დავაშავე, რომ ვინც მიყვარდა წლების წინ, არ გავყევი და დრო დავკარგე
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 18.12
ყოველთვის პრანჭიკელა გოგო ვიყავი, მიყვარდა მოდურად ჩაცმა, მეგობრებთან ერთად დროის ტარება და ბევრ ბიჭს მოვწონდი. დედა სულ მეუბნებოდა: შენ სწავლა არ გაინტერესებს, გართობასა და ჩაცმა-დახურვაზე ხარ ორიენტირებული, ამიტომ შესაბამისი მეორე ნახევარი უნდა მოძებნო, შენი ხასიათის და აუცილებლად შეძლებულიო. მეც ასე მესახებოდა ჩემი მომავალი. ერთ ჩემზე ასაკით პატარა ბიჭს მოვწონდი, მაშინ სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა და გათხოვებაზე არც ვფიქრობდი. ამ ბიჭს კი მისი ასაკის გამო ზედაც არ ვუყურებდი, თორემ ხასიათიც გადასარევი ჰქონდა და შეძლებული ოჯახიშვილიც იყო. მე 19 წლის ვიყავი, ის 17-ის. ყველა დაქალი მეუბნებოდა: გადასარევი ბიჭია, მიაქციე ყურადღება, საჩურებით გავსებს, ყოველ კვირას ულამაზესი თაიგულები მოაქვს, შენ კი ზედაც არ უყურებო. მართლია, ძვირფას საჩუქრებს მჩუქნიდა და ყვავილებითაც მანებივრებდა, მაგრამ მე სოლიდური მამაკაცები მიზიდავდა. დაჩემებული მქონდა: ბიჭმა მანქანით უნდა მომაკითხოს, ჩემი საოცნებო სახლი ჰქონდეს, უცხოეთში მატაროს, იქ ჩამაცვას და დამახუროს და მერე დავფიქრდები-მეთქი. ზუსტად ასეთი კი, სწორედ იმ პერიოდში გამოჩნდა, ჩემზე ასაკით დიდი იყო, ჩემს ამ მოთხოვრებსაც აკმაყოფილებდა, მაგრამ ხასიათით ვერ ვეწყობოდით. ვფიქრობდი: გავყვები ცოლად, მატერიალურად უზრუნველყოფილი ვიქნები და მერე, ჩემს ჭკუაზე გადმოვიყვან-მეთქი. ასეც მოვიქეცი, მაგრამ შევცდი. ჩემს ჭკუაზე გადმოვიდა კი არა, გამაწამა. სულ ვკამათობდით, ვერ ვეგუებოდით ერთმანეთის კაპრიზულ ქცევებს, ის სულ ბიზნესის საქმეებით იყო დაკავებული და მე, ძირითადად, სახლში ვიყავი. მეგობრებთან გართობის სურვილიც დამიკარგა. თუმცა, რაც მინდოდა, ყველაფერი მქონდა. ის ბიჭი კი, ვისაც ვუყვარდი და ასაკით პატარა იყო, თურმე, რომ გაიგო ჩემი გათხოვების ამბავი, ჩაიკეტა, დეპრესიული გახდა და ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა ძლივს გამოიყვანეს მდგომარეობიდან. გავიდა წლები, დღითიდღე ვხვდებოდი, რომ მხოლოდ ფულში არ იყო ბედნეირება, მე ჩემი ხასიათების ადამიანი მინდოდა გვერდით და არა მხოლოდ ფულიანი. შვილიც მეყოლა და მასზე გადავიტანე ყურადღება. ბევრჯერ ისიც ვიფიქრე, ჩემს ქმარს დავშორდები-მეთქი, მაგრამ რომ წარმოვიდგენდი, მარტოს უნდა მეზარდა შვილი, თავს ვიკავებდი. მეტი შვილიც აღარ გავაჩინე. მოკლედ, გავიდა წლები და სრულიად შემთხვევით, სოციალური ქსელით მომწერა იმ ბიჭმა, რომელიც ასე იყო ჩემზე შეყვარებული. ფოტოზე რომ ვნახე, გაზრდილი, სიმპათიური, საკმაოდ დახვეწილი მამაკაცი დამდგარა. მომწერა, როგორ ხარო და მეც ვუპასუხე. გავაბით საუბარი და კიდევ უფრო შემომიტია სინანულის გრძნობამ. დაახლოებით ექვსი თვე გვქონდა მიმოწერა, თუმცა შეხვედრა არ უთხოვია. ბოლოს, ინიციატივა მე გამოვიჩინე და მივწერე, რომ მისი ნახვა მინდოდა. დამთანხმდა. ბავშვი ბაღში დავტოვე, გამოვიპრანჭე და შევხვდი. იმ ერთმა შეხვედრამ წლების წინ დამაბრუნა, ყველა მისი ქცევა და მორთმეული საჩუქარი თუ ყვავილის თაიგული გამახსენა, მის თვალებში ისევ ის გრძნობა ამოვიკითხე და მივხვდი, ძალიან დავაშავე. იმ დღიდან მოსვენება დავკარგე და ქმართან კამათსაც მოვუხშირე. სულ გაღიზიანებული ვიყავი, ვიცოდი, ვისთან მინდოდა ყოფნა და სხვა რეალობაში რომ ვცხოვრობდი, ნერვები აღარ მყოფნოდა. ერთი სიტყვით, ქმარს განვუცხადე, რომ აღარ მიყვარდა, გაშორება მინდოდა და მასთან მხოლოდ შვილის გამო გავაგრძელებდი ურთიერთობას. გაოგნებული კი დარჩა, მაგრამ შეგნებული ადამიანია და ჩემი ნათქვამი ადეკვატურად მიიღო. რა თქმა უნდა, ეჭვიც არ გასჩენია, რომ ამ ყველაფრის მიზეზი, ჩემი წარსულიდან მოდიოდა. დღეს იმ ასაკით პატარა ბიჭის ცოლი ვარ, ვნანობ, რომ ამდენი წელი დავკარგე, მას კი ამხელა ტკივილი მივაყენე და ამბიციურად მოვექეცი. ყოფილ ქმართან კი შვილის გამო ვკონტაქტობ. რაღაცნაირად ხასიათიც შემეცვალა, ბევრი რამ გადავაფასე და მივხვდი, ამ ადამიანს, ვის გვერდითაც ვარ, არასოდეს ვატკენ გულს.
ნინი, 31 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



