას-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ თითქოს სიყვარული სადღაც გაქრა და მხოლოდ ცოლის ვალდებულება შემრჩა ხელში. არადა, ბუნებით სხვანაირი ვარ: მიყვარს, როცა წყვილი ერთად ატარებს დასვენების დღეებს, იწყობს რომანტიკულ ვახშამს, ყველაფრისგან მოწყვეტილი, მხოლოდ ორნი თავის სამყაროში არიან. ისედაც დაძაბულ დროში ვცხოვრობთ და მსგავსი დღეები ცოლ-ქმრისთვის აუცილებელია. მოკლედ, გასულ თვეს, ჩემს ქმარს ისევ მოუწია უცხოეთში გამგზავრება სამი კვირით. ჩემი დაბადების დღე მოდიოდა და ძალიან მინდოდა, ჩემ გვერდით ყოფილიყო. აზრი არ ჰქონდა, წასვლის გადადება მეთხოვა, ვიცოდი, არ გამოვიდოდა. რომ დამირეკა და დაბადების დღე მომილოცა, ტელეფონში ცრემლიანმა ვუთხარი: როგორ მინდა, ახლა ჩემ გვერდით იყო-მეთქი. ჩემმა დედამთილმა უცებ, გამომგლიჯა ტელეფონი ხელიდან და გაუბა ლაპარაკი. გეფიცებით, ისე ამომასხა, ვერ შევიკავე თავი და კარგად, ხმამაღლა შევუტიე. რაც იყო და არ იყო საჭირო, ყველაფერი პირში მივახალე. ჩავიცვი, გავიპრანჭე და დაქალთან წავედი. მას მოვუყევი ეს ამბავი. დამამშვიდა და მითხრა: დღეს ჩემთან დარჩი, აქ აღვნიშნოთ შენი დაბადების დღე. ჩემი დეიდაშვილი სანდროც მოვა, გოგოებსაც დავურეკოთ, თან ჩემებიც სოფელში არიან, ნათესავის დაკრძალვაზე წავიდნენ და ჩვენ კარგი დრო გავატაროთ, რას უსმენ შენს დედამთილსო. ასეც მოვიქეცით. სხვათა შორის, სანდრო სკოლის პერიოდიდან მომწონდა, მისგანაც ვგრძნობდი სიმპათიებს, მაგრამ არ ვიმჩნევდით. სახლში არ დამირეკავს დაქალთან რომ ვრჩებოდი, ჩემს ქმარს დავურეკე და ვუთხარი რასაც ვაპირებდი. ასე იყო თუ ისე, ცოტა დავლიე, მომეკიდა და იმ ღამეს, სანდროს მკლავებში აღმოვჩნდი. დილით, როცა გამოვფხიზლდი, ცოტა შევიშმუშნე, მაგრამ დიდად არ მინერვიულია. დღემდე არ ვნანობ ამ საქციელს. ეს, ჩემი დედამთილის უაზრო საქციელებისა და სიტყვების ბრალია და არა ჩემი. ქმარი, რასაკვირეველია, მიყვარს, მაგრამ არასოდეს ვინანებ, რომ ვუღალატე. ის წამიერი გართობა იყო და გაბრაზებულ გულზე, ცოტა ნასვამმა ჩავიდინე, ვერავინ გაიგებს და ამის გამო არც ქმრისგან წამოსვლას ვაპირებ და არც ოჯახის დანგრევას.
ნიაკო, 28 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან