დავაშავე, რომ ჩემი ცოლი უცხოეთში გავუშვი, ახლა ვნანობ, მაგრამ გვიანია, უკვე დავკარგე
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 12.03
არავის არაფერს ვაბრალებ, თავად ვარ დამნაშავე იმაში, რაც დამემართა. ცოლი რომ არ გამეშვა უცხოეთში სამუშაოდ, არაფერი მოხდებოდა. არ ვარ ის კაცი, ვისაც შრომა ეზარება, მაგრამ ვერაფერს მოვკიდე ხელი, რომ ოჯახის სარჩენად იმდენი ფული მეშოვა, ელემენტარული არ მომეკლო. ვალი ვალს ემატებოდა და ოჯახს სხვა გამოსავალი არ დაგვრჩა.
ჩემმა ცოლმა საგვარეულო ოქროულიც კი დაალომბარდა, იმ იმედით, რომ მალე გამოისყიდიდა, მაგრამ გაყიდვა მოუწია. როდემდე გვეყოფოდა ის ფული და საბოლოოდ მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ წასულიყო უცხოეთში და იქიდან ერჩინა ოჯახი. იმ პირობით გავუშვი, როცა მე დავიწყებდი სამსახურს და მექნებოდა შემოსავალი, უკან დაბრუნდებოდა, მაგრამ არ გამოვიდა. წასვლიდან ექვს თვეში დაგვეძაბა ურთიერთობა. როცა რეკავდა, ის იქიდან წუწუნებდა, რომ მძიმე სამუშაოს ასრულებდა, მოხუცს უვლიდა და ლამის ჭკუიდან გადასულიყო მისი ყურებით და სისულელეების მოსმენით. მე კი აქედან ვწუწუნებდი, რომ ბავშვებს ვერ ავუდიოდი და სამი ბავშვის მოვლა და დევნა მიჭირდა. ისეთ გაწამაწიაში ვიყავი, რომ სამსახური ვერ დავიწყე და ამიტომ ჩემი ცოლი უცხოეთში საკმაოდ დიდხანს დარჩა. საბოლოოდ, გამოვიდა ისე, რომ ტელეფონით ვკამათობდით და ყოველი ზარი ხმამაღალი საუბრით, თითქმის ჩხუბით სრულდებოდა. რომ ვუყურებდი, ბავშვებს დედა როგორ ენატრებოდათ, გული მიკვდებოდა, მაგრამ გამოსავალს ვერ ვხედავდი. რაც მეტად იზრდებოდნენ, მით მეტი სჭირდებოდათ. მოკლედ, საბოლოოდ, ისე გაცივდა ჩემსა და მეუღლეს შორის ურთიერთობა, რომ განქორწინება მომთხოვა. თავიდან ვიფიქრე, გადაუვლის სიბრაზე-მეთქი და კატეგორიულად რომ მომთხოვა და უარი ვუთხარი, მომახალა: გავიცანი კაცი, რომელიც მზადაა, ცოლად მომიყვანოს, ჩემი სამი შვილიც მიიღოს და საკუთარი შვილებივით ზარდოს. ამიტომ, ჩემი კი არა, ჩემი შვილების გულისთვის ვაკეთებ ამას, შენთან დამბრუნებელი აღარ ვარ და სჯობს, უმტკივნეულოდ მოვაგვაროთ ეს ამბავიო. ამის მოსმენის მერე ისევ ეჭვი მქონდა, რომ მატყუებდა, რომ მის ცხოვრებაში არანაირი მამაკაცი არ არსებობდა და უბრალოდ, ამ ამბავს ჩემს გასაბრაზებლად იგონებდა და ამბობდა. თუმცა, სოციალურ ქსელში რომ დადო იმ კაცთან გადაღებული ფოტოები და ზედ სასიყვარულო ტექსტებიც დააწერა, მერე მივხვდი, ჩემს თავს რაც ხდებოდა. ბოლოს, ჩემს ზარებსაც აღარ პასუხობდა და მხოლოდ ბავშვებს ეკონტაქტებოდა. ცხოვრებაში რომ სასმელი არ მიყვარდა და მხოლოდ დღესასწაულზე ვსვამდი, თანაც რამდენიმე ჭიქას, ისე დავიწყე დალევა, ჭიქასა და ბოთლს ხელიდან ევრ მგლეჯდნენ. ბავშვებიც დაისტრესნენ და რომ არა ჩემი ძმა და რძალი, არ ვიცი, როგორ დასრულდებოდა ეს ამბავი. იმდენი მელაპარაკნენ, ისე დამარწმუნეს, რომ ნელ-ნელა გამოვედი მდგომარეობიდან. კიდევ კარგი, თორემ ბავშვებს გვერდით დედა არ ჰყავდათ და ჩემი ასეთი მდგომარეობით სულმთლად გადაირეოდნენ. ერთი სიტყვით, ჩემმა ცოლმა ჩვენი სიყვარული ფეხქვეშ გათელა, თავმოყვარეობაც შემილახა და მისმა საქციელმა ბავშვების ფსიქიკაზეც საკმაოდ „დამრტყმელად“ იმოქმედა. როგორც გავიგე, ის კაცი საკმაოდ შეძლებული ყოფილა, ცოლ-შვილი ავარიაში მოყოლილა და გარდაცვლილი ჰყავდა. წლები მარტო ცხოვრობდა და ჩემი ცოლი დამატებით რომ ეძებდა დასვენების დღეებში სამუშაოს, რომ მეტი ფული გამოემუშავებინა, სწორედ იმ კაცთან მოხვედრილა. რამდენიმეჯერ დაულაგებია მისთვის საცხოვრებელი. იმ კაცს გამოუკითხავს მისთვის ამბები და შეუთავაზებია მასთან დარჩენა და შვილების იქ ჩაყვანა. მე ვის ვახსოვდი ან ჩემს ცოლს ის სიყვარული სად ახსოვდა, რომელიც ჩემთან აკავშირებდა, ან სანათესაო, რომლებიც დღესაც შოკში არიან და საერთოდ არ აქვთ სურვილი მასთან კონტაქტის. მოკლედ, ახლა ვეღარაფერს შევცვლი, რომც მეხვეწოს არ დავიბრუნებ, არც ვაპატიებ და ყველაზე მეტად ჩემს თავს ვადანაშაულებ და ვნანობ, საერთოდ რომ გავუშვი ასე შორს და ამდენი ხნით. დროს უკან ვეღარ დავაბრუნებ, ისიც ვიცი, რომ მე პირადი ცხოვრება აღარ მექნება, მარტო შვილების სიხარულით ვხარობ და მათ იქ ვიღაც კაცის გასაზრდელად ნამდვილად არ გავატან.
ნუკრი, 49 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





