გულახდილი საუბრები

ჩემს ბიჭს შეყვარებული ისე ჩამოვაცილე, დღემდე არ იცის, რომ ეს მე გავაკეთე

№19

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 16.05

გულახდილი საუბრები
ოჯახის შესახებ
დაკოპირებულია

გვიან გავთხოვდი და დედა 43 წლის ასაკში გავხდი. ვაჟი შეგვეძინა და მე და ჩემმა ქმარმა ხელისგულზე გავზარდეთ. ვცდილობდით, საუკეთესო განათლება მიგვეცა და მატერიალური თვალსაზრისით მისთვის არაფერი მოგვეკლო.

მადლობა ღმერთს, ფინანსურად არასოდეს გვიჭირდა. სკოლაც წარმატებით დაამთავრა, უმაღლესიც და უცხოეთშიც გავგზავნეთ მაგისტრატურის გასავლელად. არაჩვეულებრივი გარეგნობის ბიჭია და ბევრი გოგონა იყო მასზე შეყვარებული. სულ მეშინოდა, ვისზე შეაჩერებდა არჩევანს. ერთი პერიოდი, საკმაოდ შეიცვალა ხასიათი, ჩაიკეტა, უთქმელი გახდა, ტელეფონს ჩაკირკიტებდა და მივხვდი, ვიღაცით იყო გატაცებული. შემდეგ კი გავიგე, რაც ხდებოდა და კინაღამ ტვინში სისხლი ჩამექცა. გავარკვიე, რომ ის გოგო, რომლის გამოც ასე შეიცვალა, ერთი ჩვეულებრივი, რაიონიდან ჩამოსული სტუდენტი იყო, რომელიც თბილისში ქირით ცხოვრობდა. შეიძლება, სხვა დედებმა გამკიცხონ, მაგრამ რა ვქნა, არ მინდა ჩამოსული რძალი. იმისთვის არ მიწვალია, ჩემოდნებით დამადგეს მისი სანათესავო და თვეობით ჩამისახლდეს. თან, იმდენად გამომწვევად ჩაცმული დადის, ნამდვილად არ მსიამოვნებს, მით უმეტეს, ასეთი ჩემს სახლში და ჩემი შვილის ცოლად ვერ შევეგუები. ერთი სიტყვით, როცა გავიგეთ იმ გოგოს არსებობა, მე და ჩემმა ქმარმა მოვილაპარაკეთ, შვილისთვის გული არ გვეტკინა და ისე გვემოქმედა, რომ გოგო თავად ჩამოცილებულიყო. ვთხოვეთ, სახლში ამოეყვანა და ჩვენთვის გაეცნო. ისეთი ამაზრზენი ჩაცმული მოვიდა, დეკოლტეთი და მოკლე კაბით, რომ მე და ჩემი ქმარი უხერხულობისგან თვალს ვარიდებდით. მშობლებზე და ოჯახზე რომ ვკითხეთ, გაირკვა, დედა სამკერვალოში მუშაობს, მამა ციხეში ზის, ბებია უსინათლოა, ხოლო, პატარა ძმა კი ფიზიკურად მუშაობს რომ ოჯახში ფული შეიტანოს. რასაკვირველია, პატივს ვცემ ყველას შრომას, მაგრამ თოთხმეტი წლის ბავშვის ფიზიკურად მუშაობის ნამდვილად წინააღმდეგი ვარ. თან, მამამისი, თურმე, ქურდობის მუხლით ზის, ახლა კი ციხიდან ოჯახს წერილებს უგზავნის და ფულს სთხოვს. ერთი სიტყვით, რომ წარმოვიდგინე ეს გოგო რძლად, მერჩივნა, მიწა გამსკდომოდა. გარდა იმისა, რომ ვერსად გამოვაჩენდით მის ოჯახს, რადგან თავი მოგვეჭრებოდა საახლობლო, სანათესავო, სამეზობლოში, ჩვენი შესანახი უნდა ყოფილიყვნენ. ერთი სიტყვით, გავაცილეთ თუ არა ის გოგო, მე და ჩემმა ქმარმა, სასწრაფოდ მოვიფიქრეთ გეგმა: ჩვენი შვილი ისევ უცხოეთში უნდა გაგვეშვა სწავლის გასაგრძელებლად ან კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ის გოგო ცალკე დაგვებარებინა და პირდაპირ გვეთქვა, დაენებებინა და ჩამოცილებულიყო ჩვენს ბიჭს. რასაკვირველია, ჩვენი გადაწყვეტილება უცხოეთზე ჩვენი შვილისთვის მოულოდნელი იყო და გვითხრა კიდეც: თუ იმის გეშინიათ, რომ ჯერ ცოლს მოვიყვან, ცდებით, ახლახან დავიწყეთ ურთიერთობა, კარგად გავიცნობთ ერთმანეთს და მერე გადავწყვეტთ ჩვენს მომავალსო. წასვლაზე კი უარი გვითხრა. იმ კვირაშივე გავიგე იმ გოგოს მისამართი, მივადექი, დავუჯექი და წყნარად ავუხსენი, რომ რძლად არ მივიღებდი, არ იყო ჩვენი ოჯახის შესაფერისი და ჩემს შვილს აღარ გაჰკარებოდა. ბოლოს საუბარი, ცოტა მუქარისკენ წავიყვანე, რომ შეშინებოდა, თორემ, ვიცი მე, ახლანდელი ახალგაზრდები როგორი უტიფრებიც არიან. გავაფრთხილე, ჩემი შვილისთვის არ ეთქვა, რომ მე მასთან მივედი. იმ დღის მერე, დაახლოებით, სამი თვე გავიდა და როგორც ვიცი, ჩხუბით დაშორდნენ ერთმანეთს. ალბათ, იმ გოგომ არ უთხრა ჩემზე, თორემ ჩემი შვილი აუცილებლად მეტყოდა, შენი ბრალიაო. დიახ, ჩავერიე ჩემი შვილის პირად ცხოვრებაში და ამის არ მრცხვენია. არ მინდა, ისეთი რძალი შემომივარდეს სახლში, მთელი ცხოვრება თავბედს რომ გვაწყევლინებს. ვფიქრობ, ნამდვილად არ იყო ცუდი, ადრე დედები რომ ურჩევდნენ შვილს საცოლეს. ვიცი, ბევრი გამლანძღავს, შენ რა დედა ხარო, მაგრამ ყველამ თავის გულში ჩაიხედოს.

ნანა, 68 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული