გულახდილი საუბრები

დედაჩემმა თავისი უაზრო საქციელებით ოჯახი დამინგრია

№29

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 31.07

გულახდილი საუბრები, ქალი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

სამი წლის ვიყავი, როცა ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. ძირითადად, ბებია მზრდიდა – დედის დედა, რომელიც უკვე ორი წელია, გარდაიცვალა და უძლიერესი საყრდენი გამომეცალა. დედა, რაც თავი მახსოვს, სულ საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობდა. დამტოვებდა ბებოსთან და თვითონ ხან დაქალებთან ერთობოდა და ხან - კვირაობით რჩებოდა ქალაქგარეთ მის მეგობარ კაცებთან.

მამა კი მაკითავხავდა, როცა დრო ჰქონდა, მაგრამ ჩვენი შეხვედრა გასეირნებით, ნაყინის ჭამითა და ველოსიპედით სიარულით შემოიფარგლებოდა. მერე ცოლი მოიყვანა და შვილები რომ ეყოლა, ძირითადად, რეკავდა და შეიძლება, ორ თვეში ერთხელ მენახა. მოკლედ, ბებია იყო ჩემი დედაც, მამაც, მეგობარიც და ყველაზე ახლო ადამიანიც. სულ ამბობდა და მარიგებდა: შვილო, არაფერი დამიკლია დედაშენისთვის, შენსავით სითბოში და სიყვარულში ვზრდიდი, მკაცრიც ვიყავი ხანდახან, მაგრამ მაინც ვერ გავზარდე ისეთი, როგორიც მინდოდა, შენ ხარ ჩემი გოგო და მინდა, ბედნიერი მყავდე და დედაშენს არ დაემსგავსო საქციელებითო. რომ გავთხოვდი, ქორწილი გადამიხადეს. დედა თავისი ახალი საყვარლით მოვიდა, გადაპრანჭული, მამაჩემი – ჩემს ნახევარ და-ძამასთან ერთად. ჩემი ქმრის სანათესაო რომ მეკითხებოდა დედაჩემის საყვარელზე, ეს დედაშენის ქმარიაო, მრცხვენოდა და არ ვიცოდი, რა მეპასუხა. იმ კაცის მერე, არაერთი საყვარელი გამოიცვალა. ფულზე იყო ორიენტირებული და თუ რამეს მოაკლებდნენ, ეგრევე შორდებოდა და სხვას იჩენდა. სხვათა შორის, რომ გავთხოვდი და საცხოვრებლად ქმართან გადავედი, ბებომ გამაფრთხილა: შვილო, დედაშენისგან ცოტა შორს დაიჭირე თავი. გააფრთხილე, კაცებთან ერთად არ დაგადგეს სახლში, უხერხულია შენი ქმრის ოჯახთანო. მე დედამთილ-მამათილთან და მაზლთან ერთად ვცხოვრობდი და გამიმართლა, რომ ტრადიციულ, საყვარელ და თბილ ხალხში მოვხვდი, მაგრამ დედაჩემმა იმდენჯერ შემარცხვინა, იმდენჯერ მომჭრა თავი, ბოლოს ჩემს ქმართან სერიოზული კამათი მომივიდა და ოჯახიც დამენგრა. დაადებდა დედაჩემი თავს, ამოიყვანდა თავის კაცს ჩემს ოჯახში, მოიტანდა სასმელებს, დასხდებოდნენ, გაილეშებოდნენ, ხმამაღლა იცინოდნენ, სისულელეებს ყვებოდნენ და ამ ყველაფრის შემხედვარე, მერჩივნა, მიწა გამსკდომოდა და ჩავეტანე. პირველი რამდენიმე თვე ითმინა ჩემმა ქმარმა და მერე კატეგორიულად დამისვა საკითხი: არ მსიამოვნებს დედაშენის ახალ-ახალი საყვარლების ჩემს ოჯახში ვიზიტები. გააფრთხილე დედაშენი, თუ შენი ნახვა უნდა, ან გარეთ გნახოს, ან მარტო ამოვიდეს ჩვენთან, საყვარლის გარეშე. ბოლოს და ბოლოს ოჯახია, ბორდელი ხომ არაო. მართალი კი იყო, მაგრამ დედის მხარე დავიჭირე, ხმამაღლა ვუხსნიდი, რომ ქმარს გაშორებული, დეპრესიიდან ძლივს გამოიყვანა ბებომ. მერე ცდილობდა ცხოვრების დალაგებას, ისეთი მამაკაცის პოვნას, რომელიც მის გვერდით იქნებოდა და გააბედნიერებდა, ასე ვერ მოხდა და თუ საყვარელი ჰყავს, ის მატერიალურად უზრუნველყოფს, დედაჩემს მუშაობა არ შეუძლია-მეთქი. არადა, როგორ არ შეეძლო მუშაობა, მაგრამ ეზარებოდა და მარტივად ფულის შოვნის წყარო ჰქონდა ნაპოვნი სხვადასხვა მამაკაცის ხარჯზე. არც დეპრესია ჰქონია. მამაჩემთან დაშორების მერე, მალევე გაიჩინა საყვარელი და საერთოდ არ ახსოვდა შვილი, მხოლოდ თავის სიამოვნებაზე იყო გადართული. ეს მხოლოდ მე და ბებომ ვიცოდით და მრცხვენოდა ამის ქმრის ოჯახში მოყოლა. მოკლედ, გავაფრთხილე: დედა, პრობლემას ნუ შემიქმნი-მეთქი. ბებოც დაელაპარაკა, მაგრამ არ დაგვიჯერა, ისევ გააგრძელა ძველებურად. ერთი პერიოდი, როცა ბებო ცუდად იყო, აღრ მოდიოდა, მაგრამ რომ გარდაიცვალა, ისევ დაიწყო სიარული და იმდენი ქნა, სანამ ჩემს ქმართან ისეთი ჩხუბი არ მომივიდა, რომ წამოვედი და დავშორდით. ახლა, დედას არ ველაპარაკები, კატეგორიულად ვუკრძალავ მის ბინაში მოსვლას, რომელიც ბებიაჩემმა მე დამიმტკიცა. ღირსია, სხვა საქციელს არ იმსახურებს, მაგრამ გული მტკივა, რომ მე დავზარალდი და თავის დროზე არ დავუსვი წერტილი მის აღვირახსნილობას და სამუდამოდ არ ჩამოვიშორე. ამ ბოლო დროს, ჩემმა ქმარმა სოციალურ ქსელში მომწერა, მომიკითხა და იმედი გამიჩნდა, იქნებ ისევ ვუყვარვარ, მაპატიოს დედაჩემის საქციელები და შემირიგდეს. დედა კი მართლა სამუდამოდ დავკარგე.

ნინი, 32 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა