გულახდილი საუბრები

ჩემს პირად ბედნიერებას, შვილის ცხოვრება გადავაყოლე

№35

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 09.09, 2021 წელი

დედის აღსარება
დაკოპირებულია

ვერავინ დამაბრალებს, რომ ცუდი ცოლი ან რძალი ვიყავი. სანამ ის საშინელი დღე დადგებოდა და ავარიის შედეგად ქმარი გარდამეცვლებოდა, მშვიდი და ბედნიერი ოჯახი მქონდა. დედამთილისგანაც და მულისგანაც სულ ვგრძნობდი მათ გვერდში დგომას, სითბოსა და მხარდაჭერას. თუმცა, ჩემი ქმრის დაღუპვის მერე ყველაფერი თავდაყირა დადგა და სრულიად შეიცვალა მათი დამოკიდებულება ჩემდამი, თითქოს მე ვიყავი რამეში დამნაშავე. გარეთ თუ გავიდოდი, მაკონტროლებდნენ, ვის ვხვდებოდი, ბავშვს თუ გავასეირნებდი, შორიდან მადევნებდნენ თვალს, სად მიმყავდა... 

მოკლედ, ჯოჯოხეთური ცხოვრება მქონდა, ვითმინე, ვფიქრობდი, გაუვლით და ყველაფერი დალაგდება-მეთქი, თუმცა, სიტუაცია უფრო და უფრო მწვავდებოდა. მოკლედ, ამომივიდა ყელში და ჩემს ძმასთან გადავედი საცხოვრებლად. იქაც არ დამასვენეს. ბავშვის გარეშე ვერ ძლებდნენ, მოდიოდნენ, მიჰყავდათ და მერე მის უკან დასაბრუნებლად ხვეწნა მჭირდებოდა. ასე გაგრძელდა მთელი ორი წელი. საბოლოოდ გავბედე და საკითხი ასე დავუსვი: ბავშვს მხოლოდ მაშინ წაიყვანდნენ, როცა ჩემი თანხმობა იქნებოდა და ჩემს გაკონტროლებას და პირად ცხოვრებაში ჩარევას მორჩებოდნენ, თუ არა და მე და ჩემს შვილს თვალით ვეღარ გვნახავდნენ. ამაზე, სულ გადაირივნენ, მლანძღეს, მითხრეს: ეს გინდოდა შენც, ქმარი მიწაში ჩააწვინე, გულაობა მოინდომე და ბავშვსაც უნდა დაუნგრიო ცხოვრება. ამის ნებას არ მოგცემთ, ჯერ ისევ ჩვენი ოჯახის წევრი ხარ და სალაპარაკოს არ მივცემთ ხალხს და სანათესავოსი. ამ ამბავში ჩემი ძმაც ჩაერია და საბოლოოდ ისე დავალაგეთ სიტუაცია, რომ გადაწყდა – ბავშვს მხოლოდ შაბათ-კვირას წაიყვანდნენ. ერთ დღესაც ჩემი ძმის თანამშრომლები მოვიდნენ სტუმრად. ერთ-ერთი ბიჭი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა ჩემ მიმართ, მიღიმოდა, თვალს მადევნებდა და ინტუიციურად მივხვდი, მომავალში ჩვენს შორის რაღაც მოხდებოდა. გამართლდა ჩემი ინტუიცია.

ახლა ის ჩემი საყვარელი მამაკაცია, თუმცა შვილთან ურთიერთობა გამიფუჭდა და ჩემს ნახვას ერიდება. არ დამიმალავს, როცა მასთან ურთიერთობა დავიწყე. ჩემმა ძმამაც იცოდა, ჩემმა დედამთილმაც და მულმაც. ხელი არ მოგვიწერია და არც ჯვარი დაგვიწერია, უბრალოდ, ერთად დავიწყეთ ცხოვრება. ბებიამისმა და მამიდამისმა შემომითვალეს: შენ თავში ქვა იხალე, შენსას მიაღწიე და მაგ ბავშვს მაინც ნუ დაგვაშორებ, ერთადერთი ეგღა დაგვრჩა საფიცრად და მოგვეცი ნება, ჩვენთან იცხოვროს, ჩვენ გავზრდითო. არ მინდოდა შვილის ფსიქიკისთვის მიმეყენებინა ზიანი, რადგან მამა ძალიან უყვარდა და სხვა მამაკაცის გვერდით ყოფნა გაუჭირდებოდა. ამიტომ, გადავწყვიტე, ბებიამისთან და მამიდამისთან ყოფილიყო და ჩემთან მაშინ წამოვიყვანდი, როცა მოინდომებდა. გავიდა წლები და ისე გადაუტრიალეს გონება, ვერ მიტანს და ჩემთან კონტაქტიც არ უნდა. სულ ქუჩაში დგას, არც სწავლა უნდა და არც მუშაობა. ძველბიჭობს და მამტყუნებს, რომ სხვა კაცს ვანაცვალე მისი თავი. არადა, არ ყოფილა ასე. პირიქით მინდოდა. რამდენჯერაც ამ თემაზე ვუწყებ ლაპარაკს, იმდენჯერ გამირბის და უხეშად მელაპარაკება. ბებიამისიც მოხუცდა და უთქვამს: ნეტავ არ დაგვეშორებინა დედამისისთვის, სულ აცდა ეს ბავშვი გზას, ციხეში არ ამოყოს თავიო. ვერც მამიდამისი აკავებს, თავის ჭკუაზე დადის და ბიჭობს. გარდატეხის ასაკშია და მეშინია, გზას ისე არ ასცდეს, მთლად დავიღუპო. არადა, არავის უჯერებს და რა გავაკეთო აღარ ვიცი. მე კი ვარ საყვარელი მამაკაცის გვერდით კარგად, მაგრამ შვილის ბედი მკლავს. არც იმის იმედი მაქვს, რომ მალე მოვა ჭკუაზე. ხანდახან ვფიქრობ: ხომ არ ჯობდა, ჩემი თავი დამეტანჯა, იმ ოჯახში მომეთმინა და ამეტანა ყველაფერი და ბავშვი ასეთ გზას არ აირჩევდა-მეთქი. მერე უარვყოფ ხოლმე: იქნებ უარესიც ყოფილიყო, ჩვენს ჩხუბსა და დაპირისპირებებში, დაძაბულ გარემოში უკეთესი როგორ გაიზრდებოდა-მეთქი. აღარ ვიცი, რა ვიფიქრო, ფაქტია, მე ჩემი პირადი მოვიწყვე და შვილი ამას გადავაყოლე. მაგრამ, ღმერთია მოწამე, ასე არ მინდოდა.

თაკო, 39 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი