გულახდილი საუბრები

ჩემს ცოლს ბევრი რამ დავუთმე და ვაპატიე, მაგრამ მაინც მიმატოვა

№5

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 09.02, 2023 წელი

ურთიერთობა
დაკოპირებულია

არასოდეს მიყვარდა ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ ხმამაღლა ლაპარაკი, თანაც, კაცს არ შეშვენის წუწუნი, მაგრამ ახლა მინდა, ჩემი ისტორია სხვისთვის მაგალითი იყოს. ცოლი სიყვარულით მოვიყვანე და მთელი ოცი წელი მისი ერთგული ვიყავი. 

რაც შემეძლო და არ შემეძლო, ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ოჯახის წევრები უზრუნველი მყოლოდა. ჩემი ცოლი არ მუშაობდა. ამბობდა: მირჩევნია, შვილები გავზარდო და ჩემი დრო მათ მოვახმარო, ვიდრე სამსახურში ვიაროო. ხელფასს მას ვაძლევდი და მხოლოდ გზის ფულს ვიტოვებდი. ძმაკაცებთან დროსტარებაზე საუბარიც ზედმეტია. ერთ დღესაც ჩემი ცოლი ატყდა, გინდა თუ არა, თურქეთში უნდა წავიდეო. მეზობლის ქალთან მეგობრობდა, ის წავიდა და ამანაც გადაწყვიტა. დავუშალე, მაგრამ არ გამიგონა: წავალ და თუ ვერ მოვერგე და ფული ვერ ვიშოვე, უკან წამოვალ. ბავშვები უკვე დიდები არიან, თავის თავს მიხედავენ და მეც ჩემი ფული მექნება და გამოგიგზავნითო. ვიფიქრე, ეს იქ ვერ გაძლებს და მალე ჩამოვა-მეთქი და გავუშვი. მთელი სამი წელი იყო იქ და რომ რეკავდა, წუწუნებდა: მოახლედ ვმუშაობ, სახლის საქმეებმა გამწყვიტა წელშიო. თუმცა, ბავშვებს ფულსაც უგზავნიდა და საკმაოდ ბევრ ტანსაცმელსა და საჭირო ნივთებს. კი მიკვირდა, ამდენს რას უხდიან-მეთქი. ჩემი ნათესავი ქალი იყო იმ პერიოდში იქ წასული და იმისგან გავიგე, რომ თურმე, ჩემს ცოლს ვიღაც მდიდარი თურქი კაცი გაუჩენია საყვარლად. არ დავიჯერე, თუმცა იმ ადამიანს არანაირი ინტერესი არ ჰქონდა, რომ მოვეტყუებინე. თვალები დავხუჭე და ვითომ არაფერი გამიგია, ისე დავივიწყე ეს ამბავი. სამი წლის მერე ჩამობრძანდა, საკმაოდ კარგი თანხა ჩამოიტანა და ჰყვებოდა, როგორ გაწყვიტეს წელში მუშაობით. ვიფიქრე, ოღონდ თავის შვილებს მიხედოს, არ ავყვები სხვების სიტყვებს და ოჯახს არ დავანგრევ-მეთქი. მოკლედ, ვაპატიე ღალატი, თუმცა, დარწმუნებით არც კი ვიცი მართალი იყო თუ არა ის, რაც ვიცოდი. დაახლოებით ექვსი თვის მერე, ისევ ატყდა: უცხოეთში უნდა წავიდე, გოგო, კი ბატონო, გათხოვდება, მაგრამ ბიჭი გვყავს, მე რძალს ვერ შევეგუები და ბინის ფულს მოვაგროვებო. ვთხოვე: ნუღარ წახვალ, ხომ ხედავ, ვმუშაობ, არაფერს გაკლებთ, ბინაც საკმაოდ დიდია და დავეტევით ყველა-მეთქი. მაგრამ, არ მოიშალა. დაიწყო საბერძნეთში წასასვლელი საბუთების კეთება და სახლში რომ აღებული თვითმფრინავის ბილეთით დაბრუნდა, რაღაც ვიზამდი? იქაც ორწელიწად-ნახევარი იყო. იქ გაიცნო ვიღაც ქუთაისელი კაცი, რომელსაც ცოლი ჰყავდა გარდაცვლილი. მიმალავდა, არადა, თურმე, მასთან ერთად ცხოვრობდა. მართალია, ფულს უგზავნიდა ბავშვებს და გარკვეულ თანხას ბინისთვისაც ინახავდა, მაგრამ მე რა? ბავშვები გზაზე დააყენა, ბინაც უყიდა, გოგო გათხოვდა, ბიჭმა ცოლი მოიყვანა და ახალ ბინაში გადავიდა. თავადაც აიწყო პირადი ცხოვრება, მე კი დავრჩი მარტო, თავმოყვარეობაშელახული და განადგურებული. მთელი ჩემი ცხოვრება ცოლსა და შვილებს შევალიე და დღეს ისევ მარტოხელა ვარ. ამდენი რამე ვაპატიე ცოლს და მაინც მიმატოვა. ხანდახან თავს ვიდანაშაულებ, იქნებ მკაცრი ქმარი უნდა ვყოფილიყავი, ცოლისადმი მომთხოვნი და მერე დამაფასებდა-მეთქი. მაგრამ, ალბათ, ესეც ბედია.

ნუგზარი, 62 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი