ჩემს მაზლს ჩემი და შეუყვარდა
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 26.06

არაჩვეულებრივი ოჯახი მაქვს. გამიმართლა და ვამბობდი:
ასეთი ბედნიერი თუ ვიქნებოდი, ვერც კი წარმოვიდგენდი-მეთქი. მაგრამ, ამ ბედნიერებასაც ჰქონია საზღვარი. ყოველ შემთხვევაში, ასე გამოვიდა. მე, ჩემი და, ჩემი ქმარი და მისი ძმა ერთად ვისვენებდით ჩემი მეუღლის ოჯახის აგარაკზე. ჩემი მაზლი უდიდეს პატივს მცემდა და ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ჩემს დას სხვა თვალით შეხედავდა. მეგონა, ჩემი და საკუთარი დასავით უყვარდა. კარგი და-ძმანივით ერთობოდნენ – მდინრეზეც ერთად დადიოდნენ, ტყე-ღრეშიც, მეგობრებშიც და რას წარმოვიდგენდი, თუ ვაჟბატონს სხვანაირი ზრახვები ჰქონდა. შვილი რომ გამიჩნდა, ჩემი და თითქმის ყოველდღე მოდიოდა ბავშვის სანახავად, მეხმარებოდა მის მოვლაში, ასეირნებდა. შევამჩნიე, რომ ჩემი მაზლი, რომელიც ადრე, სამსახურის მერე დროს სულ მეგობრებთან ატარებდა, სახლში გამორბოდა. იმასაც ვფიქრობდი, ალბათ, ბავშვის გამო-მეთქი, მაგრამ აღმოჩნდა, ჩემს დასთან უნდოდა ყოფნა. ისე მოხდა, რომ ჩემი და ერთი კვირა არ გამოჩნდა. დავურეკე და ვკითხე, რატომ არ მოდიხარ-მეთქი. მოიმიზეზა: მგონი, ვირუსი მაქვს, მამცივნებს, ცხვირშიც მიჭერს და ბავშვთან ასე ვერ მოვალო. შევწუხდი და იმ წამლების დალევა ვურჩიე, რომელიც მე მშველის. თურმე, რა გაციება და რა წამალი? ჩემს მაზლს სიყვარული აუხსნია და ამის გამო არიდებდა თავს ჩემთან მოსვლას და ბავშვის ნახვას. ეს ამბავი თავად მომიყვა, მაგრამ დამაფიცა არავის უთხრა, მე თვითონ მოვაგვარებო. რასაკვირველია, ბავშვი დავიფიცე და არავის ვეტყვი, მაგრამ ბრაზი მახრჩობს, როგორ გაუბედა სიყვარულის ახსნა ჩემს დას. ან ჩემი როგორ არ შერცხვა, ან მისი ძმის. ჩემმა ქმარმა რომ გაიგოს, არ ვიცი, რა მოხდება. სულ ვფიქრობ, გამოსავალს ვეძებ და ვერაფერი მოვიფიქრე, გარდა იმისა, რომ ჩემი და დავითანხმო მომცეს უფლება, დაველაპარაკო ჩემს მაზლს. თუმცა, ამის აზრსაც ვერ ვხედავ. ერთხელ თუ ეს გაბედა, რას იზამს ჩემი საუბრის მერე, არ ვიცი. ცოტა ჯიუტი ბიჭია, თავის სიტყვის კაცი რომ ჰქვია ისეთი – იტყვის და მორჩა! ადრე ვაქებდი: ასეთი უნდა იყოს კაცი. ზუსტადაც, რასაც იტყვის, ის უნდა შეასრულოს, უკან არ უნდა დაიხიოს-მეთქი და რა ვიცოდი, თუ ჩემს სიტყვებს ცოტა ხანში ვინანებდი. სხვათა შორის, რაც ჩემი და არ მოდის, ჩემი მაზლიც თვალს მარიდებს. ბავშვი არასოდეს რომ არ გაუსეირნებია, მოჰკიდებს ხელს და უბანში დაატარებს ეტლით. ვიცი მისი ამბავი, ალბათ, ეჭვი აქვს და ელოდება, როდის ჩავალ მეც და ცალკე დაველაპარაკები. აღარ ვიცი, რა გავაკეთო, რა მოვიმოქმედო და რა ვიფიქრო. ჩემი და ძალიან ნაზი და მგრძნობიარე გოგოა, სასწაულად ემოციური და ვიცი, როგორ განიცდის ამ ამბავს. ისიც კი მითხრა: ვნანობ, თქვენთან ერთად რომ წამოვედი აგარაკზე და მასთან ერთად დავდიოდი მდინარეზე, მაგრამ მაშინ არაფერი შემიმჩნევია, ჩემი ძმასავით მივიღე და არ ვიცი, როგორ ან როდის შევუყვარდი, ან საერთოდ, ასეც რომ ყოფილიყო, როგორ გამიბედა თქმაო. ფაქტია, მათი ერთად ყოფნა გამორიცხულია. მაგრამ, არასოდეს აღარ ექნებათ ის ურთიერთობა, რაც ჰქონდათ და ჩემი დაც, ალბათ, ისე ხშირად აღარ მოვა ჩემთან. მშობლებს თუ გამოჰყვება ბავშვის სანახავად, თორემ, ვიცი, მარტო მომსვლელი არ არის. მერე გამახსენდა, აგარაკზე ცეცხლი დავანთეთ და გვიანობამდე შემოვრჩით მე, ჩემი და და ჩემი მაზლი. ჩემი და ყვებოდა შეყვარებული მყავდა და პატარა გაუგებრობის გამო დავშორდიო. იმის მაგივრად, რომ ჩემს მაზლს ეთქვა: უი, რა ცუდია, იქნებ შერიგდეთ თუ გიყვარსო, პირიქით, გაუხარდა: ძალიანაც კარგი, რომ დაშორდიო. მაშინ, არ მესიამოვნა მისი ეს ნათქვამი, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. ახლა კი ვხვდები, რატომაც გაუხარდა. მოკლედ, არ ვიცი, როგორ გაბედა ჩემს დაზე სხვა თვალით შეხედვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სულ მალე მიხვდება და ინანებს, მე კი, მასთან ის დამოკიდებულება აღარ მექნება და ძალიან მწყდება გული.
ლილიკო, 29 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან