გულახდილი საუბრები

დედამთილი, რომელმაც დამიწუნა და რძლად არ მიმიღო, დღეს ჩემს მზეს ფიცულობს

№47

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 30.11, 2023 წელი

30 წლის ქალი
დაკოპირებულია

ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, მშობლები მე და ჩემს და-ძმას საკმაოდ მკაცრად გვზრდიდნენ. დედმამიშვილებში უფროსი მე ვიყავი და ყველაზე მკაცრები ჩემ მიმართ იყვნენ. საკმაოდ კარგად ვსწავლობდი, დედას სახლის საქმეებშიც ვეხმარებოდი, საღამოობით ჩემს დაიკოს და ძამიკოს წიგნებს ვუკითხავდი და ერთი სიტყვით, საკუთარი სამყაროსთვის დრო არასოდეს მრჩებოდა. არადა, სულ მინდოდა განმარტოება, ფიქრი, ოცნება... 

სკოლა რომ დავამთავრე და უმაღლესში მოვეწყვე, მშობლები ცოტა ლმობიერები გახდნენ, აღარ მიშლიდნენ კურსელებთან ურთიერთობას და მეგობრობას. ხშირად ვიკრიბებოდით ერთ-ერთი ჩემი კურსელის სახლში. ჩემი მშობლები მის მშობლებს იცნობდნენ და ამიტომ არასოდეს დაუშლიათ ეკასთან ჩემი წასვლა. ეკა არაჩვეულებრივი გოგო იყო და ახლაც ასეთია. სულ მაქვს მისი იმედი. არასოდეს მივუტოვებივარ მარტო, ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი, როცა ყველამ ზურგი მაქცია, გვერდში მედგა. მოკლედ, ეკას მეზობლად ცხოვრობდა ბიჭი, რომელიც შემიყვარდა. მასაც სიგიჟემდე ვუყვარდი. ცოტა უცნაური დედა ჰყავდა. სულ ვხედავდი იმ ქალს – აივანზე გადმოდგებოდა, სიგარეტს ეწეოდა. მუდამ ფორმაში იყო – დავარცხნილი თმით, თვალზე ცისფერი „ტენით“ და წითელი პომადით. თავად ვანო მეუბნებოდა: დედაჩემი ძალიან მიყვარს, მაგრამ უცნაური ქალია, მამაჩემმაც კი ვერ გაუძლო და გაიქცა მისგანო. სულ ვუშლიდი, ასე ნუ ამბობ-მეთქი, მაგრამ მართალი ყოფილა. ეჭვიც არ მეპარება ახლა, რომ ვანოს მამა მართლა გაიქცეოდა მისგან. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემმა მშობლებმა არ იცოდნენ ჩემი და ვანოს სიყვარულის ამბავი, მხოლოდ ეკამ და მისმა ოჯახმა იცოდა ჩვენი ამბავი, რადგან მათ ოჯახში ვიყავით ძირითადად და თავისი თვალით ხედავდნენ ყველაფერს. ბოლო კურსზე ვიყავით, გამოცდები ახლოვდებოდა დ მაშინ მთხოვა ვანომ, მოდი, დავქორწინდეთო. უარი ვუთხარი: რას ამბობ, გამოცდები ახლოვდება, წითელ დიპლომზე ვამთავრებ, კარგად უნდა მოვემზადო, თან ჩემებიც შევამზადო, ხომ იცი, არ იციან ჩვენ შესახებ და ცოტა მაცადე-მეთქი. შემეწინააღმდეგა, ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, ვერ ვძლებ უშენოდ და არ მაინტერესებს შენი დიპლომი და რას იტყვიან მშობლები, გავიპაროთო. ისე მესაუბრებოდა, დარწმუნებული ვიყავი, დედამისმა იცოდა ჩვენი ამბავი. თურმე, ქალი აზრზე არ ყოფილა. რძლად ცისფერთვალება, ქერა, მაღალი გოგო უნდოდა და მე რას მიმიღებდა? ასე იყო თუ ისე, მე და ვანომ დაქორწინება გამოცდების ჩაბარებამდე გადავდეთ, თუმცა ურთიერთობა დავიწყეთ და მალევე დავრჩი ორსულად. სამი თვის ფეხმძიმე რომ ვიყავი, ვანომ მითხრა: მოდი, პირდაპირ მივიდეთ ჩემთან, იქიდან დავურეკოთ, რომ გათხოვდი და რომ მოვლენ, მაშინ გაიგებენ და ვეღარაფერს გეტყვიან შენებიო. დავეთანხმე, სხვა გზა არც მქონდა. მაგრამ, დედამისმა, კარშიც კი არ შემიშვა. რომ აუხსნა ვანომ ჩემი ორსულობის ამბავი, ამაზე სულ გადაირია, ლანძღვა-გინებით გამოგვაგდო. ჩემებმაც გაიგეს და არც მათ მიმიღეს ორსული, ქუჩაში დარჩენილი გოგო, ატყდა ერთი ამბავი. მეც და ვანოც ეკას ოჯახმა შეგვიფარა, ბავშვის წამოზრდაშიც ისინი დამეხმარენ და საბოლოოდ, საცხოვრებლად სამივე ბებიაჩემის ბინაში გადავედით, გარეუბანში. ძალიან გვიჭირდა, მაგრამ არც ჩემები და არც ვანოს დედა არ გვეხმარებოდნენ. ერთადერთი ჩემი ქმრის მამა გვაკითხავდა, ის გვეხმარებოდა ფინანსურად. ამასობაში ხელიც მოვაწერეთ, ვანომ მუშაობა დაიწყო და დავიწყეთ დამოუკიდებლად ცხოვრება. გვიჭირდა, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, სიყვარული არ განელებულა, პირიქით, დღემდე ტკბილი ოჯახი გვაქვს. სამწუხაროდ, გაჭირვების გამო მეტი შვილი ვერ გავაჩინე. ახალბედა დედამ ეს ერთიც ძლივს გავზარდე. ალბათ, ბევრი რამ დავაკელი, მაგრამ კალთიდან არ მომიცილებია. ერთ დღესაც, ვანოს დედას ინფარქტმა დაარტყა. გავიგე, საავადმყოფოში იწვა და გულმა არ მომითმინა, მოვკიდე ბავშვს ხელი და მივაკითხე. არ დაიჯერებთ და მაშინ ნახა პირველად ბავშვი. ჩაიხუტა, იტირა და მომიბოდიშა: ეს რა გავაკეთე, არ მეგონა, თუ თქვენი ურთიერთობა სერიოზული იყო. ამიტომაც გკარი ხელი. ბავშვის უფრო მრცხვენია, როგორ ვთქვი ამ ანგელოზზე უარიო. არაფერი მიპასუხია, ჩუმად ვუსმენდი. მართალია ვერ ვაპატიე და ვერც ვერასოდეს ვაპატიებ, მაგრამ დღეს ერთად ვცხოვრობთ და მზე და მთვარე ჩემზე ამოსდის.

მაია, 36 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა